როგორია პრეზიდენტისა და ოპოზიციის გეგმა B?! - "იმპიჩმენტი თუ განხორციელდა, ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და..." - კვირის პალიტრა

როგორია პრეზიდენტისა და ოპოზიციის გეგმა B?! - "იმპიჩმენტი თუ განხორციელდა, ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და..."

გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს განცხადება, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის საჭირო ხმების მოპოვების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობიდან" 10-12 დეპუტატის გადაბირება სცადონ ( ამ ვერსიის მიხედვით, "ოცნების" სამიზნე ის დეპუტატები იქნებიან, რომლებსაც შანსი არ აქვთ, 2024 წლის არჩევნებისთვის "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში მოხვდნენ). დიახ, სკანდალური განცხადება იყო, თუმცა როგორც ჩანს, არა პრეზიდენტისთვის.

კერძოდ, იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. იმ ეპიზოდური განცხადებებიდან, რომლებსაც ოპოზიციონერები შეხვედრის შემდეგ აკეთებენ, ირკვევა, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.

"დიახ, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს და ემზადება, ამაზე ძალიან მშვიდად და წყნარად მესაუბრებოდა, პრაგმატულად უყურებს ამ შესაძლებლობას; აშკარაა, რომ ამ სცენარზე ნაფიქრი აქვს და აქვს დაშვებები და გეგმები, რა უნდა გააკეთოს - ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი "სახლში არ დაჯდება"

ეს და სხვა განცხადებები იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს რაღაც ერთიან გეგმა აქვთ და შეხვედრებისას ამას არცთუ ისე მცირე ყურადღება ეთმობა. არსებული ინფორმაციით, გეგმა ასეთია: თუ "ოცნებამ" მოახერხა ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირება და იმპიჩმენტი განახორციელა, ოპოზიციას ხალხი ქუჩაში გამოჰყავს. საპროტესტო აქციას უერთდება სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, ლიდერის სტატუსით. ამასთან, ზურაბიშვილი უზრუნველყოფს, რომ პროტესტს დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდეს. შემდეგ უკვე ყველაფერს ქუჩა და ნერვების ომი გადაწყვეტს. ამ და სხვა საკითხებზე ეკა ბესელია გვესაუბრება.

- ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიციის ერთიანობა . უხერხულად კი ჟღერს, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს დარბაზში არ უნდა შევიდეს, მაგრამ შესაძლოა, ეს გარკვეულ სიფრთხილეს უკავშირდებოდეს. სჯობს თავიდანვე დააზღვიო რისკი, ვიდრე შემდეგ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს. იმედი მაქვს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა უშედეგოდ დასრულდება, თუმცა ეს პროცესი ძალიან დააზიანებს საქართველოს ევროპული მისწრაფებებს.

- რეალურად მიგაჩნიათ თუ არა ვერსია, რომ „ოცნება“ ოპოზიციიდან დეპუტატების გადაბირებას ცდილობს?

- თავისთავად, "ქართული ოცნება" იმის მოსყიდვას შეეცდება, ვისაც ჰგონია, რომ მოისყიდის. იმედი მაქვს, ასეთი სუსტი რგოლი არ მოიძებნება ოპოზიციაში, რადგან ეს თვითგანადგურება იქნება.

- თქვენ, როგორც „ოცნების“ ყოფილმა წევრმა, შეგვიძლია გვითხრათ, რა მეთოდებს იყენებს მმართველი პარტია ოპოზიციონერების გადასაბირებლად?

-- ჩემი თანდასწრებით ასეთი რამ არ ხდებოდა. თუმცა მეთოდები ყველასთვის ცნობილია - მოსყიდვა, მატერიალური დაინტერესება და ა.შ. კონკრეტული მტკიცებულებები არ მაქვს, თუმცა დავაკვირდეთ პროცესებს - ჩვენ „ოცნებიდან“ კრიტიკული განცხადებებით წამოვედით, თუმცა ზოგიერთი დათანხმდა სხვა პოზიციაზე გადასვლას - სწორედ ეს არის პოლიტიკური გარიგება. რასაც ახლავს კორუფციული ინტერესი.

- თავის დროზე თქვენც გთავაზობდნენ გარიგებას?

