"ჩემი გჯერა?!" - ველოდი მირცხულავა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
88 წლის ასაკში გარდაიცვალა 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ველოდი მირცხულავა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ის დევნილი იყო აფხაზეთიდან და ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლითა და ფრაზით "ჩემი გჯერა" დაამახსოვრა ფართო საზოგადოებას თავი.
ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მაია კალანდია წერს:
"უანგაროდ, მთელი გულით ემსახურა თავის ქვეყანას. ერგო წილად ბედნიერება, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისთვის და ბოლო ამოსუნთქვამდე ქვეყნის დარდით ცხოვრობდა - ველოდი მირცხულავა! სანამ შეეძლო ფეხზე დგომა, ყველა მიტინგზე შეხვდებოდით, ყველგან რუსეთსა და ოკუპანტს, აქ კი მათ დამქაშებს აგინებდა. ქვეყანამ გაიცნო წლების წინ გავრცელებული ვიდეოთი, როდესაც სიტყვაწართმეული, გულგამსკდარი პატრიოტები ჩუმად დადიოდნენ და მათი ხმა არსად ისმოდა [და სადაც] ცდილობს, დაითანხმოს ჟურნალისტი, რომ იმ უბედურების შემოქმედი, რაც ქვეყანაში ტრიალებს, შევარდნაძეა და თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი ჩაატანა იმ ცნობილ გინებაში!.. შორს დარჩა საყვარელი გულრიფშის კვიპაროსები და თავისი სახლიდან გამოძევებულ პატრიოტს, თბილისის მიწა მიიბარებს! მსუბუქი იყოს".
იხილეთ ვიდეო: