ქართული ჯარის სამი დიდი გამარჯვება, რომელსაც 90-იანებში საქართველოს ისტორიის შეცვლა შეეძლო
16 სექტემბერს ზუსტად 30 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 1993 წლის 16 სექტემბრის გამთენიისას აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულებმა და რუსმა სამხედროებმა ვერაგულად დაარღვიეს 27 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაახლეს საბრძოლო მოქმედებები სოხუმისა და ოჩამჩირის ფრონტებზე, რაც, საბოლო ჯამში, სოხუმის დაცემად და აფხაზეთის ომში დამარცხებად დაგვიჯდა...
მაგრამ აფხაზეთის წაგებულ ომში ქართველებს მოგებული ბრძოლებიც გვქონდა, რომელთა დავიწყებაც არ იქნება სწორი...
ასეთ ძირითად სამ საბრძოლო ოპერაციას გავიხსენებ (თუმცა უფრო პატარა მასშტაბის წარმატებული საბრძოლო მოქმედებებიც უთუოდ გვქონდა ამ ომში), რომელთაგან ერთში განთიადთან საზღვაო დესანტის გადასხმის ოპერაციის ინიციატორი ქართული მხარე იყო, ხოლო სოხუმზე 15-16 მარტის შემოტევისა და ტამიშთან დესანტის გადმოსხმისა (ტამიშის დესანტის განადგურების ოპერაციაში 6-9 ივლისის პერიოდში ამ ბლოგის ავტორიც იღებდა მონაწილეობას) კი - მოწინააღმდეგე, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლებიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა...
მინდა, შემოგთავაზოთ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის - „არსენალის“ პასუხისმგებელი რედაქტორის, თემურ ჩაჩანიძის მიერ ამ ბრძოლებზე მომზადებული მასალები, რომლებიც მისი დიდი შრომის შედეგადაა შეგროვებული და რეალობასთან ძალზე ახლოსაა აღწერილი ეს საბრძოლო ოპერაციები...
1992 წლის განთიადის დესანტი
მიზანი
მაშინდელი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუს მონაკვეთი სრულიად დაუცველი და გახსნილი იყო, რითაც მტრული ძალები სარგებლობდნენ - რუსეთიდან შემოდიოდნენ სეპარატისტთა მხარდამჭერი პირები და ბოევიკები, მოედინებოდა იარაღი და საბრძოლო მასალები.
პროცესებში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის უშიშროების სამსახურის კონტროლქვეშ მყოფი კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია და, აფხაზი ხალხის "სამართლიანი" ინტერესების დაცვის საბაბით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ანტიქართულ საქმიანობას ღიად და დაუფარავად ეწეოდა.
გადაწყვეტილება გაგრაში დესანტის შესახებ მიღებული იყო ზუგდიდში, პოლიციის შენობაში გამართულ თათბირზე, რომელიც თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით 1992 წლის 13 აგვისტოს ჩატარდა.
თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს იდეა სახელმწიფო საბჭოში დაიბადა და ერთ-ერთი იყო იმ ღონისძიებებში, რომლითაც სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთზე მატარებლების თავდასხმებისგან დაცვას ითვალისწინებდა
აფხაზეთში შეიარაღებული ფორმირებების შეყვანის წინააღმდეგ სამხედროთა ერთი ნაწილი გამოვიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების მდგომარეობა
საზღვაო სადესანტო ოპერაციები სამხედრო-საზღვაო ძალების ფუნქციებში შედის.
მაშინ თავდაცვის სამინისტრო ახალი ჩამოყალიბებული იყო და მის სტრუქტურაში სამხედრო-საზღვაო ძალები არსებობდა, ოღონდ - ქაღალდზე, რადგან მას არანაირი მცურავი საშუალება არ გააჩნდა და მით უფრო - ამ ამოცანის შესრულებისთვის აუცილებელი სპეციალური სადესანტო კატარღები.
იყვნენ გამოცდილი საზღვაო ოფიცრები, რომლებსაც საზღვაო-სადესანტო ოპერაციების დაგეგმვა-ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა-გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ თენგიზ კიტოვანმა მათი გამოყენება საჭიროდ არ ჩათვალა.
1992 წლის ზაფხულისთვის ფოთში ჯერ ისევ რჩებოდა შავი ზღვის ფლოტის 184-ე საზღვაო ბრიგადის დივიზიონები, თუმცა შემცირებული სახომალდო შემადგენლობით.
რუსებმა წინასწარ თადარიგი დაიჭირეს და ბრძოლისუნარიანი ყველა მცურავი საშუალება ნოვოროსიისკსა და სევასტოპოლში გადაიყვანეს.
1991 წლის 21 იანვრიდან ბრიგადის მეთაურის მოვალეობას II რანგის კაპიტანი ვასილი კიშჩინი ასრულებდა.
ფულისა და დალევის მოყვარული კიშჩინი ფოთში დარჩენილ ქონებას თავისი ნება-სურვილით განაგებდა და კერძო პირებზე ყიდდა.
გაიყიდა და კერძო საკუთრებაში გადავიდა - 150-დან 500 ტონამდე სხვადასხვა დანიშნულების ბარჟა, ავტომობილები, საგზაო ტექნიკა და მრავალი სხვა, რომელიც, წესითა და რიგით, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილებაში უნდა გადასულიყო
ფოთის პორტი
დესანტის გადაყვანის უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო დავალების შესრულებაში მთავარი როლი ფოთის პორტმა და პორტფლოტის მეზღვაურებმა ითამაშეს.
ფოთის პორტის კაპიტანი პეტრე აბრამია: "პორტს ოპერაციისთვის მცურავი საშუალებების გამოყოფა დაევალა. ნავსადგურის უფროსის - ვალერი გეგიძის ხელმძღვანელობით ამ საქმეს ორგანიზება მოკლე დროში და სწრაფად გაუკეთდა.
იმ რთულ პერიოდში სამოქალაქო მეზღვაურების სამხედრო ხასიათის დავალებაზე გაგზავნა და ამის ახსნა მარტივი საქმე არ იყო.
და მაინც, ამ ფრიად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას ფოთის პორტმა თავი შესანიშნავად გაართვა და გაგრაში გადასაყვანი ძალები აუცილებელი მცურავი საშუალებით დროულად და სრულად უზრუნველყო".
დესანტისთვის ფოთის პორტმა გამოჰყო - სალოცმანო კატარღა "ბურევესნიკი" (კაპიტანი ლერი კუცია), საბუქსირე გემი "კაპიტანი რექვავა" (კაპიტანი ბადრი დანელია) და წყალქვეშაფრთებიანი სამგზავრო თბომავალი "კომეტა-51" (ცვლის კაპიტნები ვიქტორ მამონი და გიორგი სილოგავა).
