"ოჯახის შექმნისას ადამიანს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს... ინფანტილური ტიპები ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ, რადგან თავის დროზე მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს დედა, მამა ან ოჯახი იღებდა"
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ, სტრესულ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან საერთო ენის გამოძებნა უჭირთ, ურთიერთობები კი - დაძაბული და ცივია.
ჩვენს მკითხველს სწორედ ამ საკითხზე ესაუბრება ცნობილი ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე:
- თანამედროვე სამყაროში ურთიერთობების დეფიციტი მართლაც იგრძნობა. ცოცხალი კონტაქტები ვირტუალურმა ჩაანაცვლა და ადამიანები სოციალური ქსელით ულოცავენ ერთმანეთს დაბადების დღეებს, სამძიმარსაც სოციალური ქსელით ეუბნებიან - ეს თანამედროვე ცხოვრების რიტმმა მოიტანა.
- ბატონო ზურაბ, ზოგჯერ, ოჯახის წევრებსაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ერთი მხარე უფრო მეტს თმობს... თქვენი აზრით, რა შეიძლება აპატიო ძვირფას ადამიანს და რა - არა?
- დათმობა ერთგვარი სტრატეგიაა, რომ შეინარჩუნო ის, რაც გაქვს. ვინც თმობს, მას ეს უღირს, რადგან ურთიერთობას უფრთხილდება. ის ფიქრობს, რომ რასაც დაკარგავს, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. დავანებოთ თავი ოჯახურ ურთიერთობებს: დავუშვათ, ცუდი უფროსი გყავთ, რომელიც გამუდმებით ნერვებს გიშლით. თქვენ თმობთ იმიტომ, რომ დაკარგავთ საარსებო წყაროს - ხელფასს და სამსახურს. ამ შემთხვევაში, თქვენთვის სამსახური უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე - სიმშვიდე. მოკლედ რომ ვთქვათ, დათმობა - ეს არის ტაქტიკა, რომლითაც ადამიანი ცდილობს, შეინარჩუნოს ან მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი, ღირებული რამ. ეს კარგად გააზრებული, ლოგიკური ნაბიჯია.
- მაინც, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ჰარმონია შევინარჩუნოთ?
- ერთ ადამიანს მეორისთვის სასიამოვნო, დადებითი ემოციები უნდა მოჰქონდეს. როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ მეორე ადამიანზე ან რა ემოციები მოგაქვთ მისთვის, ამაზეა დამოკიდებული თქვენი ურთიერთობის მომავალი. ამიტომ, თუ ადამიანს სურს, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს და უფრო ჰარმონიული გახადოს, უნდა დაფიქრდეს, როგორი ემოციები დაუტოვა მეორე მხარეს. თუ ვიღაცის ხსენებაზე უარყოფითი ემოცია გეუფლება, მასთან ურთიერთობის სურვილიც გიქრება, რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია.
- ქართველი ქალები ხშირად მეუღლის ღალატზეც თვალს ხუჭავენ, რაც ევროპაში იშვიათად ხდება, როგორია თქვენი, როგორც ფსიქოლოგის აზრი ამის თაობაზე?
- საიდან მოიტანეთ ინფორმაცია, რომ ევროპაში ოჯახის შესანარჩუნებლად ნაკლებს თმობენ? თუ ადამიანი ფიქრობს, რომ უპატიებლობის შემთხვევაში, მეუღლეს დაკარგავს, თუ ეს ოჯახი და ურთიერთობა მისთვის ძვირფასია, მაშინ დათმობს, ამით შეიძლება შეცდომას უშვებდეს, მაგრამ ასე ურჩევნია, ის დარწმუნებულია, რომ პატიებით უფრო ნაკლებად დაზიანდება, ვიდრე - უპატიებლობით. ამის თაობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
- სამაგიეროდ, მამაკაცები ღალატს თითქმის არასდროს ჰპატიობენ... თქვენი შეფასებით, როგორია და როგორ ყალიბდება ქართველი კაცის ფსიქოტიპი?
