სტალინის მიერ პაპისთვის მიცემულ ჭურვებს შვილიშვილი პუტინს უბრუნებს? - კიმ ჩენ ინი კრემლთან "საუკუნის გარიგებისთვის" ემზადება
ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავისი ჯავშანმატარებლით უკვე ჩავიდა ვლადივოსტოკში და ხვალ იქ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.
ამ ორი, სანქცირებული ქვეყნის ლიდერ-დიქტატორების მოლაპარაკებების შედეგებს გაფაციცებით ელოდებიან მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - აშშ-ში, რადგან ამან შეიძლება, ძალზე ბევრი რამ შეცვალოს, მათ შორის - უკრაინის ფრონტზეც...
საქმე ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანმა ომმა გახანგრძლივებული სახე მიიღო და მებრძოლი მხარეების გამოფიტვისკენ მიდის, როდესაც მთავარი ხდება ის, თუ ვისი ეკონომიკა და რეზერვები "გატყდება" პირველი და რომლის გაუძლებს ბოლომდე...
უკრაინის ზურგს უკან თითქმის მთელი ნატო და სხვა ქვეყნებიც დგანან, რუსეთს კი ღია სამხედრო დახმარებას აქამდე მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკა თუ უწევდა, "შაჰიდის" კამიკაძე-დრონებით, მაგრამ თუკი საარტილერიო ჭურვებით რუსეთის არმიის მასობრივად მომარაგება თავის თავზე აიღო ჩრდილოეთ კორეამ, მაშინ ძალზე ბევრი რამ შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ომში...
"ჭურვების შიმშილის" პრობლემის დადგომისთანავე რუსეთმა დაიწყო საარტილერიო საბრძოლო მასალების დამატებით მოძიება მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავის დროზე მოსკოვმა საბჭოთა სტანდარტის არტილერიის არსენალი შეუქმნა.
ასეთ ქვეყნებს შორის კი ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩრდილოეთ კორეაა, რომელსაც 70 წლის წინ 1950-53 წლის კორეის ომში დაუმარცხებლობის საშუალება, სტალინის ბრძანებით, კიმ ჩენ ინის პაპისთვის - კიმ ირ სენისთვის გაგზავნილმა დიდძალმა საბჭოთა სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის - არტილერიამ მისცა.

მას შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეას ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია შეიარაღების წარმოება, უფრო მეტიც, კომუნისტური კორეა მსოფლიოს მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელსაც ბირთვული იარაღი გაუჩნდა და ამასთან, უკვე აქვს საკონტინენტთაშორისო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან 8 ათას კმ-ზე უფრო მეტად დაშორებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსაც სწვდებიან...
ჩრდილოეთ კორეას ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი აქვს მილიონობით სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ჭურვი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტა, რომელთა კალიბრები, გასაგები მიზეზის გამო, საბჭოთა სტანდარტისაა და უპრობლემოდ მიდის უკრაინის ფრონტზე, რუსეთის არმიის მიერ გამოყენებულ საარტილერიო დანადგარებზე - ნაღმსატორცნებზე, ქვემეხებზე, ჰაუბიცებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე.
ფხენიანი ისედაც გარიყული ჰყავს მსოფლიოს და კიმ ჩენ ინს დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ამერიკელები დიდად ვეღარ შეაშინებენ. ის, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელებს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის და, შეიძლება, თავად საბრძოლო ტექნიკის მიყიდვასაც ... ან, სულაც, ხორბალში გაცვლას...
მართალია, ჩრდილო-კორეამ ბოლო წლებში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია თანამედროვე შეიარაღების, მათ შორის - სტრატეგიული დანიშნულების, შექმნა-წარმოებაში, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ელემენტარული საკვები პროდუქტების დიდ დეფიციტს განიცდის.
კიმ ჩენ ინმა ერთი, 152 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი შოიგუს არმიას, ვთქვათ, ათას დოლარადაც რომ მიჰყიდოს, ეს ფხენიანის სავალუტო რეზერვებს მნიშვნელოვნად შეავსებს, რადგან კომუნისტურ კორეას საარტილერიო ჭურვების დიდძალი მარაგი აქვს დაგროვებული.
თუკი უკრაინის ფრონტზე ასი ათასობით კორეული ჭურვი გამოჩნდა, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების სასარგებლოდ...
თუმცა სადარდებელი, უკრაინელების გარდა, დასავლეთსა და, პირველ რიგში - აშშ-ს და იაპონიასაც გაუჩნდება, რადგან რუსეთისთვის მიყიდული ჭურვების სანაცვლოდ მიღებული დოლარებით კიმ ჩენ ინი თავის დამშეულ მოსახლეობას კი არ დააპურებს, არამედ - კიდევ უფრო გააძლიერებს სარაკეტო-ბირთვულ არსენალს…
ხვალ სწორედ ვლადივოსტოკში გადაწყდება, გამოუჩნდება თუ არა უკრაინის ომის ჭაობში ჩაძირულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს არსენალში დამატებით ასი ათასობით ჩრდილოეთკორეული ჭურვი და უმართავი რაკეტა, ხოლო ეს თუ მართლაც მოხდა, დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მოუწევს, სასწრაფოდ გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოების ტემპები და არა მარტო უკრაინის არმიის მოსამარაგებლად, არამედ საკუთარი არმიების მარაგების შესავსებადაც, რადგან კაცმა არ იცის, რა გაგრძელება მოჰყვება რუსეთ-უკრაინის დღევანდელ ომს...