სადესანტო ძალები
გაგრაში დესანტირების ბრძანების შესრულება გვარდიის შავნაბადას ბატალიონს (მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე) დაევალა.
ბატალიონი 1992 წლის მაისიდან ფოთში დროებით იყო დისლოცირებული და საბრძოლო გამოცდილებითა და დისციპლინით ქართულ გვარდიაში გამორჩეულ ქვედანაყოფად ითვლებოდა.
ბატალიონში ძველ მებრძოლებთან ერთად ახალწვეულებიც მსახურობდნენ და პირადი შემადგენლობა შეიარაღებული იყო ავტომატებით, ტყვიამფრქვევებით, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით, სნაიპერული შაშხანები და სხვ.
ტექნიკიდან მებრძოლთა განკარგულებაში ჯავშანტრანსპორტიორი და ნახევრადგაუმართავი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (კოშკურა ავტომატურად არ ტრიალებდა) იყო.
შავნაბადელთა ორ ასეულს ფოთში შეუერთდა საბრძოლო ჯგუფი "კ-9" (მეთაური კოკა კლდიაშვილი) და თბილისელ მოხალისეთა ჯგუფი (მეთაური ალექსანდრე მინდაძე).
სულ სადესანტო ძალები დაახლოებით 180-მდე მებრძოლს ითვლიდა.
ოპერაციისთვის მზადება
ქართველ სამხედროებს სადესანტო ოპერაციების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდათ და არც შესაბამისი მცურავი საშუალებები მოეპოვებოდათ, მაგრამ გამოსავალი ფოთში ჯერ კიდევ დარჩენილი შავი ზღვის საზღვაო ბრიგადა იყო.
მაშინ რუსი სამხედროები ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ქართული ფორმირებებისთვის იარაღის მიყიდვაზე უარს არ ამბობდნენ.
ამ შემთხვევაში რუსებმა ოპერატიულობა გამოიჩინეს და 80 ათას რუბლად 184-ე საზღვაო ბრიგადის ორი პატარა სადესანტო კატარღა (პროექტი 1176) თავიანთი ეკიპაჟებით შავნაბადას ბატალიონს მიაქირავეს.
რადგან ქართველ მებრძოლებს საზღვაო დესანტირების არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, ამიტომ მათთან საკონტაქტო-კონსულტანტი ოფიცრის სახით რუსეთის არმიის წარმომადგენელი ვინმე საშა იმყოფებოდა.
მისი მოვალეობა იყო დესანტის ზღვით გადაყვანის უზრუნველყოფა, დესანტირებისთვის ხელსაყრელი ადგილის შერჩევა და დესანტირების დროს რჩევების გაცემა.
სადესანტო კატარღებიდან ერთი სავარაუდოდ мдк-237 ბორტი #526 უნდა იყოს, ხოლო მეორის ნომერი უცნობია.
პირველი კატარღის მეთაური მიჩმანი რობერტ ფიფია იყო. ამ სარისკო და სახიფათო ოპერაციაში ის თავისი სამშობლოს, ქართველი მეზღვაურებისა და სამხედროების გვერდით უყოყმანოდ დადგა.
ოპერაციის დასაწყისი
14 აგვისტოს, საღამოს, 30-მდე მებრძოლი სალოცმანო კატარღა "ბურევესნიკზე" ავიდა და, დაახლოებით, 60 კაცამდე ბუქსირ "კაპიტან რექვავაზე" მოთავსდა.
ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 და ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 ეკიპაჟებიანად პატარა სადესანტო კატარღებზე დაიტვირთა.
წყალქვეშაფრთებიანი სამგზავრო თბომავალი "კომეტა-51"-ის ცვლის კაპიტანი ვიქტორ მამონი: "14 აგვისტოს "კომეტა-51" ფოთიდან ტრაპიზონის მიმართულებით გასასვლელად ემზადებოდა. მგზავრებს შემოწმება გავლილი ჰქონდათ, ჩასხდომაც დამთავრებული იყო და წუთიწუთზე ზღვაში უნდა გავსულიყავით.
ამ დროს პორტის ხელმძღვანელობიდან რეისის შეჩერებაზე განკარგულება მივიღე და მგზავრებს ბორტის დატოვება ვთხოვე. მას შემდეგ, რაც "კომეტას" ბორტი პროცედურების დაცვით მგზავრებმა დატოვეს, პორტის უფროსის - ვალერი გეგიძის ბრძანებით, თბომავალმა მდებარეობა შეიცვალა და შემდგომი განკარგულების მიღებამდე მე-7 გემთსადგომთან ჩამოდგა.
ღამით ბორტზე, დაახლოებით, 80-90 მებრძოლი, კვების პროდუქტები და უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება მივიღეთ".
გიორგი სილოგავა, "კომეტა-51"-ის ცვლის კაპიტანი: "უნდა აღვნიშნო ის შემართება და პატრიოტული სულისკვეთება, რომელსაც ჯარისკაცები გამოხატავდნენ.
თითოეული მათგანი მთელი სიღრმით გრძნობდა შესასრულებელი დავალების მნიშვნელობას. იცოდნენ ის საფრთხე, რაც მოელოდათ და მაინც შიშს არანაირად არ გამოხატავდნენ.
"კომეტას" დიდი სიჩქარე აქვს, ამიტომ ჩვენ ზღვაში, დაახლოებით, 8-10 სთ-ის დაგვიანებით გავედით და "რექვავას", "ბურევესნიკსა" და სადესანტო კატარღებს
სოხუმის მახლობლად წამოვეწიეთ".
ზღვით გადასვლა
იმ დროს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე წყლებს მთლიანად რუსი მესაზღვრეების პოსტები, საბრძოლო ხომალდები და კატარღები აკონტროლებდნენ.
პორტებიდან მცურავ საშუალებათა გასვლა-შემოსვლა, სანაპიროს მიმდებარე წყლებში გემების ცურვა რუსი მესაზღვრეების მუდმივი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ჩვენს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლზე ისევ რუსი მესაზღვრეები რჩებოდნენ და თავიანთი შეხედულებების მიხედვით მოქმედებდნენ.
მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რუსი მესაზღვრეები მოქმედებდნენ ხისტად და დამიზნებით ცეცხლის გახსნასაც არ ერიდებოდნენ.
გაგრამდე ძალიან ცოტა რჩებოდა, როცა ბიჭვინთასთან გემები რუსულმა სადარაჯო ხომალდმა შეაჩერა.
მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთი-ორი საათი გაგრძელდა და მასში აქტიურად მონაწილეობდა დესანტთან მყოფი რუსეთის არმიის ოფიცერი საშა.
დესანტის გატარება-არგატარებას ვერც საშა და ვერც სადარაჯო ხომალდის მეთაური დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა, რომ ეს საკითხი ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეთანხმებული არ ყოფილიყო.
