უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ყირიმთან მდებარე გაზ და ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე კონტროლი დაიბრუნა
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან მდებარე „ბოიკოს კოშკურებად” ცნობილ გაზ და ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე კონტროლი დაიბრუნა.
განცხადებას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
"კოშკურებზე კონტროლის დამყარების უნიკალური ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებმა განახორციელეს, კერძოდ, დავიბრუნეთ კონტროლი საბურღ პლატფორმებზე "პეტრ გოდოვალეც" და "უკრაინა", ასევე თვითამწე დანადგარებზე "ტავრიდა" და "სივაშ". ოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა ფასეული ტროფეებიც აიღეს: არამართვადი საავიაციო რაკეტების ტიპის საბრძოლო მასალა და რადიოსალოკაციო სადგური "ნევა", რომელსაც შავ ზღვაში გემების მოძრაობაზე თვალთვალი შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ „ბოიკოს კოშკურების“ ოკუპაცია რუსული ჯარის მიერ 2015 წელს მოხდა, ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ისინი სამხედრო მიზნით გამოიყენებოდნენ, კერძოდ, ვერტმფრენთა მოედნებად და რადიოსალოკაციო სადგურების განსათავსებლად.
"ინტერპრესნიუსი"