"გამსახურდია თამაშიდან უნდა გავიდეს" - შევარდნაძე-ელცინის ფარული გარიგება და პოლიტიკური მკვლელობების სერია საქართველოში - კვირის პალიტრა

"გამსახურდია თამაშიდან უნდა გავიდეს" - შევარდნაძე-ელცინის ფარული გარიგება და პოლიტიკური მკვლელობების სერია საქართველოში

ფრედ ვუდროფის მკვლელობა მალევე დავიწყებას მიეცა, რაც ამერიკელების პოზიციამაც განაპირობა. 10 აგვისტოს თბილისის აეროპორტში აშშ-ის ცსს-ის ახლად დანიშნული დირექტორის, ჯეიმზ ვულზის პირადი თვითმფრინავი დაეშვა. ამერიკის "პირველ მზვერავს" სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე, საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის უფროსი ირაკლი ბათიაშვილი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგე გელა ჩარკვიანი და აშშ–ის ელჩი საქართველოში კენტ ბრაუნი დახვდნენ. ჯეიმზ ვულზს ვუდროფის მკვლელობის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს, რითაც საგონებელში ჩააგდო შევარდნაძე. აშშ–ის ადმინისტრაციამ "ბრმა ტყვიით შემთხვევითი მკვლელობის" ვერსია ოფიციალურად მიიღო. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიურო წლების მანძილზე აგრძელებდა გამოძიებას. საქართველოს კი თავისი პრობლემები ემატებოდა: აფხაზებმა (ფაქტიურად რუსეთმა) დაარღვიეს 27 ივლისს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და 1993 წლის 16 სექტემბერს, რუსეთის სამხედრო ნაწილების მხარდაჭერით, ჩვენს პოზიციებს შეუტიეს. ამ ტრაგედიის სამწუხარო ფინალი ყველამ ვიცით. აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა აშკარად პრორუსული გახდა.

"კრემლი" გამსახურდიას ფაქტორს შევარდნაძეზე ზემოქმედებისთვის მანამ იყენებდა, სანამ "თეთრმა მელამ" საქართველო დსთ–ში არ შეიყვანა და რუსეთის აგენტურა მინისტრების პოსტებზე არ დანიშნა. 1993 წლის 11 ოქტომბერს, ყველა ქვეყანისთვის ორ სტრატეგიულ პოსტზე – უშიშროებისა და შსს-ს მინისტრებად, შესაბამისად, იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია დაინიშნენ. ექვსი თვის შემდეგ, 1994 წლის 26 აპრილს, ყველა ქვეყნისთვის სასიცოცხლო – თავდაცვის მინისტრის პოსტი, მაშინდელმა პრეზიდენტმა ვარდიკო ნადიბაიძეს ჩააბარა. სამივეს მჭიდრო კავშირი რუსეთთან მაშინაც კარგად იყო ცნობილი. უფრო ადრე, 1993 წლის 20 აგვისტოს, შევარდნაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ოთარ ფაცაცია დანიშნა, რომელსაც ასევე „თბილი“ ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან. მოსკოვი ამაზე არ გაჩერდა: ის აქტიურად ერეოდა ასევე საფინანსო–ეკონომიკური ბლოკის მინისტრების დანიშვნაშიც. შევარდნაძე იძულებული იყო მოსკოვის კარნახით ეწარმოებინა საკადრო პოლიტიკა, რათა საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. შევარდნაძის მიერ 1993 წლის შემოდგომაზე მიღებული სტრატეგიული მნიშვნელობის იძულებითი პოლიტიკური და საკადრო გადაწყვეტილებები შევარდნაძე–ელცინის ფარული გარიგების ერთი ნაწილი იყო, რომლის შესრულების შემდეგ რუსეთმა შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო მეთაურად აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვმა ჩათვალა, რომ გამსახურდია "თამაშიდან უნდა გასულიყო" და, ჩემი აზრით, დაეხმარა გიორგაძე–კვირაიას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციაში. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ ისედაც ეჭვიანი შევარდნაძის მდგომარეობა: სამთავრობი დაცვის სამმართველოს უფროსი ელდარ გოგოლაძე, ვუდროფის მკვლელობის შემდეგ, დიდ სკანდალშია გახვეული. მისი უშუალო უფროსი, იგორ გიორგაძე "რუსეთის კაცია", თავდაცვის მინისტრი, ჯერ კიდევ "ბატკა" –კიტოვანია, ჯაბა და მისი "მხედრიონი" კი ძლიერდება და ძლიერდება. სამეგრელოს რაიონებში "ზვიადისტები" პარტიზანულ მოქმედბებზე გადასვლას გეგმავენ – ვისღა უნდა ენდოს "ბაბუ"?