სრულიად დაუცველი ქართული გემების ქარავნის დაკავება-განიარაღება ან, თუნდაც, განადგურება რუსი მეზღვაურებისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა და არც შესაბამისი მიზეზის პოვნა გაუჭირდებოდათ.
ამჯერად რუსებმა ქარავანი გაატარეს და თან მუქარა მოაყოლეს - ზედმეტ და გადამეტებულ მოქმედებათა შემთხვევაში ქართულ გემებს ჩაძირვა მოელოდათ.
მოწინააღმდეგის მზადება
ფოთში დესანტის მომზადებასთან დაკავშირებით აფხაზი სეპარატისტები ინფორმირებულნი იყვნენ.
1992 წლის 15 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, გაგრის ადმინისტრაციაში არძინბამ ტელეფონით დარეკა და გააფრთხილა, რომ ფოთიდან გამოსული ბარჟებით ქართული დესანტის გადმოსხმა იგეგმებოდა.
ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ გავრცელდა ადგილობრივ აფხაზურ მოსახლეობაში და დაიწყო შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება და დესანტირების შესაძლო ადგილებში განთავსება. ჯგუფები ავტომატებით, შაშხანებითა და სანადირო თოფებით იყვნენ შეიარაღებულნი.
გაგრის ზონის ადმინისტრაციის რუსლან იაზიჩბას ბრძანებით, აფხაზური შინაგანი ჯარის პოლკის ოცეულმა, თემურ ნოდარიას მეთაურობით, პოზიციები განთიადთან დაიკავა.
დესანტის გადმოსხმა
დესანტირება სოფელ ლესელიძეში იგეგმებოდა, რუსეთის საზღვართან რაც შეიძლება ახლოს, მაგრამ აღმოჩდნენ დაბა განთიადთან - მდინარე ხაშუფსეს შესართავის მახლობლად საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან, დაახლოებით, 5-6 კმ-ის დაშორებით.
ღია ზღვაში საჭირო გახდა "კომეტიდან" და "რექვავადან" მებრძოლების სადესანტო კატარღებზე გადაყვანა.
გიორგი სილოგავა: "წყალქვეშა ფრთების გამო "კომეტა" ნაპირთან ახლოს მისვლას ვერანაირად ვერ შეძლებდა, ამიტომ ჩვენ უფრო ზღვის სიღრმეში ვიდექით.
სადესანტო კატარღა "კომეტის" ბორტთან მჭიდროდ დგებოდა და ჯარისკაცები კატარღაზე გადადიოდნენ და თან გადაჰქონდათ საბრძოლო მასალები, საკვები და სხვა საშუალებები. ამინდიც ხელს გვიწყობდა - ზღვა წყნარი იყო და ქარიც არ ქროდა. ჩვენ იქ, დაახლოებით, 2-3 სთ დავყავით და შემდეგ უკან, ფოთში დავბრუნდით".
ლერი კუცია: "მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ სანაპიროს პირველად პატარა სადესანტო კატარღები მიუახლოვდნენ და ჯავშანტექნიკის დაცვით ქვეითები ნაპირზე გაიშალნენ. "ბურევესნიკს" პატარა წყალჯდომი აქვს, ამიტომ ჩვენ ნაპირთან ახლოს მისვლა შევძელით და ჯარისკაცები პირდაპირ წყალში ხტებოდნენ და ნაპირზე ასე გადავიდნენ".
15 აგვისტოს 13 სთ-ზე მოწინააღმდეგის ცეცხლქვეშ, ნაპირზე, პირველები კობა კობალაძისა და მიხეილ სადუნიშვილის ასეულები გადასხდნენ.
ამ დროს აფხაზებს პოზიციები ტყით დაფარულ სიმაღლეებზე ეკავათ და მათი საცეცხლე წერტილები, პრაქტიკულად, არ ჩანდნენ. ერთ-ერთ სადესანტო კატარღას აპარელი დაუზიანდა და ჯავშანტრასპორტიორი ნაპირზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა. მაშინ მძღოლმა ჯავშანტრანსპორტიორი შეძლებისდაგვარად გააქანა და აპარელი შუბლით გაიტანა.
იმავე დღის საღამოს 8 საათისთვის მდინარე ფსოუზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აფრიალდა.
ბრძოლაში ჩვენი მხრიდან დაიღუპა კოკა კლდიაშვილი, ლაშა დონდუა, სანდრო ვაჩეიშვილი და ზურაბ ჯარიაშვილი. ბევრად მეტი დაჭრილი იყო. დანაკარგები მოკლულ-დაჭრილთა სახით მოწინააღმდეგის მხარესაც იყო.
პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე: "წარუმატებლობისთვის ყველანაირი წინაპირობა ასრულებდა - დავკარგეთ მოულოდნელობის ეფექტი, ვერ გამოვიყენეთ ღამის საფარი, პირად შემადგენლობას ადეკვატური მომზადება-გამოცდილება არ ჰქონდა, არ იყო არანაირი საცეცხლე და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, მაგრამ იყო ძალიან მაღალი პატრიოტული და საბრძოლო სულისკვეთება და ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მხარდაჭერით დავალების შესრულება მაინც შევძელით".
ერთი გამოუყენებელი გამარჯვება - როგორ მოვიგერიეთ 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევა სოხუმზე...
1993 წლის გაზაფხულისთვის აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები მეტ-ნაკლებად ორგანიზებულ ძალას წარმოადგენდნენ და ბატალიონებისა თუ ცალკეული საბრძოლო ჯგუფებისაგან შედგებოდნენ, ხოლო მეთაურები და პირადი შემადგენლობა გარკვეულ სამხედრო გამოცდილებას ფლობდნენ.
რუსეთის ზურგსამოფარებული აფხაზები რუსი სამხედროებისაგან იარაღის, საბრძოლო მასალებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა დიდ და მრავალფეროვან დახმარებას იღებდნენ.
მათივე ინტერესებისათვის მოქმედებდა რუსული საბრძოლო ავიაცია, სასაზღვრო კატარღები და ხომალდები, საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის საშუალებები და მრავალი სხვა.
სოხუმში შუქურას რაიონში განლაგებული რუსეთის არმიის 901-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები გულდასმით აკვირდებოდნენ ქართული ფორმირებების პოზიციებს და ინფორმაციას გუმისთის გადაღმა გადასცემდნენ. გუმისთის გამოღმა დარჩენილი სეპარატისტთა თანამოაზრეები კი გუდაუთას რეგულარულად აწვდიდნენ სადაზვერვო ხასიათის მონაცემებს.
გუდაუთაში დისლოცირებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოფიცრები სეპარატისტთა ქვედანაყოფების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ზოგიერთები კი სამსახურს აფხაზურ ფორმირებებში აგრძელებდნენ.
