პირველად - უკრაინელებმა რუსული წყალქვეშა ნავიც დააზიანეს...
10 ფრთოსანი რაკეტა და 3 კამიკაძე-კატარღა გამოუშვეს უკრაინელებმა სევასტოპოლის სამხედრო პორტისკენ, 7 რაკეტა ჩამოვუგდეთ და სამივე კამიკაძე-კატარღა ჩავუძირეთ, მაგრამ სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში რემონტზე მდგომი ორი ხომალდი მაინც დაგვიზიანეს და 26 ადამიანი დაშავდა, ორი დაიღუპა - აცხადებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელები ანექსირებული ყირიმის ოლქიდან...

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებულია დიდი სადესანტო ხომალდი Минск-ი და პირველად ამ ომის პერიოდში, რუსული დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი Ростов-на-Дону, რომლიდანაც უკრაინის ქალაქების მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის არა ერთი ფრთოსანი რაკეტა გაშვებულა...
უკრაინული მხარე, ტრადიციულად, უკომენტაროდ ტოვებს ასეთ ფაქტებს - არც აღიარებს საჰაერო თავდასხმების ავტორობას, თუმცა არ უარყოფს...

თუკი გავითვალისწინებთ იმ ვიდეოკადრებსა და ფოტოებს, რასაც სევასტოპოლის მაცხოვრებლები 13 სექტემბრის გამთენიიდან ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და რომლებზეც ასახულია სერგო ორჯონიკიძის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის ვერფზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი, გამოდის, რომ მასზე მართლაც სერიოზული საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რომლის მაგვარი რუს ოკუპანტებს ოკუპირებულ სევასტოპოლში დღემდე არ განუცდიათ...

სევასტოპოლის ბუხტა უკრაინის მიერ დღეისათვის კონტროლირებული სანაპირო ზოლიდან (ოჩაკოვიდან) 270-280 კმ-ითაა დაშორებული და იქამდე მიღწევა მხოლოდ ბრიტანულ Storm Shadow-ს და ფრანგულ SCALP EG ფრთოსან რაკეტებს თუ შეეძლოთ, მაგრამ მათი გაშვება მხოლოდ Su-24М ტიპის მოდერნიზებული საფრონტო ბომბდამშენებიდან ხდება, თითოეულ მათგანს ორი ასეთი ფრთოსანი რაკეტის წაღება ძალუძს, თუმცა საბრძოლო მზადყოფნაში ერთდროულად ხუთი ასეთი მოდერნიზებული ბომბდამშენი რომ ჰყავდეთ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს, ცოტა საეჭვოა... ფრთოსანი რაკეტებით მასობრივი შეტევის განხორციელების მეორე ვარიანტს წარმოადგენს უკრაინული წარმოების სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ნეპტუნი“, რომლის გასაშვებ დანადგარზე ოთხი სარაკეტო კონტეინერია დამონტაჟებული.
უკრაინელმა ინჟინრებმა ბოლო ხანს შეძლეს, 280 კმ ფრენის მანძილის მქონე ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნის“ მოდიფიცირება ისე, რომ უკვე 300 კმ-ზე უფრო შორს მიფრინავს და თანაც სახმელეთო სამიზნეების ზუსტად დაზიანებაც შეუძლია.

რატომ აირჩა მასიური სარაკეტო დარტყმის სამიზნედ მაინცდამაინც სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა?
ამ ქარხანას ორი მშრალი დოკი აქვს, 165 და 145 მ-ი სიგრძის, რომლებშიც სისტემატურად მიმდინარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იმ სამხედრო ხომალდების შეკეთება, რომლებიც ომის პერიოდში ან უკრაინელებმა დააზიანეს, ან მოუწიათ კაპიტალური რემონტის დრომ.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს ომის დასაწყისიდან, მონტროს კონვენციის თანახმად, ჩაკეტილი აქვს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და შავ ზღვაში არ უშვებს არა მარტო არაშავისზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, არამედ - იმ რუსულ სამხედრო ხომალდებსაც, რომლებიც მიწერილნი არიან რუსეთის სხვა ფლოტებზე და არ შედიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში, მოსკოვი იძულებულია, ადგილზე, სევასტოპოლშივე გაარემონტოს ხომალდები.
თუკი უკრაინა შეძლებს დროებით მაინც მწყობრიდან გამოიყვანოს სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის სტაპელები და მშრალი დოკები, ეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დიდ პრობლემებს დაუმატებს...