მით უფრო იმ სიტუაციაში, როდესაც მკვლელობა–მკვლელობას მოსდევდა. გავიხსენოთ 1994 წელს თბილისში მომხდარი ყველაზე რეზონანსული მკვლელობები. 20 აპრილს დილით, საკუთარ სახლთან დაცვის წევრებთან ერთად, ავტომატებიდან გასროლით მოკლეს პოლიციის გენერალ-მაიორი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გულუა. 1994 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში (!!!), ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა დემურ დვალიშვილმა. ეს ვერსია დღესაც ბევრ კითხვებს ბადებს, რადგანაც გარდაცვლილს "კომპრომატების სკივრი" (ეროვნული ბანკიდან გატანილი კრედიტების აღრიცხვის ჟურნალი) ჰქონდა და დვალიშვილის სიკვდილით ბევრი იყო დაინტერესებული. 1994 წლის 3 დეკემბერს, საკუთარ სახლთან მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია, ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი პოლიტიკოსი.

იმ წლებში შევარდნაძეს ჯერ კიდევ ჰქონდა ბრძოლის ჟინი და გამჭრიახი გონება: განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირადი ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა დგებოდა. ამიტომაც "ბაბუმ" ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო: შევარდნაძემ იგორ გიორგაძეს ფაქტიურად "ხელიდან გამოაცალა" სამთავრობო დაცვის სამმართველო და ახალი სპეცსამსახური შექმნა, რომელიც უშუალოდ მას დაექვემდებარებოდა. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის № 124 განკარგულებით საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური (სდს). თავად შევარდნაძე აკონტროლებდა სდს–ს კადრებით დაკომპლექტების საკითხს. ამ გასამხედროებული (!!!) სამსახურის უფროსად „ბაბუმ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, პოლკოვნიკი ვახტანგ ქუთათელაძე დანიშნა, რომელიც ჯერ კიდევ 1980–იან წლებში საქართველოს სსრ სუკ–ის "სამთავრობო დაცვის" დანაყოფის უფროს ოფიცრად მსახურობდა. ფაქტია, რომ არა პირადი ნდობა, შევარდნაძე ამ პოსტზე ქუთათელაძეს არ დანიშნავდა. ახალ სპეცსამსახურში გადავიდა ყველა ის ოფიცერი, ვისაც იგორ გიორგაძესთან მუშაობა არ სურდა. დარწმუნებული ვარ, მათმა უდიდესმა ნაწილმა პატრიოტული სულისკვეთების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. სდს თანდათან ძლიერდებოდა და შევარდნაძის დახმარებით ფუნქციებიც ემატებოდა: საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 4 აგვისტოს № 45 ბრძანებულებით სამთავრობო დაცვის სამსახურს გადაეცა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის ფუნქციები. ხოლო სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 13 ნოემბრის № 231 განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს ნება დაერთო ყოველწლიურად 100 წვევამდელი გაეწვია სავალდებულო სამსახურში. არსებული ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა თანამდებობებიდან გადაეყენებინა რუსეთის ინტერესების გამტარებელი მინისტრები: იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია. ედუარდ შევარდნაძე კი აგრძელებდა მხოლოდ მისთვის ცნობილი სვლების გაკეთებას საქართველოს "ჭადრაკის დაფაზე": მას ჯერ კიდევ ორივე, გიორგაძეც და კვირაიაც სჭირდებოდა. ეს კი მალევე გამოჩნდა.

jaba-1694467393.jpg
სჭირდებოდა ორივე, გიორგაძეც და კვირაიაც. ეს კი მალევე გამოჩნდა.