სეპარატისტთა ლიდერები საქართველოს შიდაპრობლემებში კარგად იყვნენ ჩახედულნი, ქართულ ფორმირებებში არსებულ მდგომარეობას იცნობდნენ და მიაჩნდათ, რომ მისი შესაძლებლობები ამოწურული იყო. მოწინააღმდეგე ფლობდა ინიციატივას, აქტიურობდა და ნებისმიერი შეტაკების ყოველთვის საკუთარი გეგმით განვითარებას ცდილობდა.
შექმნილ გარემოებათა გათვალისწინებით, აფხაზ ხელმძღვანელობაში მომწიფდა შეხედულება, რომ ძლიერი შეტევით სოხუმის დამცველთა მორალური სულისკვეთების გატეხვასა და ქალაქის აღებას შეძლებდნენ. მით უფრო, რომ აფხაზებისთვის ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანა იყო და ყველა ხელსაყრელ მომენტში ისინი ქალაქს უტევდნენ, როგორც ეს 1992 წლის ნოემბერსა და 1993 წლის იანვარში იყო.
ამჯერად შეტევა გაცილებით უკეთესად მომზადდა და ძალებიც ბევრად მეტი გამოიყო.
1993 წლის თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში, ღამის საათებში, მდინარე გუმისთას მარჯვენა სანაპიროზე სატვირთო ავტოკოლონებმა გადაადგილებას მოუხშირეს და გარკვეულ ადგილებში რაღაც დროით ჩერდებოდნენ. ეს აქტიურობა შესაძლო შეტევისათვის მზადების შთაბეჭდილების ტოვებდა.
მარტის პირველი რიცხვებიდან მოწინააღმდეგის არტილერია ჩვენი პოზიციების მიმართულებით დრო და დრო შემაწუხებელ-დამღლელ ცეცხლს ხსნიდა, რომელსაც ღამის საათებში მანათობელი ბომბების შუქზე საჰაერო დაბომბვებიც ემატებოდა.
პროფესიულად დაგეგმილ-მომზადებული საარტილერიო-საავიაციო დაბომბვები თითქმის ერთსა და იმავე დროს იწყებოდა და პოზიციებზე მყოფი მებრძოლების ნერვებზე თამაშობდა. იგრძნობოდა, რომ აფხაზები შეტევას ამზადებდნენ, მაგრამ შეტევის მიმართულებები, მონაწილე ძალები და დრო უცნობი რჩებოდა.
1993 წლის მარტის მეორე ნახევრისათვის აფხაზურმა სარდლობამ გუმისთის ფრონტის (სიგრძე 65 კმ) ვიწრო, 17 კმ-იანი მონაკვეთის რამდენიმე მიმართულებაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები განალაგა.
არასრული მონაცემებით, შეტევაში მონაწილეობისთვის აფხაზებმა გამოიყვანეს: 1-ელი მოიერიშე, 1-ელი, მე-3, მე-5, ათონი-ეშერას ბატალიონები, საბრძოლო ჯგუფები - "ევკალიპტი", "უჩიტელი", "ურაგანი", "ბაბადუ" და სხვ., ყაბარდოელთა ჯგუფი "კაბარდა", ჩრდილო და სამხრეთ ოსების გაერთიანებული რაზმი, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის ასეული და სხვა ფორმირებები.
მოწინააღმდეგის დაჯგუფება, დაახლოებით, 5 ათასამდე მებრძოლს ითვლიდა, საიდანაც 700-750 კაცი მთავარ დამრტყმელ ძალას ქმნიდა, რომელსაც I ეშელონის 1500-მდე და II ეშელონის, დაახლოებით, 2 ათასამდე მებრძოლი ემატებოდა.
აფხაზურ-რუსული ძალების განკარგულებაში იყო: მოიერიშე თვითმფრინავები Су-25-ები და სასწავლო-საბრძოლო L-39-ები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град-ის დივიზიონი, 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები, 120 მმ-იანი საარტილერიო სისტემები Нона, საცეცხლე მხარდაჭერას, ასევე, უზრუნველყოფდა 30-მდე ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და სხვ.
გუმისთის მარცხენა სანაპიროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის 231-ე, 232-ე, 233-ე და 236-ე ბატალიონები, გვარდიის რუსთავის ბატალიონი და სოფელ შრომის დაჯგუფება იცავდა.
მომზადდა თავდაცვის მეორე ხაზი, სადაც პოზიციები სამხედრო პოლიციის, ქალაქისა და ბრიგადის კომენდატურის დანაყოფებს ეკავათ. შუქურის რაიონში მზადყოფნაში იმყოფებოდა საზღვაო დივიზიონი და უკრაინელ მოხალისეთა მცირერიცხოვანი რაზმი. მცირერიცხოვან რეზერვს გორის, შავნაბადას, გაგრის ბატალიონები და სხვა ქვედანაყოფები ქმნიდნენ.
ქართული დაჯგუფება, დაახლოებით, 4500-4600 მებრძოლს ითვლიდა და მათ განკარგულებაში იყო 34 ტანკი, 35 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რამდენიმე ათეული საარტილერიო სისტემა (24 - 122 მმ-იანი ჰაუბიცა Д-30, 12 - 85 მმ-იანი ქვემეხი Д-44, 6 - 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი КС-19, 12 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град-ი) და სხვ.
მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურის, გენერალ-მაიორ ვალერი ქვარაიას მონდომებით მომზადდა თავდაცვის მეორე ხაზი, ხოლო პირველი კი - ინჟინრულად გამაგრდა: საინჟინრო ქვედანაყოფებმა 8 ათასზე მეტი ტანკ და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი დააყენეს, ტანკსაშიშ მიმართულებებზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილები მოეწყო, მომზადდა საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები, ტრანშეები და სხვ.
გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი კამკამიძის დამსახურებაა, რომ მის მიერ დაგეგმილმა და მითითებების საფუძველზე აგებულმა სოხუმის თავდაცვითმა ზღუდეებმა მოწინააღმდეგეს შეტევის პირველივე საათებში უამრავი სირთულე შეუქმნა.
1993 წლის 15 მარტს, 01:45 საათზე, აფხაზურმა ფორმირებებმა ცეცხლი გახსნეს. მოწინააღმდეგე ცდილობდა მე-2 საარმიო კორპუსისა და 23-ე ბრიგადის შტაბებისა და მართვის პუნქტების მწყობრიდან გამოყვანას, მაგრამ ბრმა სროლა სათანადო ეფექტს არ იძლეოდა.
დილის 4 საათზე სეპარატისტთა ქვედანაყოფები შეტევაზე წამოვიდნენ და მდინარეზე უკვე წინასწარ გაბმული თოკებით (ჩქარ დინებას რომ არ წაეღო) მეორე ნაპირზე გადმოვიდნენ.
