"დამაბრალეს, თითქოს თეირანის კონფერენციაზე მარშალ ტიმოშენკოს დავარტყი" - სტალინის ერთ-ერთ უიშვიათესი ინტერვიუ, რომელიც მასთან ამერიკელმა ჩაწერა
მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და არც იოსებ სტალინია ცოცხალი, თუმცა მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არასდროს მცირდება. სტალინის ერთ-ერთი უიშვიათესი ინტერვიუ, რომელიც ჰაროლდ სტასენთან შედგა, 1947 წლის 9 აპრილით თარიღდება. დიდი ბელადი მინესოტის ყოფილ გუბერნატორს, ჰაროლდ სტასენს პოლიტიკურ საკითხებსა და ცენზურაზე ესაუბრა.
სტასენი 1945 წელს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სწორედ აქ გაიცნო საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელმაც ის საბჭოთა კავშირში მიიწვია. სტასენს სტალინთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა და ამის შესახებ მოლოტოვს უთხრა. მოლოტოვი კი, რა თქმა უნდა, ზუსტ პასუხს სტალინთან შეთანხმების გარეშე ვერ მისცემდა... ორი წლის შემდეგ ეს ინტერვიუ მართლაც შედგა. არავინ იცის, ზუსტად რატომ დასთანხმდა ამ ინტერვიუს სტალინი, თუმცა ამბობენ, რომ სტასენი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და, შესაძლოა, 1948 წლის არჩევნებისთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატიც გამხდარიყო.
გთავაზობთ ფრაგმენტებს სტალინის ინტერვიუდან (იმ სტილით, როგორი სტილითაც გამოქვეყნდა ის მაშინდელ საბჭოთა პრესაში):
"სტასენი დიდ პატივისცემას გამოხატავს იოსებ სტალინის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ და აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში საინტერესო მოგზაურობა ჰქონდა, ის ინტერესდებოდა ომის შემდეგ ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობით. სტასენის აზრით, მოქალაქეთა ცხოვრების დონეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებაში. მისი აზრით, აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა ომის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება. სტასენი აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემები განსხვავებულია. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დაფუძნებულია სოციალისტურ საწყისებზე და მის განვითარებაზე კომუნისტური პარტია ზრუნავს. აშშ-ში კი თავისუფალი ეკონომიკა და კერძო კაპიტალია. სტასენს აინტერესებს, რას ფიქრობს სტალინი, შეუძლია თუ არა ამ ორ ეკონომიკურ სისტემას იარსებოს ერთსა და იმავე მსოფლიოში და შეძლებენ თუ არა ომის შემდეგ თანამშრომლობას.
როგორც სტალინი აღნიშნავს, "რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ თანამშრომლობა. მათ შორის განსხვავებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან საუბარია მათ თანამშრომლობაზე. აშშ-ისა და გერმანიის ეკონომიკური სისტემები ერთნაირია, თუმცა მათ შორის ომი დაიწყო. საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის სისტემები განსხვავდება, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ეომებოდნენ, არამედ - ომის დროს თანამშრომლობდნენ. თუ ორი განსხვავებული სისტემა ომის დროს თანამშრომლობდა, რატომ არ შეიძლება მათ ითანამშრომლონ მშვიდობის დროს? რა თქმა უნდა, მოიაზრება ის, რომ თუ იქნება თანამშრომლობის სურვილი, ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა სტალინმა სტასენთან საუბრისას.
სტასენი დაინტერესდა, ომის დასრულების შემდეგ, როცა გერმანია და იაპონია დამარცხდა და შეიცვალა სიტუაცია, თუ არის შესაძლებელი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის თანამშრომლობა, თუ იქნა ამის სურვილი?
როგორც სტალინი აღნიშნავს, „პირველად, ორი სისტემის თანამშრომლობის შესახებ ლენინმა განაცხადა. ლენინი ჩვენი მასწავლებელია, ჩვენ კი - საბჭოთა ხალხი - ლენინის მოსწავლეები. ჩვენ არასდროს გადაგვიხვევია ლენინის სწავლებებისგან. შესაძლოა ვთქვი, რომ კაპიტალისტურ სისტემას არ სურს თანამშრომლობა და ეს არა შესაძლებლობას, არამედ - სურვილს უკავშირდება. რაც შეეხება საზოგადოებისა და კომუნისტური პარტიის სურვილს თანამშრომლობის შესახებ - სურვილი არსებობს. უდავოა, რომ ასეთი თანამშომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“.
