"თურმე, ერთი პატარა ბიჭი გულამოსკვნით ტიროდა, ჩემი ძმაკაცი დაიღუპაო... ყველას მეგობარი იყო" - გურამ თიკანაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა
"ის რომ გვერდით მყოლოდა, სხვანაირად ვიცხოვრებდი და გაცილებით უკეთესიც ვიქნებოდი" - გურამ თიკანაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე, ჩემი გმირის (მისი საპირწონე მეორე გმირიც მყავს, მისივე მეგობარი გურამ რჩეულიშვილი) - ალპინისტისა და ფოტოგრაფის, გეოლოგისა და მოკრივის, მამაცი და უშიშარი გურამ თიკანაძის დაბადების დღეა! დღეს იგი 91 წლის გახდებოდა, არადა, მეორე გურამივით ისიც ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა, ისიც ტრაგიკულად - 30 წლისა, 1963 წლის 27 აგვისტოს, შხარას მთავარი მწვერვალიდან დაშვებისას!
ოდესღაც მურმან ლებანიძის ლექსად ნათქვამი კი ჩემთვის ლეგენდად იქცა:
"...გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,/ რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:/ საკუთარ ხელით პალო დაუგია,/ საკუთარ პალოზე მომწყდარა.../ ცოცხლისგან საყვედური აუგია - /თოკი ერთადერთი ჩაუბია -/ თავი სიმამაცით წაუგია,/ ვოი-ვო,/ სიმამაცით მომკვდარა!"
წლების განმავლობაში შხარაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და სულ ვნატრობდი მასთან შეხვედრას. რამდენიმე წლის წინ შევხვდი კიდეც, როდესაც მეგობრებთან ერთად უშგულში მოვხვდი. უშგულის სახელწოდებას, თურმე, „უშიშარ გულს” უკავშირებენ. ჩემი რომანტიკული გმირიც უშიშარი იყო. უშგული შხარას ძირშია განფენილი და ჩვენი სახლიც შხარას ძირში აღმოჩნდა. მახსოვს, როგორ გავიარეთ მეგობრებმა ორღობე და სულმოუთქმელად ავირბინეთ აღმართი, სადაც ლამარია და მის მიღმა დიდი საოცრება - უღრუბლო, მზით სავსე შხარა გველოდებოდა - საქართველოს უმაღლესი მწვერვალი. შხარას სილამაზემ დამამუნჯა და... გურამის სიკვდილი ვაპატიე - მივხვდი, რომ გამორჩეულმა გამორჩეული ვერ დათმო!
გაინტერესებთ, გურამი როგორ გავიცანი? - ოდესღაც აწ განსვენებულმა დიდმა პოეტმა მურმან ლებანიძემ "გამაცნო" ჩემს დაბადებამდე გამოცემული თავისი პაწაწკინტელა წიგნით და მოგონებებით. ლექსების მოყვარული, რომანტიკოსი სკოლის მოსწავლე ვიყავი, ერთ მშვენიერ დღეს პროზა-პოეზიის ეს კრებული, შინ რომ აღმოვაჩინე და მას შემდეგ იმდენი ვფურცლე, სულ გაიცრიცა. მაინც საგულდაგულოდ ვინახავ, თვალსაჩინოდ...
"მწარედ შემეკუმშა გული და ნერვები მომეფუშა, მაგრამ უმალ მხნეობას ვუხმე და გურამთან შესახვედრად მოვემზადე. ავტობუსიდან რომ გადმოვედი და ხალხის ზღვაში აღმოვჩნდი, ჭიანჭველად ვიქეც და თითქოს რაღაც წამართვესო, - გული დამწყდა: ეცერიდან მთელ გზაზე თავი პირველ ჭირისუფლად მიმაჩნდა, ამ წუთიდან კი მთელი სვანეთი მეცილებოდა მეგობარს..."
მურმან ლებანიძე, "წერილები ჩემი კოშკებიდან"
ფაქტია, რომ მთასა და ბარში ყველას საიმედო მეგობარი იყო, მთელი საქართველოსთვის - უთბილესი და მოსიყვარულე, ხუჭუჭი თმითა და ულამაზესი მწვანე თვალებით. სხვადასხვა თაობის ადამიანებმა წლების განმავლობაში მასზე მოთხრობილი ამბებით, ლექსებითა და წერილებით ავკინძეთ და წარმოსახვით შევქმენით ერთი გამორჩეული ვაჟკაცი ქართველის
- "კოხტა გურამ თიკანაძის" პორტრეტი. ის არათუ თავისი თაობის, თაობების კერპად იქცა - მოგზაური და მთამსვლელი, მოთხილამურე და მოკრივე, უმახვილესი თვალის მქონე ფოტოგრაფი და ჟურნალისტი...
გაცილებით სრულყოფილი კი ეს პორტრეტი მისი ქალიშვილისთვის იქცა... უბედნიერესი ვიყავი, წლების წინ ქალბატონი ია თიკანაძე რომ გავიცანი. თავად ერთი წლის იყო, მამა რომ დაეღუპა და, შესაბამისად, იგი არც ეხსომებოდა, ამიტომაც ჩავეკითხე, პირველად როდის და როგორ "შეხვდით" თითქმის უცნობ მამას-თქო?
