"უზარმაზარი შენობა თურმე იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ სარდაფში ბზარი აღმოაჩინეს..." -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება?
დღეს თეატრმცოდნე გვანცა გულიაშვილმა, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის დედაა, ფეისბუკში ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა. ის საზოგადოების დახმარებას ითხოვს:
"შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის (საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე) დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე.... მე ვიცი, რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში, ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ. ვიცი, რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით“.
საკითხის უკეთ გასარკვევად, AMBEBI.GE გვანცა გულიაშვილს ესაუბრა:
"ილიაუნის საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრზეა საუბარი. დღეს 2 საათზე თერაპევტებისგან მოგვივიდა მესიჯი, რომ ვიხურებით. 1 თვე არდადეგები გვქონდა, ხვალ 12 საათზე ოფიციალურად იწყებოდა სესიები, უკვე ცხრილები გვქონდა მიღებული და დანარჩენი აქტივობები - დაგეგმილი, რაც ამ სპექტრის ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. დროის გადანაწილება ასე მარტივად არ ხდება. ასე, ცამოწმენდილზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფორსმაჟორია და ვიხურებით. თურმე სამხარაულს უკვე სამი ექსპერტიზა ჩაუტარებია ( ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანია ეს იციან). ისიც გასარკვევია, ნამდვილად დასანგრევია, თუ არა ეს შენობა. მე ჩემი პირადი და კონკრეტული ინტერესი მაქვს, ეს მე შემეხო, როგორც აუტისტი ბავშვის მშობელს. სულაც ხვალ რომ გამომიძებნონ ცენტრი, ჩათვალეთ, რომ ამ ცენტრის გადაწყობას სხვა შენობაში 1 თვე დასჭირდება. ცენტრში 280 აუტისზმის სპექტრის ბავშვია, ეს ერთი თვე ამ ბავშვებისთვის არის აუნაზღაურებელი ერთი თვე. არაფერს გვეუბნებიან, არც რამეს გვპირდებიან - აბსოლუტურად არავინ არაფერს გვეუბნება, ერთი დამაიმედებელი სიტყვაც არ უთქვამთ, საერთოდ არავინ გამოდის კონტაქტზე. ის მაინც მითხრან, აიღე ეგ სტატუსი და ხვალ აქა და აქ გიშვებთო. იხილეთ სრულად