ვინ აიძულებდა გიორგი მარგველაშვილს გადადგომას და გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ახალი ლიდერი?! - გია ხუხაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

ვინ აიძულებდა გიორგი მარგველაშვილს გადადგომას და გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ახალი ლიდერი?! - გია ხუხაშვილის ანალიზი

„ქართული ოცნება“ ალიბს იქმნის, რომ მერე რუსეთის ხელისუფლებასთან თავი იმართლოს, სხვა ლოგიკა არ აქვს ამ პოლიტიკური გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას“, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა - მას საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია. მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ ღარიბაშვილის უარი უგულვებელჰყო და მთავრობის მხარდაჭერის გარეშე გამართა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, პოლიტიკური კულუარებიდან არაერთმა ინფორმაციამ გამოჟონა. ერთ-ერთი კულუარული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო გუნდი თვეების განმავლობაში ახორციელებდა ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილზე, რომ მას პრეზიდენტის პოსტი საკუთარი ნებით დაეტოვებინა. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გია ხუხაშვილი გვიზიარებს.

- იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე უკვე ცხადი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ამ თამაშს ვერ მოიგებდა. ვერც მოიგებს! ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ შედის „ქართული ოცნება“ წინასწარ წაგებულ თამაშში? იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ახლა მმართველი გუნდი ვალდებულია აუცილებელი სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესი განახორციელოს, სასაცილოა. როცა უნდათ მაშინ არღვევენ ნებისმიერი კანონს. სხვას ვერაფერს ვფიქრობ, დარჩა მხოლოდ ერთი ვერსია, ე.ი. „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული რუსეთის ხელისუფლების წინაშე, დათმობის პოლიტიკის ფარგლებში, ამაში ხელს უშლის სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად, მმართველი გუნდი ცდილობს, საკმაოდ ოდიოზური ფორმით დაუმტკიცოს მოსკოვს, რომ თავად პირობას კი იცავენ, მაგრამ ზურაბიშვილი გამოსულია მათი კონტროლის ზონიდან. იმის დასამტკიცებლად, რომ პუტინთან ორმაგ თამაშს არ აწარმოებენ, წამოიწყეს ეს ხმაურიანი ტაშ-ფანდურა.

- სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის შესახებ რა იცით?

- მე ამ ამბის უშუალო მომსწრე არ ვარ, არც შესაბამისი დოკუმენტური მასალა არ მინახავს. შესაბამისად, ჭორაობას ვერ დავიწყებ

- როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ვანო მაჭავარიანმა თქვა, "ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე გიორგი მარგველაშვილს მოსთხოვა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა, რისი მიზეზიც მთავრობასა და პრეზიდენტ მარგველაშვილის შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. . მაჭავარიანის თქმით, მაშინ ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლი დავით უსუფაშვილმა შეასრულა. ამასთან, როგორც მაჭავარინი ირწმუნება, იგივე გაუკეთეს ნინო გვენეტაძეს. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ურჩიეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა რამ მოეფიქრებინა, რომ გადამდგარიყო...

- მე ვიცი, მაშინ რაც მოხდა. ყველამ იცოდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, დიახ, გადადგომაზეც იყო საუბარი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ეს ყველაფერი ვანო მაჭავარიანის ინტერპრეტაცია მგონია. მე სხვაგვარად ვიტყოდი, როდესაც, მარგველაშვილს რაღაც დაბრკოლებებს უქმნიდნენ, მას შეიძლება ეთქვა, რომ ასეთ პრეზიდენტობას მირჩევნია გადავდგე.

- ეს თქვენი ვერსიაა თუ დადასტურება შეგიძლიათ?

- შემიძლია დავადასტურო. რაც შეეხება, უსუფაშვილს, ის პირიქით, ცდილობდა საქმე არ მსულიყო პრეზიდენტის გადადგომამდე.

- თქვენი ვერსიით, როგორი გაგრძელება ექნება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს?

- ეს ამბავი გახდება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. რატომ? იმიტომ ეს საჩუქარია ოპოზიციისთვის, პოლიტიკური პროცესის დინამიკის თვალსაზრისით. "ქართული ოცნებისთვის" კი ამას კარგი არაფერი არ მოჰყვება. დავუკვირდეთ, ვნახოთ რა მოხდება, საინტერესოა შესაძლებს თუ არა ოპოზიცია ამ შესაძლებლობის გამოყენებას.

- სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო შეხვედრები ოპოზიციონერ ლიდერებთან. "ლელოს", პარტია "საქართველოსთვის" და "ევროოპტიმისტების" წარმომადგენლობი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძილა. საწინააღმდეგო მოსაზრებებს არც „ნაციონალები“ აფიქსირებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ლიდერად ვიხილოთ?

- არა მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი დღეს ძალიან სწორ პოზიციაზეა და პოლიტიკური კონიუნქტურაც და ხელისუფლების შეცდომები მის პოზიციებს აძლიერებს, ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური კონსოლიდაციის მიღწევას ვერ შეძლებს. რატომ? იმიტომ, რომ თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე ძალიან სერიოზული შეცდომების დაშვება მოასწრო. გარდა ამისა, ვერც თავად ზურაბიშვილს ვერ ვატყობ, რომ ამის დიდი სურვილი ჰქონდეს.

- რა გიქმნით განცდას, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი სურვილი არ აქვს?

- მას ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობის“, არამედ კიდევ რამდენიმე სხვა პარტიის მიმართ. შესაბამისად, ის გამაერთიანებელ ლიდერად ვერ გამოდგება. თუმცა, თუ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას გადაწყვეტს, ის უდაოდ შეძლებს მონახოს საკუთარი ნიშა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)