"ქალაქის 25% გაქრა" - საშინელი ტრაგედია ლიბიაში: მხოლოდ ერთ ქალაქში ქარიშხალმა 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ერთ ქალაქში, დერნაში 1000-ზე მეტია, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, დერნას დიდი ნაწილი, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 100 000 ადამიანს შეადგენს, ორი კაშხლისა და ოთხი ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, წყლითაა დაფარული.
„ყველგან ცხედრებია. არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა, ძალიან ბევრი შენობა ჩამოინგრა“, - განუცხადა სააგენტოს ლიბიელმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში 10 000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, ძალიან მაღალია.
ქარიშხალმა, ასევე, დააზარალა აღმოსავლეთის ქალაქები ბენღაზი, სოუსა და ელ-მარჯი.
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლიბიაში, რიჩარდ ნორტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ლიბიას გაერო-ს პარტნიორებთან და ლიბიის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ქმედებით, დახმარებას გაუგზავნის . დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის: ეგვიპტემ, გერმანიამ, ირანმა, იტალიამ, კატარმა და თურქეთმა.
"ინტერპრესნიუსი"