როგორც სტალინმა აღნიშნა, მას არც ერთი გამოსვლისას არ უთქვამს, რომ ორი სისტემის თანამშრომლობა შეუძლებელია, არც 1937 წლის პლენარულ სხდომაზე. სტალინმა თქვა, რომ "არსებობს კაპიტალისტური გარემო და საბჭოთა კავშირზე თავდასხმის საფრთხე. თუ ერთ მხარეს არ სურს თანამშრომლობა, ეს ნიშნავს, რომ არსებობს თავდასხმის საფრთხე და ნამდვილად, გერმანია, რომელსაც არ სურდა თანამშრომლობა - თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. შეეძლო საბჭოთა კავშირს გერმანიასთან თანამშრომლობა? რა თქმა უნდა, მაგრამ გერმანელებმა ეს არ ისურვეს. როგორც ხედავთ, ეს სურვილს ემყარება და არა - შესაძლებლობას. თუ ერთ მხარეს არ აქვს თანამშრომლობის სურვილი, შედეგად მივიღებთ კონფლიქტს, ომს“ - აღნიშნა სტალინმა ინტერვიუში.
სტასენი საბჭოთა კავშირის ლიდერთან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ადამიანთა გაცვლას, მათ შორის - უცხოელი კორესპონდენტების საბჭოთა კავშირში შეშვებასა და ცენზურასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, გამოცემა New York Herald Tribune-ს ჰქონდა სურვილი, კორესპონდენტი მოსკოვში ჰყოლოდა, თუმცა უარი მიიღო, ეს უარი კი აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთგაგების არარსებობის ერთ-ერთი მიზეზია.
სტალინმა აღნიშნა, რომ "ნამდვილად იყო შემთხვევა, რომ ჟურნალისტს არ მისცეს ვიზა. მაგრამ ეს გაუგებრობაა და საერთოდ არ უკავშირდებოდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკას. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამერიკელ კორესპონდენტთა ნაწილი უარყოფითადაა განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ".
სტალინმა კორესპონდენტთან დაკავშირებით ერთი შემთხვევაც გაიხსენა:
"თეირანში კონფერენცია გაიმართა, სადაც მეგობრულ ატმოსფეროში კარგი საქმე გაკეთდა. ერთმა ამერიკელმა კორესპონდენტმა გაგზავნა შეტყობინება, რომ თეირანის კონფერენციას მარშალი ტიმოშენკოც ესწრებოდა, რომელიც სინამდვილეში იქ არ იყო. თითქოს სტალინმა მარშალ ტიმოშენკოს სადილზე დაარტყა. ეს ხომ უხეში ცილისწამებაა? უნდა შევაქოთ ეს კორესპონდენტი? თეირანის კონფერენციის მონაწილეები ჩერჩილის 69 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ და ღონისძიებას ჩერჩილი, ბრუკი და კიდევ 30 ადამიანი ესწრებოდა, მათ შეუძლიათ დაამოწმონ, რომ ეს შემთხვევა არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, კორესპონდენტმა გაგზავნა თავისი შეთხზული შეტყობინება და ეს აშშ-ის პრესაში დაიბეჭდა. შეიძლება ასეთ კორესპონდენტს ვენდოთ? ჩვენ არ ვთვლით, რომ ამაში დამნაშავე აშშ ან მისი პოლიტიკაა. მაგრამ ასეთი ინციდენტები არსებობს და ეს ცუდ დამოკიდებულებას ქმნის საბჭოთა ადამიანში“, - აღნიშნა სტალინმა.
სტასენის თქმით, თუ არ იქნება ცენზურა, ეს უფრო გააადვილებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, სტალინმა კი უპასუხა, რომ ცენზურის გარეშე საბჭოთა კავშირში რთული იქნება.
„საბჭოთა კავშირში რთულია ცენზურის გარეშე. მოლოტოვმა ეს რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არ გამოვიდა. გასული წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირში ცენზურა შეწყდა, კორესპონდენტებმა კი დაწერეს, რომ თითქოს მოლოტოვმა აიძულა სტალინი დასასვენებლად წასულიყო, შემდეგ კი დაწერეს, რომ როცა სტალინი დაბრუნდება, მოლოტოვს გააგდებსო. კორესპონდენტებმა ამგვარი საქციელით საბჭოთა ხელისუფლება თითქოს ზოოპარკად წარმოაჩინეს. საბჭოთა მოქალაქეები აღშფოთდნენ და ცენზურის შემოღება ისევ გახდა საჭირო", - აღნიშნა სტალინმა ინტერვიუში. (წყარო)