- მეც მქონდა შემოთავაზება. როცა მე წამოვედი "ოცნებიდან", ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სპიკერატის კაბინეტი დაათვალიერებინა, რომელშიც რემონტი მიმდინარეობდა და უთხრა - აქ მზადდებოდა ქალბატონი ეკასთვის ადგილი და ჩემთვის უცნობია, რატომ მიიღო მან წასვლის გადაწყვეტილებაო. აქვე გეტყვით, რაც კობახიძემ თქვა, ეს იყო ყველაზე უმნიშვნელო შემოთავაზება. სხვა დეტალებზე მე არ ვსაუბრობ...

- ერთ-ერთი ვერსიით, თუ "ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტი განახორციელა, ოპოზიციას და პრეზიდენტს აქვთ შემდეგი სამოქმედო გეგმა - ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და საპროტესტო აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილიც...

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საქართველოს მოქალაქეებს აკისრიათ. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათ უნდა იბრძოლონ საკუთარი მომავლისთვის. ხელისუფლება არის ხალხის დაქირავებული, რაც ხშირად ავიწყდებათ და და თავი ქვეყნის ბატონ-პატრონები ჰგონიათ. მარტის აქციების დროს გამოჩნდა, რა არის ხალხის არჩევანი. საკმაოდ ბევრნი ვიყავით ქუჩაში გამოსულები და ახლაც ამ ადამიანებზე გადავა ეს ტვირთი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქტიურობა წლის ბოლომდე, როდესაც ჩვენ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირისგან პასუხი უნდა მივიღოთ. ხალხის პროტესტი უნდა იყოს უფრო აქტიური და მუდმივი...

ერთი რამ ცხადია - როგორც ჩანს, ხელისუფლება ბორელის რეკომენდაციის მიუხედავად, გაჩერებას არ აპირებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებს - საჭიროა, რომ მათ გაიგონონ ხალხის ხმა. საჭიროა მობილიზება, რადგა თუ სტატუსის მოპოვების შანსი გაუშვა საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვქონდეს მსგავსი შესაძლებლობა.

- იმ ფონზე, როცა ოპოზიციაში არის ასეთი დაქსაქსულობა და თვითონ პარტიების შიგნით შეუთანხმებლობა, გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მთელი ოპოზიცია ერთად დადგება?

- იმედი მაქვს, როგორც მარტში მოხდა კონსოლიდირება, ასევე იქნება ახლაც. მაშინ საფრთხე დაინახეს ახალგაზრდობამ, მოქალაქეებმა და გამოვიდნენ ქუჩაში. ახლა უფრო მძაფრად ჩანს ეს საფრთხე და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. მომავალ წელს არჩევნებია და ეს ხელისუფლება არჩევნების გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს

- ცნობილია, რომ თქვენ სალომე ზურაბიშვილთან გაქვთ ხშირი კომუნიკაცია, როგორია მისი განწყობა დღეს?

- პრეზიდენტი ძალიან მხნედ არის. ის იმპიჩმენტზე საერთოდ არ ღელავს, ამ პროცესს ძალიან ადეკვატურად უყურებს, შესაბამისი შინაგანი მზაობა აქვს. არ უკვირს, უბრალოდ ძალიან წუხს იმაზე, რომ ამის გამო საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯი ზიანდება. ის აპირებს ვიზიტებისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის გაგრძელებას, რათა ქვეყანამ მხარდაჭერა მოიპოვოს. მომავალშიც, საკუთარი სახსრებით კვლავ რომ დასჭირდეს ვიზიტების დაფინანსება, ამას გააკეთებს.

- თვითონ ოპოზიციის ლიდერების გეგმები როგორია?

- საპარლამენტო ფორმატში ალბათ, კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის პრინციპული ნაბიჯები. მე ინდივიდუალური შეხვედრები მაქვს და ამ საკითხში ყველას განწყობა პრაქტიკულად იდენტურია, გარდა იმ ხალხისა, ვისაც "ქართული ოცნება: აკონტროლებს. მაგალითად, რაც არ უნდა თქვას ელისაშვილმა, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, მის სიტყვას ფასი არ აქვს. ასეთი ერთი-ორი დეპუტატი თუ იპოვეს პარლამეტში, არ ვიცი. მჯერა, რომ ოპოზიცია ერთიანი იქნება.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)