1995 წლის 13 იანვარს, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, იმჟამად კი პარლამენტის წევრმა თენგიზ კიტოვანმა, რამდენიმე ავტობუსით აფხაზეთის "ახალი დალაშქვრა" მოინდომა, თუმცა მალევე იგორ გიორგაძის სპეცრაზმმა შეაჩერა და დააკავა. სასამართლომ კიტოვანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ტრიუმვირატის" კიდევ ერთი წევრი, თენგიზ სიგუა, "ბაბუმ" კერ კიდევ 1993 წლის აგვისტოში „დააშამათა“, როდესაც შევარდნაძის მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არ დაამტკიცა და სიგუა იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

თუმცა ყველაზე დრამატული მაინც ჯაბა იოსელიანთან "განშორება" აღმოჩნდა. ორივემ მოასწრო მემუარების დაწერა და კარგად ჩანს, რომ მათ, მართლაცდა გარკვეული პიროვნული სიმპათია ჰქონდათ ურთიერთის მიმართ. თუმცა იმდენად უნდოდათ პირველობა, რომ ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცნენ.

1995 წლის 29 აგვისტო - იმ პერიოდის საქართველოს ორი, ყველაზე გავლენიანი პიროვნებისთვის სხვადასხვანაირად დაიწყო და უცნაურად დასრულდა კიდეც. დილით პარლამენტის სხდომაზე კვლავ გაჰკრეს კბილი ერთმანეთს: შევარდნაძე პრეზიდუმიდან მოძღვრავდა დეპუტატებს, ჯაბა კი დარბაზიდან ქილიკობდა. შემდეგ "იმელის" შენობაში საკუთარ კაბინეტებს მიაშურეს. იმ დღეს გეგმები სრულიად განსხვავებული ჰქონდათ:"ბაბუ" ყოფილ პიონერთა სასახლეში კონსტიტუციის ხელისმოწერის საზეიმო ცერემონიას უნდა დასწრებოდა, ჯაბას კი საღამოს შვიდი საათისთვის გოგირდის აბანო ჰქონდა შეკვეთილი: ის პრინციპულად არ ცნობდა ახალ კონსტიტუციას და შევარდნაძის მოსალოდნელი გაპრეზიდენტება ახალი დიქტატურის დასაწყისად მიაჩნდა. არც ერთმა იცოდა, რომ ის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა მათ ცხოვრებაში: ერთი კიდევ რვა წლით გაიხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას, მეორე კი ხუთი წლით "ჩვეულ გარემოს" დაუბრუნდებოდა.

შევარდნაძე მემუარებში, "ფიქრი წარსულსა და მომავალზე" , ამგვარად იხსენებს 29 აგვისტოს საღამოს: "10-15 წუთით ადრე იმ გასასვლელიდან ჩავედი ეზოში, რომლითაც ყოველთვის ვსარგებლობდ ხოლმე . დახურულ ეზოში უცხო მანქანა "ნივა“ შევნიშნე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, დაცვამ კი ალბათ იფიქრა "მხედრიონის" ან სხვა თანამშრომლის თუ არისო. . . ის იყო მანქანა დაიძრა ჭიშკრისკენ და ზემოხსენებულ "ნივას" გაუსწორდა, რომ აფეთქების გამაყრუებელი ხმა გაისმა . . .. ჩვენი მანქანის საბარგულს ცეცხლი გაუჩნდა . . . . შენობის ეზოდან ქუჩამდე სულ რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, საოცარია, რომ არავინ გვესროდა. გასისხლიანებულებმა ეს მანძილიც გადავირბინეთ, მანქანებში ჩაგვსვეს და საავადმყოფოში წაგვიყვანეს. სხვათა შორის ჭკუა იხმარეს: რაკი შეიძლება კიდევ განმეორებულიყო თავდასხმა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გადაგვიყვანეს და არა იქ, სადაც ინსტრუქციით იყო გათვალისწინებული“.

