"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება"
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, ეს საბჭო საკუთარ თავში გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ისე სამოქალაქო აქტივისტებს და იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს პოლიტსაბჭოზე ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერჯერობით მოლაპარაკებისა და დამუშავების სტადიაზეა ეს თემა. გუშინ გამოიკვეთა კონტურები შესაძლო შეთანხმებების მიღწევის. ბუნებრივია, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"