მახსოვს, მითხრა: "ვერ გეტყვით, სხვების მონათხრობით წარმოვიდგინე თუ მართლა მახსოვს კადრი, მის პანაშვიდზე როგორ დავდე სასახლესთან ყვავილი. მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ყველგან და ყველასთვის გურამ თიკანაძის ქალიშვილი ვარ. ბავშვობიდან მიუთითებდნენ, გურამის შვილიაო და მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ. ვგრძნობდი, მამასადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. მამა კარგი ფოტოხელოვანი იყო, საინტერესო ხედვით და - თანამედროვე, არა მარტო იმ წლებისთვის, დღევანდელობისთვისაც კი. მისი ნამუშევრები საზღვარგარეთაც იფინებოდა, ხშირად იმარჯვებდა კიდეც. კოლეგები უეჭველად შეაფასებდნენ მის შემოქმედებას, მაგრამ, ალბათ, იმხანად ამას ვერ აღიქვამდნენ მისი მეგობრები, ვერც ის ადამიანები, საქართველოს სოფლებში გზადაგზა რომ ხვდებოდნენ და მათ და მათი შვილების ფოტოებს ფირზე რომ აღბეჭდავდა. რომ გავიზარდე, მამის "ნაკვალევის" ძებნაში, უპირველესად, მის გასაოცარ ბუნებას გადავაწყდი: მას ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალური უნარი ჰქონდა".
თურმე, გურამი (რაკი ჩემს გმირად მიმაჩნია, ასე მოვიხსენიებ ხოლმე) 5 წლის ბავშვთანაც მეგობრობდა და 80 წლის მოხუცთანაც. რომ დაღუპულა და უშგულში ჩამოუსვენებიათ, ერთი ძალიან პატარა ბიჭი მჯდარა იქვე და გულამოსკვნით ტიროდა. რა გატირებსო? - უკითხავთ და, - ჩემი ძმაკაცი დაიღუპაო, - უპასუხია...
კვლავ ია თიკანაძის ნაამბობიდან:
"მამას განსაკუთრებული რეგალიები არ ჰქონია და მხოლოდ გვიან მივხვდი - მისი მთავარი რეგალია "კაცობა" და დიდი სიყვარულის ნიჭი იყო. ამიტომ შეიყვარეს ძალიან, თორემ სვანეთიც ბევრს გადაუღია და უკეთესადაც და მთაც ბევრს დაულაშქრავს მეტი წარმატებით. და კიდევ, მისი ცხოვრების შესწავლით იმასაც მივხვდი, რომ მამა თავისი ქვეყნისა და ხალხის მოყვარე ახალგაზრდა კაცის სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ".
ქალბატონ იას ვკითხე, - როდის განიცადეთ, როდის გეტკინათ ყველაზე ძალიან, ასეთ მამას რომ არ იცნობდით-მეთქი? მიპასუხა, - მთელი ცხოვრების განმავლობაში მტკივა. ახლა კი - უფრო მეტად. რასაკვირველია, ის რომ გვერდით მყოლოდა, მეც სხვანაირად ვიცხოვრებდი და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესიც ვიქნებოდი. ვიცი, რომ ძალიან უყვარდა ბავშვები, საოცრად ყურადღებიანი იყო ოჯახის წევრებისადმი, ნათესავებისადმი, ყველასადმიო.
ია თიკანაძის ნაამბობიდან:
"დედას - ირინა მათიაშვილს და მამას, ფაქტობრივად, ცოტა ხანს მოუწიათ ერთად ცხოვრებამ, მაგრამ ვიდრე იყვნენ, დედა ყველგან დაჰყავდა, თურმე - ღონისძიებებზე, მეგობრებთან, წვეულებებზე. ასევე, ყველგან თან დაჰყავდა თავისი და - რუსუდანი და - დედაც კი. ხომ ძალიან პატარა ვიყავი, მეც არ მიცილებდა გვერდიდან. მისი მეგობარი მიამბობდა: მახსოვს, მის თეთრ "ვოლგაში" ვისხედით კარგა ხანს, ვსაუბრობდით და უცებ რაღაც შეირხა. უკანა "სიდენიას" გავხედე და შენ იყავი მიწოლილი, მძინარეო. სულ მთლად ჩვილი, 2-3 თვისა შიშველი გავუყვანივარ თოვლში. მერე ქალებს აუტეხავთ ერთი ამბავი. ასე მაკაჟებდა ხოლმე. ერთხანს მოხევეებთან გაძიძებასაც გიპირებდაო, - მითხრეს. ეგ კი არა, თეთნულდას დარქმევა უნდოდა ჩემთვის და ჩანს, გადამარჩინეს. მაინც თვითონ დამარქვა სახელი. ია დედას ეწერა, თურმე, პასპორტში... საოცარი ადამიანი იყო და - სიყვარულში უსაზღვრო. ვერაფრით ვხვდები, როგორ ასწრებდა ყველაფერს. თითქოს, მართლაც ასწრებდა..."
