"როცა გიორგი შაქარაშვილის თვალებს ვხატავდი, ყველაზე დიდი დრო დამჭირდა..." - ლუკა ორჯონიკიძის მრავალფეროვანი და სევდიანი მუზები
"ამბობენ, ბერს და მონასტერს ეშმაკების მთელი ლეგიონები ესხმიან თავს, ხოლო ერს - რამდენიმე ეშმაკიო... მონასტერში ცხოვრება უფრო რთული იყო..."
"...სამუდამოდ არ უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა თავიანთი ქვეყნისთვის აღიარება მოეპოვებინათ!" - ლუკა ორჯონიკიძე თავის შემოქმედებასა და მუზებზე გვესაუბრა...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ვერანაირი თანამედროვე ოქროს ჯილდოებით აღიარებული ფილმები ვერ დაიკავებენ იმ ადგილს, რაც დიდი ხნის წინ დაიკავეს ჩვენში ქართველმა მსახიობებმა, ჩვენმა ფილმებმა, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში შეიძლება დაივიწყონ... სამწუხაროა, როცა გარშემო ამდენი გახრწნილი ფილმია, რაშიც ვერანაირ შემეცნებითს ვერ შეხვდები!.. და კიდევ, მე დამიხატავს დიდი უცხოელი მსახიობებიც: ოდრი ჰეპბერნი, გრეგორი პეკი, გრეის კელი და სხვა..."
"ჩემი ხატვის პროცესის ცქერა ბევრს ჩააძინებს, რადგან მოღრუბლული ცა და წვიმა მეხმარება, ვიყო მელანქოლიურ ხასიათზე, რაც ხატვის განწყობას მიმაღლებს და მამშვიდებს; როცა წვიმს, ვცდილობ, ოთახში ჩავიკეტო და ვხატო. თუ არ წვიმს, მაშინ წვიმის ხმას ვრთავ და ვუსმენ. კიდევ, ჯაზის მოსმენა მიყვარს, როგორიცაა: ბილი ჰოლიდეი და ემი უაინჰაუსი. ამ დროს ისე ვიძირები პროცესში, ყველაფერი მავიწყდება..."
"იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში კრიტიკა არ მიყვარდა და ვცდილობდი, ამისთვის თავი ამერიდებინა, ნამუშევრებს მაინც დედას ვაჩვენებდი, რათა შენიშვნები მოეცა და როცა ეს ხდებოდა, მიფიქრია კიდეც: არა, ჩემგან მხატვარი არ გამოვა-მეთქი. მახსენდება ფრიდა კალოს სიტყვები, როცა დიეგო რივერა მის ნამუშევრებს ქებით ავსებდა: "მე არ მჭირდება კომპლიმენტები, მე მჭირდება კრიტიკა..."
"ამბობენ, რომ ბერს და მონასტერს ეშმაკების მთელი ლეგიონები ესხმიან თავს, ხოლო ერს - რამდენიმე ეშმაკი... ერის ხალხზე იმდენად დიდი ზემოქმედება აქვს ბოროტს, რომ მათთვის იშვიათად იცლის. დიახ, მგონი ერის ხალხს დავიწყებული ჰყავს ღმერთი და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბოროტმა მათზე დიდი ძალისხმევა აღარ დახარჯოს და იმას ებრძოლოს, ვინც მის წინააღმდეგ ნამდვილად იბრძვის. რა თქმა უნდა, მონასტერში ცხოვრება უფრო რთული იყო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
მანანა გაბრიჭიძე