"დღეს შენი ნიშნობის დღე უნდა ყოფილიყო" - ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა: ის ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მძღოლი დაკავებულია.
გარდაცვლილი ახალგაზრდა იკა ქარჩავაა. ის სოფელ ახალი კახათიდან იყო. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მალე დაოჯახებას აპირებდა.
"არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი…მგონია, რომ ჩამოვალ ისევ ისე მომღიმარი სახით დამხვდები და იქიდან გავაგრძელებთ სადაც გავჩერდით…ირანდას ვერ ვურეკავ, არ ვიცი რა უნდა ვთქვა?! განა დატოვე რამე სათქმელი?!როგორ გიხაროდა ბოლოს, რომ გნახე ყველა დეტალი მომიყევი შენი სიყვარულის. მალე მოვიყვან ცოლსო.. დღეს შენი ნიშნობის დღე უნდა ყოფილიყო…ძალიან მწარეა რეალობა. შენს ქორწილში ვაპირებდით ჩამოსვლას და შენს დაკრძალვაზე რა ნამუსით ჩამოვიდეთ?! " - წერს გარდაცვლილის ახლობელი.