მთავარი დარტყმა რკინიგზის ხიდის მიმართულებით განვითარდა, ხოლო აჩადარას ხიდისა და სოხუმჰესის მიმართულებებზე შეტევები ყურადღების გადასატანად განხორციელდა.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში 231-ე, 232-ე და 233-ე ბატალიონები აღმოჩდნენ. 232-ე ბატალიონს პოზიციები რკინიგზის ხიდსა და წყალსაქაჩთან ეკავა. აქ შეტევის მოგერიება არ მოხერხდა და მოწინააღმდეგე თავდაცვის სიღრმეში 1200 მეტრით შემოვიდა.
ქალაქში შემოსულ მტერს მე-12 სკოლასთან სოხუმის სამხედრო პოლიციამ (მეთაური სოსო ახალაია) და 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა (მეთაური გიორგი ქაჯაია) გზა გადაუღობა, შეაჩერა და შემდეგ, ნელ-ნელა უკან დაახევინა.
აფხაზებმა გუმისთა აჩადარას ხიდის მახლობლადაც გადმოლახეს, ე.წ. მწვანე სახლში გამაგრდნენ, მაგრამ წინსვლა ვერ მოახერხეს.
დიდი დანაკარგების მიუხედავად, მტერი შეჩერებას არ აპირებდა და ბრძოლებში ახალ-ახალი ძალები შემოჰყავდა. დაძაბულად მიმდინარე შეტაკებებში პოზიციები იმდენად იყო არეული, რომ არტილერიის ან ავიაციის გამოყენებას შეიძლება საკუთარი მხარე დაეზარელებინა.
მტერი ზღვის მხრიდანაც აქტიურობდა. კატარღები ქალაქს უმართავ რაკეტებს ჭურვებს უშენდნენ და შუქურას რაიონში დესანტის გადმოსხმის დემონსტრირება მოახდინეს.
სეპარატისტთა ხელმძღვანელობა არსებულ ვითარებაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა, მართავდნენ ოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებს და წარმატებაში დარწმუნებულებმა შეტევისათვის მეორე ეშელონის ძალები მოამზადეს.
სოხუმის დამცველთა დასახმარებლად 16 მარტს, დილით, თბილისიდან შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის ქვედანაყოფი მაიორ გოგი თათუხაშვილის მეთაურობით გაიგზავნა. ქვედანაყოფს ფრონტის ყველაზე რთული მონაკვეთის მე-2 ბატალიონის პოზიციებზე მოწინააღმდეგის შეჩერება, მისი განადგურება და საწყისი მდგომარეობის აღდგენა დაევალა.
წარმატებაში დარწმუნებულ მოწინააღმდეგეს მეორე ეშელონის ძალები ბრძოლაში შემოსაყვანად მომზადებული ჰყავდა, როცა 16 მარტის 17 საათსა და 30 წუთზე ქართული არტილერიის ცეცხლმა მოულოდნელად გუმისთის მარჯვენა სანაპირო დაფარა და მდინარეზე გადმოსასვლელად მომზადებული ძალების მიმართულებით გადაიტანა. საარტილერიო გამანადგურებელ-გადამღობმა ცეცხლმა შეტევისათვის მომზადებულ ქვედანაყოფებს უზარმაზარი დანაკარგები მიაყენა.
იმ ბრძოლებში ქართულმა არტილერიამ დიდძალი საბრძოლო მასალა გახარჯა. უნარიანი სარდლობით ქართულმა ფორმირებებმა მოწინააღმდეგეს ისეთი მარცხი მიაყენა, რომ გუმისთას ფრონტზე აფხაზებს ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები აღარ დარჩათ და ქართული ქვედანაყოფების წინსვლას მოელოდა. .
მაგრამ უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროების წინადადება პოზიციების გუმისთას სანაპიროდან ეშერას ზემოთ გადატანაზე არ გაიზიარა და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომელიც 1993 წლის სექტემბრის ტრაგედიით დასრულდა.
მოწინააღმდეგის შეფასებები:
1-ლი მსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მებრძოლი ასტამურ ცაბარია: "15 მარტს გუმისთას ფორსირება ქიმიური დაცვის კომბინიზონებით რკინიგზის ხიდის მახლობლად მოვახდინეთ. შუა ღამით 5-6 კაციანი ჯგუფები ჯაჭვში ჩაბმულები მარცხენა ნაპირზე გადავედით, შევამოწმეთ ყველანი ვიყავით თუ არა და მოკლე გადარბენებით მოწინააღმდეგის პოზიციებთან დაახლოება დავიწყეთ.
მოულოდნელად ნაღმების აფეთქებისს ხმა გაისმა. ბიჭების ნაწილი დანაღმულ ველს გადაეყარა და აფეთქებებმა ბევრს სხეულის ნაწილები მოაგლიჯა.
მეც დავიჭერი, მაგრამ გადაადგილებას განვაგრძობდი და ბოლო ბარიერის - კედლის დაძლევისას წინიდან "ძოტებმა" მიბჯენით ცეცხლი გაგვიხსნეს. თავის გადასარჩენად სასწრაფოდ ქვაბულში ჩავხტით.
გამთენიისას მდინარის გადაღმიდან ჩვენი მეომრების საცეცხლე მხარდაჭერით გამოღწევას შევეცადეთ, მაგრამ საპასუხო გრიგალისებურმა ცეცხლმა ამის საშუალება არ მოგვცა. მდინარის უკან გადალახვა მხოლოდ მეორე დღის საღამოს შევძელით, მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლი კი დავკარგეთ".
მე-5 მსროლელი ბატალიონის ასეულის მეთაურის მოადგილე გალუსტ ტრაპიზონიანი: "შეტევა ფრონტის მთელ სიგრძეზე ზღვის სანაპიროდან მთებამდე განვითარდა. 15 მარტს გვიან ღამით ჩვენი ქვედანაყოფი ფრონტის ხაზთან მდებარე ცელოფნის საამქროსკენ დაეშვა და იქ შეტევის მზადყოფნაში მყოფ გუმისთას ფრონტის სხვა ქვედანაყოფებს შეუერთდა.
ორი საათის შემდეგ მდინარეზე გადასვლა დავიწყეთ. მანათობელი მაშხალების შუქზე გრიგალისებური ცეცხლით დაგვხვდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა დავძლიეთ და წყალსაქაჩზე ავედით. ამოცანა იყო - მანდარინების ბაღით გრეჩკოს ქუჩაზე გასვლა და გუმისთას მასივამდე არ მისული რკინიგზის ბაქანზე შეგროვება.
