"კლონირებული დოლი კაცობრიობის საკეთილდღეოდ შეიქმნა და არა - მის შესაცვლელად" - ვინ იყო მეცნიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება XX-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა - კვირის პალიტრა

"კლონირებული დოლი კაცობრიობის საკეთილდღეოდ შეიქმნა და არა - მის შესაცვლელად" - ვინ იყო მეცნიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება XX-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბერში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა იენ უილმუტი, ემბრიოლოგი, რომელიც ერთ-ერთია იმ მეცნიერთა შორის, რომელთაც პირველი კლონირებული ძუძუმწოვარი, ცხვარი დოლი შექმნეს.

პროფესორი იულმუტი როსლინის ცხოველთა შემსწავლელ ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც მისმა ნაშრომებმა ღეროვანი უჯრედების შესწავლას ჩაუყარა საფუძველი.

მეცნიერების ეს მიმდინარეობა შეისწავლის სიბერეში განვითარებულ დაავადებებს და ქსოვილებს რეგენერაციასა და დაკარგული ფუნქციის აღდგენაში ეხმარება.

მეცნიერ უილმუტის მემკვიდრეობაა მედიცინის ისეთი დარგი, როგორიცაა რეგენერაციული მედიცინა. ამ დარგს სამომავლოდ უდიდეს პოტენციალს უწინასწარმეტყველებენ, რადგან სწორედ ამ დარგის წყალობით შეძლებენ ადამიანები მომავალში დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას.

კლონირებული ცხვარის, დოლის შექმნა კი XX-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი სამეცნიერო მიღწევაა.

პროფესორი იულმუტი იმ მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომლებიც გარდაცვლილი ცხვრის უჯრედებს შეისწავლიდა, რათა გენეტიკურად იდენტური ცოცხალი ორგანიზმი შეექმნათ.

დოლი დედალი ცხვარია, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც ზრდასრული სომატური უჯრედისგან წარმატებით განხორციელდა. მისი კლონირება შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში მოხდა, სადაც ცხვარი სიკვდილამდე 6 წელი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ პრესაში დოლის შესახებ ინფორმაცია, მისი დაბადებიდან მხოლოდ 7 თვის შემდეგ, 1997 წლის 22 თებერვალს დაიწერა.

როგორ მოხდა ყველაფერი?

დოლის ექსპერიმენტი ცოცხალი ორგანიზმის კლონირების პირველი ექსპერიმენტი იყო, რომელიც ზრდასრული ცხოველის ორგანიზმიდან მოხდა.

კლონირების ტექნოლოგია შემდეგში მდგომარეობდა: ზრდასრული ქსოვილის დნმ ცხვრის ცარიელ კვერცხუჯრედში მოათავსეს. შემდეგ მასზე ელექტრონულად და ქიმიური რეაგენტებით იმოქმედეს, რამაც მეცნიერები ზრდასრული დნმ-ის „გაახალგაზრდავებამდე“ მიიყვანა, რომელიც შემდეგ ემბრიონად იქცა. ემბრიონი სუროგატ ცხვარში გადაიტანეს, რომელმაც კლონირებული ცხვარი დროზე ადრე შვა.

მეცნიერების ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როცა ახალი გამოგონებები რაღაც უდიდესის საწყისია და ხანდახან ისინი ყველაფერს ცვლიან. კლონირებული ცხვრის დაბადება სწორედ ასეთ უდიდეს მიღწევად ითვლება.

ეს ექსპერიმენტი მართლაც წარმოუდგენელ სამეცნიერო მიღწევად იქცა. თუმცა, 25 წლის წინ შექმნილმა კლონირებულმა ცხვარმა საზოგადოებაში შიში და შფოთი გამოიწვია, რომ შემდეგი ადამიანი იქნებოდა.

ea2bbe4f-c37d-4fc6-ab89-d8d6ed9ced6a-1694516213.jpg

ადამიანის კლონირება

ცხვრის წარმატებულად კლონირების შემდეგ, მეცნიერებს გაუჩნდათ იმედი, რომ ამ ექსპერიმენტს ადამიანზეც წარმატებით განახორციელებდნენ.

იმ პერიოდში ადამიანთა აღშფოთებას მაშინდელი აშშ-ის პრეზინდეტი ბილ კლინტონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანთა კლონირებაზე ექსპერიმენტი აკრძალულია.

„ამ ტექნოლოგიას შეუძლია პოტენციურად დარტყმის ქვეშ დააყენოს წმინდა ოჯახური კავშირი, ჩვენი საზოგადოების იდეალების საწყისი“, - განაცხადა კლინტონმა.

„თუმცა დოლის შემქმნელთან შეხვედრისას, სწრაფადვე მივხვდი, რომ ის არ არის ექიმი ფრანკენშტეინი. ეს თავმდაბალი და მორიდებული ადამიანი თავს უხერხულად გრძნობდა, როცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამ ღია დისკომფორტის მიუხედავად, ის სავალდებულოდ თვლიდა აეხსნა, რომ დოლი კაცობრიობის საკეთილდღეოდ შეიქმნა და არა მის შესაცვლელად. მან მომითხრო, რომ იმედოვნებს აღმოაჩინოს ისეთი წამალი, რომელიც დამაუძლურებელ დაავადებებს განკურნავს.

მან მითხრა, რომ იდეალურ შემთხვევაში სურს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიღოთ პაციენტის ორგანიზმის უჯრედი, რომელიც, მაგალითად, პარკინსონითაა დაავადებული და დავაბრუნოთ ის ემბრიონულ მდგომარეობამდე და ნაცვლად იმისა, რომ მას მივცეთ განვითარების საშუალება პაციენტის კლონში, ეს ემბრიონალური ღეროვანი უჯრედები შეიძლება ნერვულ უჯრედებად იქცეს, რომელიც ტვინის დაზიანებულ უჯრედებს ჩაანაცვლებს“, - ვკითხულობთ BBC-ს სტატიაში.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს და კლონირების გარეშე, ხელოვნურად შექმნეს უჯრედები, რომლებიც ისეთივე თვისებით ხასიათდებიან, როგორც ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედები.

მეცნიერ იენ იულმუტის შექმნილი კლონირებული დოლის ექსპერიმენტი კი მეცნიერების ქვაკუთხედად იქცა, იულმუტმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ამ ექსპეტიმენტით რევოლუცია მოახდინა. (წყარო)