- დრო გადის და რაღაცები იცვლება, მაგრამ ყველა კულტურას აქვს თავისი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც რჩება და საუკუნეებს უძლებს. თუ ქართველს სხვა ეროვნების ადამიანს, თუნდაც, ბალტიელს ან სკანდინავიელს შევადარებთ, მაშინვე შევამჩნევთ, რომ ის მათგან მკვეთრად განსხვავებულია. ჩვენი სამყაროს მთელი ხიბლი სწორედ ამ განსხვავებასა და უნიკალურობაშია. ეთნიკურ განსხვავებაში ცუდი არაფერია. განსაკუთრებული არაფერია იმაშიც, რომ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მამაკაცები თუ ქალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ქართველები უფრო სამხრეთული ტიპის ხალხია. ჩვენ ესპანეთთან, იტალიასთან და სამხრეთის ქვეყნებთან უფრო ახლოს ვართ, ჩვენი კულტურაც რადიკალურად განსხვავდება სხვა ერების კულტურისა და ტრადიციებისგან, რაც ბუნებრივია. არავისთან დამსგავსება საჭირო არ არის - ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა არის საკითხები, რომელშიც ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ერთმანეთს ჰგავს.
მაგალითად, ცხოვრების თანამგზავრის არჩევა: დასავლეთის ქვეყნებშიც, როდესაც ტარდება გამოკითხვა და რესპონდენტებს უსვამენ შეკითხვას - რა თვისებების მიხედვით აირჩევენ მომავალ მეუღლეს, უმრავლესობა აქცენტს სტაბილურობასა და სიმშვიდეზე აკეთებს. სტაბილური პარტნიორი და მშვიდი ურთიერთობა გადამწყვეტი ფაქტორია, როდესაც მამაკაცი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს. ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობას გულისხმობს. ამ დროს ადამიანები გაცილებით მეტ ნიუანსს ითვალისწინებენ და მეტს ფიქრობენ, ვიდრე - ორკვირიანი რომანის დროს.
- საქართველოში ოჯახის შექმნას დედის გარეშე ძალიან ცოტა მამაკაცი რისკავს, რადგან დედის აზრი გადამწყვეტია.
- ეს კარგი სულაც არ არის: ადამიანი ზრდასრული რომ ხდება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს. შეიძლება ყველა ახლობელი ადამიანის აზრი გაითვალისწინოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ხშირად, სხვაგვარად ხდება და ასე ყალიბდება ჩვენს ხალხში ძალიან უსიამოვნო და არასწორი თვისება - ინფანტილიზმი. ინფანტილური ადამიანები ყველაფრის მიზეზს გარეთ ეძებენ, რაც უნდა მოხდეს, სხვებს ადანაშაულებენ, რადგან თავის დროზე მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს დედა, მამა ან ოჯახი იღებდა. ვიმეორებ: ზრდასრულ ადამიანს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს, თუნდაც ეს გადაწყვეტილება მცდარი იყოს და ძვირადაც დაუჯდეს. ეს არის თვისება, რომელიც მას მოზარდისგან გამოარჩევს.
- და ბოლოს, რას იტყოდით იმ აგრესიაზე, რომელიც ჩვენს ხალხში იგრძნობა? - ხომ არ განაპირობა ეს პანდემიის უმძიმესმა პერიოდმა?
- აქაც ვერ დაგეთანხმებით: ამოიღეთ ძველი ვიდეოები და ჩანაწერები, შეადარეთ ახლანდელს და ნახავთ, რომ ადამიანები ყველა ქვეყანაში გაუცხოვდნენ, უფრო ჩაკეტილები გახდნენ. ეს მარტო ჩვენთან არ ხდება - გაუცხოება და აგრესია ჩვენი ეპოქის ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებებია. ამას წინათ სრულიად შემთხვევით ვნახე ვიდეო, რომელიც ლონდონში იყო გადაღებული: ძველი კადრები საოცრად ფერადი და ხალისიანია - კადრში მოჩანს წითელი, ყვითელი, თეთრი მანქანები, ხალხიც გაღიმებული და კმაყოფილია... მერე კი, ახლანდელი კადრებიც აჩვენეს: ქუჩებში შავი ან ნაცრისფერი მანქანები და ხალხი, რომელიც არ იღიმის... ქალაქიც, თითქოს, ნაცრისფერი და უფერულია. ასე რომ, მარტო ქართველების განწყობა და ხასიათი არ შეცვლილა, პირიქით, სამხრეთის ქვეყნებში დეპრესიული განწყობა შედარებით ნაკლებად იგრძნობა.
რაც შეეხება კოვიდის წლებს - პანდემიამ და სტრესმა შეიძლება რაღაც გაამწვავა ან რაღაცის პროვოცირებას შეუწყო ხელი, მაგრამ რაც არ არსებობს, იმის გამწვავება და პროვოცირება როგორ შეიძლება? - გამოდის, რომ უკეთესი სიტუაცია წინა წლებშიც არ ყოფილა.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)