ჩვენი მოიერიშე ასეულების ამოცანა - უკან მომავალი ქვედანყოფებისათვის გზის გახსნა იყო. რადიოსაუბრებიდან ჩანდა, რომ იმ მხარეს ბევრი მოკლულ-დაჭრილი იყო და განუწყვეტლივ სასწრაფო დახმარების მანქანებს ითხოვდნენ.
ერთ-ერთი რადიომოსმენებიდან მოსმენილი საუბარი:
შეტევა, რატომ არ დაიწყო?
ცოტა ხალხი დაგვრჩა, საარტილერიო ცეცხლმა ბევრი გაგვინადგურა!
რამდენი დარჩით?
დაახლოებით 40-მდე!
დაუყონებლივ შეტევა დაიწყე! შენ ხომ აფხაზი ხარ!
1993 წლის მარტში სოხუმმა მტრის შემოტევას გაუძლო. რაც მთავარია აფხაზურმა ფორმირებებმა ამ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ბრძოლისუნარიანობა კარგა ხანს დაკარგეს, მაგრამ გამარჯვების შედეგები სამწუხაროდ, საქართველომ ვერ გამოიყენა
ქართული მონაცემებით მარტის ბრძოლებში მოწინააღმდეგის დანაკარგებმა 600-დან 800-მდე კაცი შეადგინა. განადგურდა 1 ტანკი, 4 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 20 ავტომობილი და სხვა ტექნიკა. ჩვენმა დანაკარგებმა 137 დაღუპულსა და 350 დაჭრილს მიაღწია.
აფხაზური წყაროები სხვა მონაცემებს იძლევიან: 300-მდე დაღუპული და დაახლოებით 1200-1500 დაჭრილი.

1993 წლის ივლისის ტამიშის დესანტის ქრონიკა
1993 წლის 1 ივლისს 21-22 საათებს შორის გუდაუთიდან პატარა სადესანტო ხომალდი "გუმა" და გემი "ბზიბი" შეიარაღებული "გრიფებისა" და სხვა კატარღების თანხლებით გამოვიდნენ და კურსი სამხრეთ-დასავლეთისკენ აიღეს, შემდეგ მიმართულება შეცვალეს და ცურვა სამხრეთისაკენ გააგრძელეს.
მოწინააღმდეგის მცურავი საშუალებები სოხუმის რადიოტექნიკური პოსტის დაკვირვების ზონაში მოხვდნენ და ცურვის მიმართულებებში შემჩნეულ ცვლილებებს მე-2 საარმიო კორპუსის შტაბის ოპერატიული მორიგე რეგულარულად ღებულობდა.
მაგრამ ინფორმაცია სოხუმიდან ოჩამჩირეში, 24-ე ბრიგადისა და იქ განლაგებული სხვა ქვედანაყოფების შტაბებამდე არ აღწევდა.
არადა, აფხაზური გემები რუსი სამხედროების მიერ შემუშავებული ოპერაციის ერთ კონკრეტულ და ძალიან საპასუხისმგებლო დავალებას ასრულებდნენ - ქართული ფორმირებების კონტროლქვეშ მყოფ სანაპირო ზოლზე დესანტი უნდა გადაესხათ, რომელსაც სოხუმი-ოჩამჩირის გზის გადაკეტვა ჰქონდა დავალებული.
გუდაუთაში ფიქრობდნენ, რომ გზის გადაკეტვა ქალაქის დამცველებს სირთულეებს შეუქმნიდა და ქართულ სარდლობას დესანტის წინააღმდეგ გუმისთიდან ძალების მოხსნას აიძულებდა, რაც თავის მხრივ, შრომის მიმართულებით მოქმედებებს გააადვილებდა.
აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან აქტიურობამ 18 ივნისის შემდეგ მოიმატა, როცა ტყვარჩელში ჰუმანიტარული აქციის სახით რუსი სამხედროების დაცვის ქვეშ მყოფმა სატვირთო ავტომობილებმა 200 ტონა ტვირთი შეიტანეს.
ტვირთის შემოწმების საშუალება ქართულ მხარეს არ მიეცა და გამორიცხული არ არის, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ტყვარჩელის დაჯგუფებამ სამხედრო დახმარებაც მიიღო.
2 ივლისის დილის 3-4 საათებს შორის ტამიშის მახლობლად მდებარე სოფელ ნაოჩთან, დაახლოებით, 600-800 მეტრის სანაპირო ზოლზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, სულ მცირე 300-350 კბილამდე შეიარაღებული მებრძოლი შეუფერხებლად გადმოსხდა და სოხუმთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.
პარალელურად, გუმისთის ფრონტზე სეპარატისტთა ძალების აქტიურობამ მოიმატა და მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადმოსულმა მე-2 ბრიგადის I, II, III და IV ბატალიონებმა ქართული ფორმირებების პოზიციებს შეუტიეს.
დარტყმა ცუგუროვკა-ახტუბას მიმართულებით განვითარდა და მძიმე ბრძოლების შემდეგ სოფლები: გუმა, ახალშენი, ზემო კამანი და შრომა აფხაზთა ხელში გადავიდა.
მოწინააღმდეგის ძალები ოჩამჩირის, კოდორისა და ტყვარჩელის მიმართულებებზეც გააქტიურდნენ და ამ მოქმედებებს თანხლებას არტილერიასთან ერთად რუსული მოიერიშე თვითმფრინავები უკეთებდნენ.
საზღვაო სადესანტო ძალების შემადგენლობაში შედიოდა: დონის კაზაკთა ცალკეული ასეული (დაახლოებით, 80-100 კაცი), სპეცდანიშნულების ჯგუფი "ედელვეისი" (დაახლოებით, 40-50 კაცი), ჩრდილოკავკასიელთა რაზმი (40-50 კაცი) და სხვა ფორმირებები.
აფხაზური მონაცემებით, დესანტის შემადგენლობაში შედიოდა: სამოქალაქო თვითმავალი საზღვაო ბარჟები "გუმა" (ყოფილი МБС-12) და МБС-24, ორი "გრიფი" და 5-7 "ვოლგის", "ნევკისა" და "ჩიბისის" ტიპის სასეირნო კატარღა.
"გუმას" მიუსერიდან 100-მდე მებრძოლი მოჰყავდა, ხოლო გუდაუთიდან გამოსულ МБС-24-ზე, დაახლოებით, 200 მებრძოლთან ერთად "გრადის" დანადგარი და საბრძოლო მასალებით დატვირთული ავტომობილი იყო.
სხვადასხვა მიზეზთა გამო დესანტი წინასწარ დაგეგმილ რაიონს დასავლეთით 500-700 მეტრით დაშორდა და დესანტირება დაჭაობებულ ადგილზე მოუხდა.
