რატომ არ ვვითარდებით? - უპასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს - კვირის პალიტრა

რატომ არ ვვითარდებით? - უპასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს

კონკრეტული სიტუაციის შეცვლით ცვლი საკუთარ თავს, შემდეგ - გარემოს, შემდეგ - შენს ქვეყანას.

უპასუხისმგებლობაა, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს.

ერთ-ერთ ცნობილ ინტერნეტ-კომპანიაში ვრეკავ. აქ, საქართველოში ხდება ეს ამბავი. პრობლემები შემიქმნა, ნებით თუ უნებლიეთ... იმ დღეს ვმუშაობდი და ნახევარი დღე ინტერნეტის გათიშვა ნიშნავდა, რომ მნიშვნელოვნად დავაზარალე ჩემი სამსახურის საქმე. მოკლედ, ვრეკავ და ვითხოვ საქმის ვითარებაში გარკვევას... ჯერ ხომ ბოდიშს არავინ გიხდის. ეს, ცალკე ერთი დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. მოკვდება და ბოდიშს არ მოიხდის. პირად ურთიერთობაში ეშლება, პირდაპირ თავის მართლებაზე გადადის, ვერ აანალიზებს, რომ მომხმარებელი დაზარალდა...

მთავარი კი ის არის ჩემთვის ამ ამბავში, რომ ინტერნეტ-კომპანიაში კი არა, უკვე თითქმის ყველა კომპანიაში, კლინიკასა თუ მაღაზიაში, სადაც რეკავ, პირველი, ავტომოპასუხის ხმას ისმენ - „მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება“. ვისთვის იწერება? რატომ? ვინ უსმენს ამას? პრობლემას ჰყვები, რაღაცაზე წუხარ, გადის დრო და ისევ ისეა ის პრობლემა, მოუწესრიგებელი. ვინც უნდა გესაუბრებოდეს, დარწმუნებული ვარ, როგორც კი ტელეფონს კიდებს, ეგრევე წუწუნებს თანამშრომლებთან, რომ ვიღაც „გიჟი“ მომხმარებელი რეკავდა და აი, როგორ გაუძლო...

შე, დალოცვილის შვილო, განვითარებული ქვეყნები ათასობით თანხას ხარჯავენ, რომ საკუთარი მომხმარებლის აზრი გაიგონ. სულ რომ აბსურდულ პრეტენზიას აწვდიდე, გისმენენ, ფიქრობენ, აანალიზებენ, რა შეცვალონ, რა განავითარონ და ასე შემდეგ. შენ კი გაქვს მზა, ამ სატელეფონო ჩანაწერებით, მომხმარებლის მოსაზრებები, რომელსაც ჩანს, არც არავინ უსმენს და არც არაფერი იცვლება. ხომ ასეა? იმიტომ, რომ მენეჯერამდე არ მიდის და, საერთოდ, მენეჯმენტი ხომ დაბალ დონეზეა ჩვენთან... ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომ მენეჯმენტი არ არსებობს, ზოგადად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სფეროში მომსახურება მომხმარებლის მოგერიებაზეა გადასული. კომპანიები კი შეცდომებიდან შეცდომებამდე მუშაობენ...

გაინტერესებთ, რა კავშირშია ეს ქვეყნის განვითარებასთან? პირდაპირ კავშირშია! ვინაიდან, აშკარად ჩანს, რომ პასუხისმგებლობა არ გვაქვს. პასუხისმგებლობა თუ არ არის, ჩნდება ქაოსი! კონკრეტული სიტუაციის შეცვლით ცვლი საკუთარ თავს, შემდეგ - გარემოს, შემდეგ - ცვლი ქვეყანას.

ავიღოთ ე. წ სილამაზის სალონები. ჯერ ერთი, მოვითხოვ, დროებით ჩამოერთვათ ეს სახელი და დაერქვათ „სიმახინჯის სალონები“. აბა, რას ჰგავს მათი მომსახურება? ეგღა აკლია, ჰკითხო, ამ ფასად რა შედეგს მიიღებ? შეიძლება ერთი მაგრად გამოგლანძღოს. სინამდვილეში კი ამ ამპარტავნების მეოთხედსაც ვერ აკმაყოფილებს. იხდი ფულს და მადლობას და ხარ ხასიათ-გაფუჭებული, პლუს - დამახინჯებული. აქ იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, ადვილია სალონის გახსნა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმიტომ არის, მაგრამ ხომ შეიძლება, დღეს რომ დამწყები ვარ და შუბლთან თმას სწორად ვერ გჭრი, ხვალაც, ერთი წლის შემდეგაც, როგორ უნდა ვიყო იგივე დონეზე? როგორ შეიძლება არასოდეს გიჩნდებოდეს სურვილი, კვალიფიკაცია აიმაღლო, რაღაც მეტი ისწავლო?... აქაც უპასუხისმგებლობამდე მივდივართ.

