ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი 2024 წელს?! - "მე შევეცდებოდი, მომავალი პრეზიდენტი საელჩოებში მომეძებნა" - კვირის პალიტრა

ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი 2024 წელს?! - "მე შევეცდებოდი, მომავალი პრეზიდენტი საელჩოებში მომეძებნა"

"როგორც ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი შეშინდა, რომ პრეზიდენტის სავარძლის გარეშე დარჩება და ოპოზიციაში ცდილობს ფეხის მომაგრებას. მე არ მგონია, მისი მიზანი ოპოზიციის დედოფლად კურთხევა იყოს, ის ცდილობს, დასავლეთს მოაწონოს თავი", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტი ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო, ზურაბიშვილმა აქტიური შეხვედრები გამართა ოპოზიციონერ ლიდერებთან. განხორციელდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილს პოსტის დატოვება მაინც მოუწევს - უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურება. ის პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციით, ახალ პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის - პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს. ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ახალი პრეზიდენტი და სად წავა სალომე ზურაბიშვილი? - ამის შესახებ საკუთარ ვერსიებს რამაზ საყვარელიძე გვიზიარებს:

- სალომე ზურაბიშვილი ეცდება, პოზიტიური როლის შემსრულებელი გამოჩნდეს ევროპელი პოლიტიკოსების თვალში. ევროპიდან იყო დაკვეთა, რომ პოლარიზაციის საკითხი უნდა მოგვარებულიყო. პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანას. ამას ცდილობდა მაშინ, როდესაც შარლ მიშელი იყო თბილისში ჩამოსული და ამას ცდილობს ახლაც. წესით, ზურაბიშვილის ინტერესებში ოპოზიციაში გადასვლა არ უნდა შედიოდეს. მისთვის კარგიც კი არის, თუ იმპიჩმენტის შედეგად გადააყენებენ პოსტიდან. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. ქალბატონ სალომეს ჰქონდა პარტია "საქართველოს გზა", რომელმაც თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. "ქართულ ოცნებას" სუპერმობილიზაცია დასჭირდა იმისათვის, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო. ასეთი ადამიანი, წესით, საქართველოში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაზე არ უნდა ფიქრობდეს.

- დასავლეთისგან რას შეიძლება ელოდოს?

- თუ აღმოჩნდება, რომ ზურაბიშვილი საქართველოში დასავლური პოლიტიკის გატარებას ნამდვილად ცდილობს და ერთგული პარტნიორია, მას აუცილებლად მიეცემა დასავლეთში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელების შესაძლებლობა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ იქნება საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, რამდენად იზიარებთ, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ პოსტისთვის მმართველი გუნდი ირაკლი კობახიძეს ამზადებს? ან რა შანსები აქვს კახა კალაძეს?

- არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. წესით, მმართველი გუნდი უნდა ეცადოს და მგონია, რომ ეცდება კიდეც, ხაზგასმით „ოცნების“ ფიგურა არ აირჩიოს პრეზიდენტად. რატომ? იმიტომ, რომ აზრადაც კი არავის მოუვა, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუალედური პოზიციის დაკავებას. ეს გამორიცხულია! საერთაშორისო ორგანიზაციებს სათქმელი ექნებათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი ნომერ პირველი დამცველი გაიყვანა პრეზიდენტის პოსტზე. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან წამგებიანია მმართველი გუნდისთვის. იმავეს ვიტყვი კალაძეზე. ჩემი წარმოდგენით, პრეზიდენტის ახალი კანდიდატურა მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ შემადგენლობაში უნდა მოძებნონ.

- ასეთ პოლარიზებულ გარემოში ვის ხედავთ მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ ფიგურად?

- ისეთი ფიგურა მაინც უნდა იყოს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდეს, მაგალითად, თეონა აქუბარდია... მაგრამ რა ვიცი, ისიც მკვეთრად გამოხატული ოპოზიციონერია.

- მკვეთრად გამოხატული ოპოზიციონერი რომ არ იყოს, შესაფერისი კანდიდატი იქნებოდა პრეზიდენტის პოსტისთვის?

- რა გითხრათ, საქართველოს პრეზიდენტობა ისეთი დათარსული თანამდებობაა, რომ არც კი ვიცი, ვინ შეიძლება გაართვას თავი ღირსეულად. ამ თანამდებობამ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე შეიწირა, ედუარდ შევარდნაძეს გადატრიალება მოუწყვეს, სააკაშვილი ციხეშია... ახლა ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უწყობენ.

- როგორ გგონიათ, განხორციელდება საბოლოოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტი?

- არა მგონია. სინამდვილეში, "ქართულ ოცნებას" ეს არ აწყობს. ევროპარლამენტარმა ბორელმა სწორად მიგვანიშნა, იმპიჩმენტი ნამდვილად შეიძლება იქცეს პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზად. ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი არ გადაწყდება, ასეთი საკითხებით თავი არ უნდა ავიტკივოთ. მე იმედი მაქვს, მმართველი გუნდიც არ მოინდომებს ახლა თავის ატკივებას, მხოლოდ პროცედურულად ჩაატარებენ ამ საკითხს და სალომე ზურაბიშვილის დასჯას მთელი მონდომებით არ შეეცდებიან. ვიცი, რომ ბევრს ნერვები ეშლება სალომე ზურაბიშვილის ქცევებსა თუ განცხადებებზე, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის ინტერესები. ამ იმპიჩმენტს დასავლელი პოლიტიკოსები აღიქვამენ, როგორც სალომე ზურაბიშვილის დასჯას, მისი პროდასავლურობის გამო. ეს კი იმის დასტური იქნება, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში რაღაც მართლა ვერ არის კარგად. აწყობს ეს ამბავი ხელისუფლებას? ხელისუფლებას - არა, მაგრამ ოპოზიციას აწყობს.

- რას გულისხმობთ?

- ე.ი. თუ იმპიჩმენტი განხორციელდება, მთელ მსოფლიოში დაიწყება საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით იცვლის საგარეო კურსს და ამ გზაზე ვინც დაბრკოლებას შეუქმნის, ყველას თავიდან იშორებს. აწყობს ეს რიტორიკა ოპოზიციას?! მგონია, რომ აწყობს, ამიტომ მგონია, რომ შეიძლება ხელისუფლებას ხაფანგი დაუგოს და მოულოდნელად გამოჩნდეს ოპოზიციაში ის დამატებით 15 თუ 20 ხმა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის არის საჭირო. ოპოზიცია იტყვის, რომ ვიღაცები "ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა, თან ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააშავებს.

- თქვენ, პრეზიდენტებთან - შევარდნაძესთან და სააკაშვილთან მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი, რას იტყვით, პრეზიდენტობის შესაფერისი ახალი კანდიდატი სად, საზოგადოების რომელ ჯგუფში უნდა მოიძებნოს?

- მე, მაგალითად, ვეცდებოდი, მომავალი პრეზიდენტი საელჩოებში მომეძებნა. დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენ ახლა პრეზიდენტის პოსტზე გვჭირდება ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, აქვს დიპლომატიური გამოცდილება და კარგად იცნობს დასავლურ ქვეყნებს. ბოლო დროს ჩინეთი ისე აქტიურად შემოვიდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ კარგი იქნება, თუ აზიურ საელჩოებში შევიხედავთ.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)