"თუ „ლელო“, „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთში ლაგდებიან, რომ საჭირო ხმებს იღებენ, მაშინ თქვან" - ანა ბუჩუკური პრემიერის იმპიჩმენტის ინიციატივაზე
რამენაირად თვე ნახევარი „ლელომ“ და „ნაცებმა“ მოითმინონ, მით უფრო, როცა ეს იმპიჩმენტი არის ყალბი, რადგან მას სჭირდება 76 ხმა. თუ „ლელოს“, „ნაცები“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთში ლაგდებიან, რომ ამ 76 ხმას იღებენ, მაშინ თქვან, - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტს.
ბუჩუკური აცხადებს, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ღარიბაშვილი არათუ თანამდებობიდან არის გასაშვები, არამედ დასაჭერია.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ბორელისგან, როგორც დახურულ შეხვედრაზე, ისე ღიად, რომ ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ ტურბულენციას გაზრდის ქვეყანაში ანუ გააღრმავებს პოლარიზაციას, ძალიან მძიმე გზავნილია ევროკავშირისთვის. თვენახევარია დარჩენილი შეფასების მიღებამდე, რამენაირად თვენახევარი „ლელომ“ და „ნაცებმა“ მოითმინონ, მით უფრო, როცა ეს იმპიჩმენტი არის ყალბი, რადგან მას სჭირდება 76 ხმა. თუ „ლელოს“, „ნაცების“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთში ლაგდებიან, რომ ამ 76 ხმას იღებენ, მაშინ თქვან,“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
"ინტერპრესნიუსი"