ნაპირზე პირველად ორი "ნევკიდან" 10-12 დნესტრისპირელი და ამდენივე ბიჭვინთის ბატალიონის მებრძოლი გადაისხა. მათ "გუმაზე" მყოფნი მიჰყვნენ და ბოლოს სანაპიროს МБС-24 მიადგა.
ჯარისკაცებმა გადმოსვლა მოასწრეს და "გრადის" დანადგარიც გადმოიტანეს, მაგრამ საბრძოლო მასალებით დატვირთული მანქანის გადმოყვანა ვეღარ მოესწრო. ოჩამჩირესთან განლაგებულმა ბატარეებმა დესანტირების რაიონს ცეცხლი გაუხსნეს და სადესანტო ხომალდი სასწრაფოდ უკან, ზღვაში გაბრუნდა.
მომდევნო დღეებში დესანტი მუდმივად დახმარებას ითხოვდა და მართლაც, 4 ივლისს გუდაუთიდან დახმარება გამოვიდა, მაგრამ ამ დროს ოჩამჩირის მახლობლად "განთიადი" დაცურავდა და ერთი ზალპი საკმარისი გამოდგა, რომ აფხაზებს დახმარებაზე ხელი აეღოთ.
ამის მიუხედავად აფხაზებმა სასეირნო სწრაფსვლიანი კატარღებით ღამით დესანტის რამდენჯერმე მომარაგება მაინც მოახერხეს. აფხაზთა ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა კარგად მომზადებულ-ეკიპირებული იყო და თითოეულ მებრძოლს გათვითცნობიერებული ჰქონდა, თუ რას აკეთებდა და რა რისკზე მიდიოდა.
რუსულ-აფხაზური დესანტის პირველი დარტყმები 1-ელი საარმიო კორპუსის მე-11 მოტომსროლელმა ბრიგადამ მიიღო, რომელსაც იმ დროს პოლკოვნიკი დავით თევზაძე მეთაურობდა.
პოლკოვნიკი დავით თევზაძე: "მაშინ ჩვენი სამოქმედო ზონა აგუძერა-კინდღის მონაკვეთს მოიცავდა. ბრიგადის შტაბი კინდღში, ხოლო ზურგის შტაბი და ძირითადი ბაზა - აგუძერაში იყო განთავსებული.
ბრიგადის ქვედანაყოფების ყურადღება, ძირითადად, მთებისკენ ჰქონდა გადატანილი. აფხაზური სოფლები ჯგერდა და ჩლოუ მოწინააღმდეგის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ, საიდანაც პარტიზანული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა.
დესანტამდე ორი კვირით ადრე მთელი სანაპირო ზოლი შევამოწმე და ტამიშთან მდებარე სოფელი ნაოჩი ვნახე. ეს ადგილი დაუცველი იყო და დესანტირებისათვის ხელსაყრელად ჩავთვალე. ჩვენს სარდლობას სანაპიროს გასამაგრებლად ერთი ასეული მოვთხოვე, მაგრამ ძალების უკმარისობის მიზეზით ჩემმა თხოვნამ მაშინ სასურველი შედეგი არ გამოიღო.
ეჭვების საფუძველს ისიც მაძლევდა, რომ ადგილობრივების გადმოცემით, მთებიდან ჩამოსული აფხაზი ბავშვები ნაოჩასთან ზღვაში ბანაობდნენ".
როგორ შეძლეს მცურავმა საშუალებებმა თითქოსდა დაცულ სანაპირო ზოლთან შეუმჩნევლად მისვლა?
მოქმედებდა ბრძანება, რომლის თანახმადაც უცხო გემებს სანაპიროსკენ ცურვის უფლება არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანაპირო დაცვის ძალები საარტილერიო ცეცხლს ხსნიდნენ და ნაპირთან მოახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.
მაგრამ ასეთი სისტემა ბოლომდე მოფიქრებული არ იყო და რამდენჯერმე სანაპირო ბატარეების ცეცხლქვეშ შეცდომით ქართული გემები აღმოჩდნენ.
ამჯერად სისტემამ, გაურკეველ მიზეზთა გამო თუ ვიღაცების უპასუხისმგებლობით საერთოდ არ იმუშავა.
ოპერაციის ყველაზე რთული ეტაპი - პირველი ტალღის ქვედანაყოფების მცურავი საშუალებებიდან სანაპიროზე გადმოსხდომა და პლაცდარმის დაკავება უდანაკარგოდ შესრულდა.
მაგრამ მედესანტეთა მომდევნო ტალღას ნაპირთან მიახლოების საშუალება არ მიეცა. ტრისტან ლეჟავამ პასუხისმგებლობა თავისთავზე აიღო და მისი ბრძანებით ოჩამჩირესთან განლაგებული ბატარეიდან გახსნილმა საარტილერიო ცეცხლმა აფხაზთა გემები უკან, ღია ზღვისკენ მიაბრუნა.
ამის შემდეგ მოწინააღმდეგის მცდელობები, რომ დამხმარე ძალები შემოეყვანა ან დესანტის ნარჩენები გაეყვანა - უშედეგო გამოდგა. არტილერია სანაპიროსთან მოახლოების საშუალებას აღარ აძლევდა.
დესანტთან ერთად მოწინააღმდეგის რაზმები მთების მხრიდანაც გააქტიურდნენ და რამდენიმე მიმართულებით შეტევაზე გადმოვიდნენ.
ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში კავშირი ზემდგომ სარდლობასთან და ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის შეწყდა და ვითარებაში გარკვევა სადაზვერვო დანაყოფებს დაევალა.
სადესანტო ოპერაციის მომდევნო ეტაპი - დაკავებული პლაცდარმის გაფართოება იყო და ძალების ერთი ნაწილი მარჯვნივ, ლაბრასკენ, ხოლო მეორე კი - მარცხნივ, ახალდაბაზე გასვლას შეეცადა.
ლაბრაში დუშეთის, ხოლო ცოტა ქვევით კი - ახალციხის ბატალიონი იდგა. ბატალიონი "ავაზა" – ლაბრას გადასახვევთან და ორხევის ბატალიონი - გზის ქვევით იყო განთავსებული.
მართალია, ეს ქვედანაყოფები ბატალიონებად მოიხსენიება, მაგრამ რეალურად თითოეული მათგანი რამდენიმე ათეული ადამიანისაგან შედგებოდა.
საბრძოლო ტექნიკიდან ბატალიონების განკარგულებაში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ჯავშანტექნიკა (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი) იყო, ხოლო ყველაზე ძლიერ საცეცხლე საშუალებას ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-7 წარმოადგენდა.
ქართული ბატალიონები მოწინააღმდეგის მოულოდნელი დარტყმების ქვეშ აღმოჩდნენ და პირველივე საათებში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.
ახალდაბისაკენ მიმავალ გზას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანუაარქუს სიმაღლეები აკონტროლებს, რომელსაც მონაცვლეობით მე-11 ბრიგადის ქვედანაყოფები იცავდნენ.