ახლა ჯაბა იოსელიანსაც მოვუსმინოთ: "თამაზი (თანაზ ფანჩულიძე, "წესრიგა", ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი – ბ.ა.) ჩადის, ამზადებს მანქანებს და დაცვას. ვდგები, დამსწრეებს ვემშვიდობები, უნდა გავიდეთ. კვლავ რეკავენ აბანოდან. გია მეფისაშვილი ელაპარაკება, მეც წუთიერად შევყოვნდი. უცებ გამაყრუებელი და გულისშემძვრელი აფეთქების ხმა. კედლები სკდება, სურათები ცვივა, ტალღა სავარძელზე მაგდებს, ყურები მიბჟუის. "კიდევ ამაფეთქეს", - გამიელვა თავში. მისაღებში წივილ-კივილია. რა ხდება? დერეფანში გავრბივარ. ეზოდან ბოლი ამოდის. ეზოს კართან ფაციფუცია. შევარდნაძე გადიოდა და ის ააფეთქეს. გადარჩა: მსხვერპლი არ არის". აფეთქების შემდეგ ჯაბა იოსელიანს, შევარდნაძისა და მისი თანამგზავრებისგან განსხვავებით (ვ. რჩეულიშვილი და პ. მამრაძე) საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია.

srola-1694467687.jpg

აფეთქების შემდეგ შევარდნაძის შავი ფერის "ვოლგას" ცეცხლი მოედო, მძღოლმა და დაცვამ მოასწრეს და დროულად გადმოიყვანეს ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან შევარდნაძე, რომლის კარებიც დეფორმირების შემდეგ არ იღებოდა. პირადი დაცვის წევრებმა ედუარდ შევარდნაძე სდს–ს თეთრი ფერის "ვაზ–07" გადასვეს და რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ დიდი სიჩქარით გაემართნენ.

ამ დროს შს მინისტრი შოთა კვირაია "იმელის" შენობასთან, რუსთაველის პროსპექტზე წინ და უკან გამწარებული დარბოდა და თავის მოადგილეს ისტერიულად უყვიროდა "ბაბუ სად არის, ბაბუ სად არისო“. მანაც არ იცოდა, თუ რომელ საავადმყოფოში წაიყვანეს შევარდნაძე.

შევარდნაძეს ავტომობილის მინის ნამსხვრევებმა მცირედით დაუზიანა სახე, მას კონტუზიაც არ მიუღია და საავადმყოფოში კონტაქტური იყო. წნევა, რომ გაუზომეს იკითხა: "რამდენია?" , ექიმი ამშვიდებდა: "ისეთი არაფერი" (ჩუმად კი ჩაილაპარაკა –166 –ია).

შეგიძლიათ თავად ნახოთ ისტორიული კადრები რესპუბლიკური საავადმყოფოდან: (ინტრვიუს ვიდეოს ლინკი https://www.facebook.com/watch/?v=542411467024779). შევარდნაძე მაისურის ამარა ზის ტელეკამერის წინ, სახეზე და ხელებზე ნაკაწრები ეტყობა. ირგვლივ ოჯახის წევრები და "კარის ვაზირები" ახვევია. სწორედ მაშინ თქვა შევარდნაძემ ისტორიული”ფრაზა: "აფეთქებაც კი არ იციან ამ საცოდავებმა".

შევარდნაძემ საავადმყოფოს პალატიდანვე მისცა პირველი შეფასება მომხდარ ტერაქტს: "ძალიან უნდათ აქციონ საქართველო ტერორისტულ ქვეყნად და მაფიები გაბატონდნენ, მაფიებმა მართონ ქვეყანა. ვერ მიიღებენ ამას. ვერ ეღირსებიან! საქართველოს მართავს კანონიერი პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები და საქართველოს მართავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მორჩა, გათავდა – მაფიები და კრიმინალები საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რაც არ უნდა გააკეთონ". კარგად ხედავთ ხომ, ვის ბოსტანში ისვრის „ბაბუ“ მოზრდილ „ქვებს“: შევარდნაძის რისხვა პირდაპირ ჯაბა იოსელიანისკენაა მიმართული. „კრიმინალები და მაფიები“ – ეს პირდაპირი მინიშნებაა „შინაურზე“ : ტერაქტი „მხედრიონმა“ და ჯაბამ მოაწყვესო! რატომღაც შევარდნაძემ იმთავითვე გამორიცხა გარე ძალების (რუსეთის) შესაძლო მონაწილეობა ამ თავდასხმაში.

(მესამე ნაწილის დასასრული)