"ამერიკელებს კრასიკოვზე ლავროვი სთხოვდა, ეს კაცი გვჭირდება და გაგვიცვალეთო" - რას ამბობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, მისი ძმის მკვლელის ამერიკელ პატიმრებში გაცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე?
როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან და აშშ-სთან დაკავებული პირების გაცვლისას მხოლოდ ვადიმ კრასიკოვის დაბრუნებითაა დაინტერესებული. კრასიკოვი გერმანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსული სახელმწიფო იყო.
გამოცემის წყაროების ცნობით, 2021 წელს, კრასიკოვისთვის განაჩენის გამოტანამდე, პუტინმა თავის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, ემუშავა ისეთ შეთანხმებაზე დასავლეთის ქვეყნებთან, რომლითაც კრასიკოვი რუსეთში დაბრუნდებოდა.
იქიდან მოყოლებული, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებული პირების გაცვლის მოლაპარაკებებზე, მოსკოვის წარმომადგენლები მუდამ აყენებდნენ კრასიკოვის საკითხს.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ანონიმური წყაროების თქმით, კრასიკოვი საკვანძო ფიგურაა აშშ-ის მცდელობებში, დააბრუნოს რუსეთში დაკავებული პირები, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეები — ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის საზღქვაო ქვეითთა ძალების ვეტერანი პოლ უილანი.
გამოცემის წყაროები სხვადასხვა ქვეყნიდან ამბობენ, რომ შესაძლებელია მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა, რომლითაც დასავლეთში დაკავებული რუსები და პირიქით, თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, დასავლეთი განიხილავს გაცვლას დაპატიმრებულ დისიდენტებში, მაგალითად, ნავალნიში.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად დათანხმდება კრასიკოვის ვინმეში გაცვლას გერმანიის ხელისუფლება. ბერლინში ამაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„კვირის პალიტრა“ ზელიმხანის ძმას - ზურაბ ხანგოშვილის დაუკავშირდა ევროპაში, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გერმანულ მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა მისი ძმის მკვლელის ამერიკელ პატიმარში შესაძლო გაცვლის შესახებ, გერმანიის ოფიციოზს განცხადება აქამდე არ გაუვრცელებია:
„მეც გუშინ, პრესის მეშვეობით გავიგე ინფორმაცია, რომ რუსები ითხოვენ კრასიკოვის გაცვლას ვიღაც ამერიკელში. გერმანელების მხრიდან ინფორმაცია ჯერ არ გაკეთებულა. გასული წლის იანვარშიც გავრცელდა გერმანიაში ინფორმაცია, რომ ამერიკელებს კრასიკოვზე ლავროვი სთხოვდა, ეს კაცი გვჭირდება და გაგვიცვალეთო. როგორც ვიცი, ამერიკელების პასუხი ასეთი იყო, მას ჩვენს ქვეყანაში არ აქვს დანაშაული ჩადენილი, ამიტომ ეს საკითხი გერმანელებმა უნდა გადაწყვიტონო. ამერიკელებმაც არ დააძალეს გერმანელებს, გინდა თუ არა, მოგვეციო. მერე გავიგეთ, რომ ეს კრასიკოვი სხვა ციხეში გადაიყვანეს, ჟურნალისტები წერდნენ, თითქოს გასაცვლელად გაიყვანესო, მაგრამ შემდეგ დამიკავშირდა ჩვენი ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. გუშინდელ ინფორმაციაზე ადვოკატი ჯერ არ დამკავშირებია, არც გერმანელ ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ კომენტარი, არ ვიცი, რა იქნება.
გაცვლაზე რა ვთქვა... ჩემთვის, პრინციპში, ის უფრო მისაღებია, ჩემი ძმის მკვლელი მუდმივად თუ იჯდება ციხეში, მაგრამ თუ ამით ვიღაც ადამიანს რუსების კლანჭებისგან იხსნიან, მაშინ არც ესაა პრობლემა. ჩემს ძმას ვერავინ გააცოცხლებს, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრასიკოვი პუტინისთვისაც არასასურველია. ვფიქრობ, მას რუსეთში უარესი დღე ელის, ის რუსებისთვის საჭირო ადამიანი აღარ იქნება. კრასიკოვს სპეცსამსახურების ქსელზე სერიოზული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და სანამ ალაპარაკდება, მას მოიშორებენ. მკვლელი ჯერ-ჯერობით დუმს და ეს რუსებმაც იციან. მათთვის იმიტომაა ის მნიშვნელოვანი, რომ სერიოზული ინფორმაცია არ გაამჟღავნოს. ის უკვე „დამწვარია“ და მათთვისაც უსარგებლო, თუ იქ ჩაიყვანენ, არ გამოვრიცხავ, მოკლან. სამწუხაროდ, გერმანელებს არ აქვთ ალაპარაკების მეთოდები და კრასიკოვს ვერ ათქმევინეს, ვინ მიაწოდა იარაღი, არის თუ არა ამაში ჩარეული რუსეთის საელჩო (მე კი ვარ 99%-ით დარწმუნებული, რომ ზელიმხანის მკვლელობაში რუსეთის საელჩოა ჩარეული, მათ გადასცეს იარაღი, რომელიღაც დიპლომატმა). მან, რა თქმა უნდა, იცის ვინ არიან შავ საქმეებში გარეულნი, ამიტომ სანამ ის ალაპარაკდება და მათ გამოააშკარავებს, სავარაუდოდ, მოკლავენ. რუსებს საშუალება რომ ჰქონდეთ, კრასიკოვს აქ, გერმანიის ციხეშიც მოაკვლევინებდნენ ვინმეს, მაგრამ კარგად დაცულია“.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა. მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს. გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.
(სპეციალურად საიტისთვის)