სადაც არ არის პასუხისმგებლობა, იქ ჩნდება ქაოსი! მაშინ ნუღარ ითხოვ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას.

ჩემი ახლობელი ერთ-ერთ საწარმოში მუშაობს. აცხობს. კი, ჩავწერეთ „შრომის კოდექსში“ და ევროპელებსაც „ვეპრანჭებით“, რომ კვირაში ორმოც საათზე მეტს არ ვამუშავებთ ადამიანს. ამასთანავე, ძალაში შევიდა კანონი სიმძიმეების აწევასთან დაკავშირებით... შედეგი რა არის!? შედეგია: ყველგან და ყველაფერში ზედაპირულობა!

თუ ვინმე ამოწმებს, მუშაობს თუ არა კანონი, ამოწმებს ზედაპირულად. „შიდა მხარე“, ვისზეც დგას საწარმო, არავის აინტერესებს. შესაძლოა, მენეჯერის და მოლარის დონეზე იცავენ კანონს, მაგრამ რეალურად მთელი რიგი თანამშრომლების მიმართ ირღვევა ის. სიმძიმეებსაც ათრევენ; სამუშაო საათებიც გადამეტებულია და ბოდიშსაც არავინ იხდის გაფუჭებული საქმისთვის.

ამ ქვეყანაში, მგონი, არავის უნახავს, არავის გამოუცდია, რას ნიშნავს ბოდიშის გადახდა, განვითარებაზე ორიენტირება. კანონი კანონისთვის რომ არ იწერებოდეს, არამედ - თითოეული მოქალაქისთვის და ამისთვის ხელისუფლება მოქმედებდეს.

ასე, ზერელე კვლევებით, კანონის ზერელე აღსრულებით გვინდა ევროპაში გაწევრება? გაწევრების შემდეგ, ვშიშობ, ისევ იქ ვიყოთ, სადაც ვართ, ვინაიდან ფაქტია, ძირფესვიანად არ ცვლი არაფერს. თითოეული ადამიანის სიცოცხლე არ გიღირს არაფრად...

კიდევ ერთი ამბავი. ჩემი მეზობელი იტალიურ ეზოში, ღია კარში უსმენს ხმამაღლა სიმღერებს ღამის 2 საათზე ან ელექტროხელსაწყოს რთავს ამავე დროს. რამდენიმე წლის მოთმინების შემდეგ, ერთადერთხელ ვთხოვე, რომ კარი მიეხურა, რომ სხვებისთვის ხელი არ შეეშალა. ისეთი ამბავი ატეხა, შენ გამო 11-ზე ვერ დავიძინებო. ჩაიდე ბამბები ყურში, გადაბრუნდი და დაიძინეო. რა კანონი? კანონის განხორციელებას დრო უნდაო.. და, მსგავსი სისულელეები.

ევროპელი მეზობლისთვის წლები რომ მომეთმინა, იმავე სიტუაციაში, აქეთ დამცინებდა, დებილად ჩამთვლიდა და თუ ასე გავაგრძელებდი, კანონის დამრღვევად აქეთ გამომაცხადებდა. რაც მთავარია, იმის გამო, რომ შესაბამის უწყებას დავურეკე თავის დასაცავად და კანონის აღსასრულებლად, ამისთვის არც ერთი ევროპელი მეზობელი არ გებუტება. მან იცის თავის დანაშაული და ეს პირად ურთიერთობაზე არ მოქმედებს.

ქართველმა მეზობელმა კი იცის, რომ კანონს არღვევს, მაგრამ მაინც ცხვირს იბზუებს, როგორ გაუბედე... მაშინ კანონი როგორღა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში? არ არის დრო, ვიფიქროთ ამაზე - როგორ დავამკვიდროთ კანონის აღსრულება ქვეყანაში?

არ არის ეს წვრილმანები. არ არის! განვითარებული ქვეყნები ამ ე. წ წვრილმანებზე დგას. მე მინდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდე, რომ დაცული ვარ, სამართალი მოქმედებს. და ამას თუ არ ვგრძნობ, ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია.

გთხოვთ, დაიმახსოვრეთ: პასუხისმგებლობა თუ არ არის, ჩნდება ქაოსი! უპასუხისმგებლო გარემოში მხოლოდ ქაოსია.

კონკრეტული სიტუაციის შეცვლით კი, პირველ რიგში, ცვლი საკუთარ თავს, შემდეგ - გარემოს, შემდეგ - შენს ქვეყანას.