ქალბატონი ია თმითა და თვალებით ძალიან ჰგავს მამას. დამიდასტურა კიდეც, - კი, ძალიან ვგავარ. სხვათა შორის, მამას თვალების სილამაზე და კარგი შესახედაობა განსაკუთრებით გარუჯულს ეტყობოდა. ერთხელ, მთიდან დაბრუნებულისთვის დედას კარი რომ გაუღია, ელდა სცემია, ისეთი შესახედავი ყოფილაო.
არანაკლებ ლამაზი თვალები აქვს ქალბატონ ირინა მათიაშვილს. წლების განმავლობაში ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ტელევიზიის დერეფნებში და მართლაც ულამაზესი ქალბატონია. ზოგადად, გურამი და ქალბატონი ირინა შესანიშნავი წყვილი იქნებოდა. დავინტერესდი. სად გაიცნეს ერთმანეთი და აღმოჩნდა, ძალიან რომანტიკულ ადგილას შეხვედრილან - ბაკურიანში და შეჰყვარებიათ კიდეც ერთმანეთი. ქალბატონი ია მიამბობდა, - მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მამა უკვე ნამდვილი მამაკაცი ყოფილა, საქმიანი და შრომისმოყვარე. სხვათა შორის, მამის დღიურებს, წერილებს ძალიან გვიან, რამდენიმე წლის წინ გავეცანი. მანამდე ვერ ვეკარებოდი, რადგან ძალიან მძიმედ აღვიქვამდი ყველაფერს, რაც მის პირადულს ეხებოდაო. ვერ მოვითმინე და ქალბატონ იას მაინც ვკითხე, - ნუთუ არასდროს გაბრაზებულხართ შხარაზე, რომელმაც მამა წაგართვათ-თქო? - პირიქით, თითქოს მშობლიურად აღვიქვავ, არადა, ერთ-ერთი მრისხანე მთაა კავკასიონის მთიანეთში. ასევე, მშობლიურია ჩემთვის ივდითი ნიჟარაძის სახლი უშგულში, სადაც მამა ცხოვრობდა ხოლმე და უკანასკნელი გასვლის წინაც იქ ეძინა. დღემდეა იქ მამას კუთხე ფოტოებითა და მისი საწოლით. სხვათა შორის, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მაჩვენეს ნიჟარაძეების ეზოში ის ადგილი, სადაც მამა იყო დასვენებული და... ამან ძალიან იმოქმედა. ასევე, ძალიან იმოქმედა იმ ადგილის ნახვამ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ყოფილ გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქციაში, სადაც გურამის პანაშვიდები გაიმართა. ეს ადგილები მთრგუნავს, შხარა კი, პირიქით - რატომღაც მიზიდავს კიდეცო. კიდევ ვერ მოვითმინე და ვკითხე, - წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა გურამ თიკანაძე დღეს, ჩვენს რეალობაში-მეთქი? დაფიქრდა და, - აუცილებლად ახალგაზრდული შემართებით და საინტერესოდ იცხოვრებდა და... დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი დონის, მსოფლიოში ცნობილი ფოტოხელოვანი იქნებოდა...
ვფიქრობ ხოლმე: მამა, გურამ რჩეულიშვილი და კიდევ ბევრი მათნაირი ქართველი რომ არ გამოგვკლებოდა ნაადრევად, შეიძლება დღეს უკეთესი საქართველოც გვქონოდა... ძალიან ხშირად ავდივარ სვანეთში, პირველად კი მეექვსე-მეშვიდე კლასში სწავლისას მოვხვდი. მახსოვს, ვიღაც პატარა ბიჭი მომვარდა, თითი დამადო და გაიქცა. მერე შინ უთქვამს, გურამ თიკანაძის შვილს შევეხეო. სვანეთში ძალიან ბევრი ახლობელი მყავს და სამსახურეობრივადაც ვცდილობ, იმ კუთხეს რაღაც გავუკეთო. ძალიან მაფიქრებს და მაწუხებს იქაურების ბედი. იმ ხალხსაც ძალიან ვუყვარვარ, მამას კი დღემდე ვერ ივიწყებენ. 1981 წელს სოფელ ლატალის მოსახლეობამ საკუთარი ფულით, საშენი მასალითა და ხელით გურამ თიკანაძის სახელზე უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ააშენა და მას შემდეგ, ისევ და ისევ საკუთარი ძალებით, ყოველ 12 სექტემბერს - მამას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ გურამობას და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ვინ აღარ სტუმრობდა ლატალსო.
დღესაც 12 სექტემბერია, გურამ თიკანაძის დაბადების დღე. დღეს ჩემს გმირს 91 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა იგი, თავისი მეგობარი გურამ რჩეულიშვილის დარად, მარადიულ ჭაბუკად დარჩა...
(სპეციალურად საიტისთვის)