2 ივლისს, გამთენიისას, მთების მხრიდან განხორციელებული შეტევით სეპარატისტთა რაზმებმა სიმაღლეების დაკავება შეძლეს, მაგრამ პოზიციების გამაგრება ვერ მოასწრეს.
ბრიგადის დასახმარებლად შემოსულმა სადესანტო-მოიერიშე ბატალიონმა, პოლკოვნიკ ლევან ასათიანის ხელმძღვანელობით, ენერგიული კონტრდარტყმით ანუაარქუ მტერს დაატოვებინა.
მოვლენები ისეთნაირად განვითარდა, რომ დესანტთან პირველი ბრძოლები ბრიგადის მზვერავებმა გადაიტანეს.
მზვერავთა, დაახლოებით, 50-კაციანი ჯგუფი შავნაბადას ბატალიონიდან არჩილ ცინცაძისა და "თეთრი არწივიდან" კაპიტან მურთაზ გაბიტაშვილის მეთაურობით მდგომარეობის გამოსარკვევად სატვირთო მანქანა "ურალითა" და ჯავშანტრანსპორტიორით ლაბრისკენ მიემართებოდნენ, როცა ტამიშთან ჩასაფრებაში მოჰყვნენ.
მოწინააღმდეგემ "ურალი" გაატარა და უკან მომავალ ჯავშანტრანსპორტიორს სროლა აუტეხა. მზვერავები ავტომანქანიდან გადმოხტნენ და გადამწვარი სკოლის შენობასა და ეზოში გამაგრდნენ. ქართველმა მებრძოლებმა წრიული დაცვა დაიკავეს და სეპარატისტთა ჭარბ ძალებს ისეთი ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომელსაც მტერი არ მოელოდა. ალყაში მოქცეული მზვერავები 2 ივლისის ბოლომდე იბრძოდნენ და სეპარატისტთა შეტევის ტემპები შესამჩნევად შეანელეს.
3 ივლისს ადგილზე თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებელი ღონისძიებები დაიგეგმა. რაც მთავარია, ქართული ფორმირებების წინააღმდეგობამ ორგანიზებული სახე მიიღო და მოწინააღმდეგე პლაცდარმის გაფართოებას ვეღარ ახერხებდა და ზღვიდან დახმარების მიღების იმედიც გადაეწურა.
ანუაარქუს სიმაღლეებზე, მაიორ თემურ ბიწკინაშვილი მეთაურობით, შავნაბადას ბატალიონის 200-მდე მებრძოლი გამაგრდა და არც დათმო.
ეთერში ისმოდა რუსი მედესანტეების გუდაუთაში გაგზავნილი თხოვნა - უკან გაგვიყვანეთ! ასეთ წინააღმდეგობას არ მოველოდით! სად გამოგვიშვით?
ქართული ფორმირებების სპონტანურმა წინააღმდეგობამ მალე ორგანიზებული ხასიათი მიიღო და 3 ივლისიდან მე-11 მოტომსროლელი ბრიგადა დესანტის შევიწროებას შეუდგა.
4 ივლისს ბრძოლებში პოლკოვნიკი დავით თევზაძე დაიჭრა და ამის შემდეგ ბრიგადის მოქმედებებს ბრიგადის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა.
კობა კობალაძე: მომდევნო დღეებში აფხაზები ანუაარქუს აღებას ამაოდ ცდილობდნენ. პირდაპირი შეტევის დროს მედესანტეები დანაღმულ ადგილებში მოხვდნენ და დიდი დანაკარგებიც მიიღეს. აფხაზებმა შეტევაში ნაალაფარი ტანკებიც ჩართეს და ტყვარჩელიდან გადმოსული კაზაკების დახმარებით დაწოლის გაძლიერებას შეეცადნენ, მაგრამ ისევ მარცხი იწვნიეს.
ერთი ტანკი მწყობრიდან ნაღმმა გამოიყვანა, მეორე - შავნაბადელებმა ააფეთქეს, ხოლო მესამეს კი - წერტილი არტილერიის ცეცხლმა დაუსმა.
მაშინ მოწინააღმდეგემ ხეობისაკენ დაიხია, სადაც პოლკოვნიკ ემზარ ჭოჭუას არტილერისტთა ცეცხლქვეშ აღმოჩდა და თავის წამოწევის საშუალება არ მისცა.
მოულოდნელი დესანტირებით პირველ საათებში მიღწეული უპირატესობის შემდგომი განვითარება მოწინააღმდეგემ ვეღარ შეძლო და აქ მთავარი როლი ქართველი მებრძოლების არნახულმა საბრძოლო სულისკვეთებამ, თავგანწირვამ და შემართებამ ითამაშა.
არადა, ჩვენი ჯარისკაცები სეპარატისტთა საუკეთესო ქვედანაყოფებს ებრძოდნენ, რომლებიც საუკეთესოდ მომზადებულ-აღჭურვილნი იყვნენ.
ყველას ჯავშანჟილეტი ეცვა და იარაღისა და საბრძოლო მასალების ისეთი მარაგით იყო დატვირთული, რამდენის ტარებაც შეეძლო.
დესანტმა 6 დღეს რომ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე გაძლო - თავისთავად ლაპარაკობს, 1993 წლის ივლისში თუ ვის წინააღმდეგ უხდებოდათ მოქმედება ქართველ ჯარისკაცებს.
გუჯარ ყურაშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დაჯგუფებამ მე-11 ბრიგადის ქვედანაყოფების, აგრეთვე, სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის, შინაგანი ჯარების ქვედანაყოფის, მხედრიონელთა რაზმის ერთობლივი მოქმედებით, 9 ივლისათვის გზის გახსნა მოახერხა ოჩამჩირის მხრიდან.
მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სავარაუდოდ, დესანტმა და მოწინააღმდეგის ოჩამჩირის დაჯგუფებამ ერთად 100-დამ 200-მდე კაცი დაკარგა.
უკვე სოჭის შეთანხმების შემდეგ რუსეთის გემებს უნდა გაეყვანათ კაზაკები, დაახლოებით, 200 კაცი სოჭში, მაგრამ შემოვიდნენ აფხაზური გემები, რომლებმაც სოჭში გასაყვანი 105 კაცი გუდაუთაში დააბრუნეს.
ომის თავიდან აცილება ყველაზე დიდი წარმატებაა,მით უმეტეს - ჩვენაირი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის, მაგრამ ომშიც შეიძლება ბრძოლების მოგება სწორი დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, მთავარია სამშობლოს სიყვარული და საბრძოლო სულისკვეთება არ მიილიოს, რისი დიდი საფრთხის წინაშეც ვდგავართ საქართველოში, სამწუხაროდ...