აშშ-ს მიერ დასანქცირებული ფარცხალაძის სკანდალები - გერმანიაში ნასამართლეობიდან თბილისის ღამის კლუბში მაღალჩინოსნის ცემამდე
აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველი-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ოთარ ფარცხლაძე საქართველოს მთავარ პროკურორად დანიშვნიდან მალევე გაეხვია სკანდალში. იგი თანამდებობაზე 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. პოსტის დატოვებამდე ფარცხალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“, - წერს ოთარ ფარცხალაძე, რომლის შესახებაც იმ დროს ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის გერმანიაში იყო ნასამართლევი "ყაჩაღური ქურდობის" მუხლით. კერძოდ, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძემ გერმანიაში ბოტასები მოიპარა.
ფარცხალაძემ არ უარყო, რომ გერმანიაში ინციდენტი შეემთხვა:
"2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც, მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას". მისივე თქმით, პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ ოპონენტები გაანაწყენა და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყებისა და პირადად მის კომპრომეტირებას.
ასევე, ყოფილ მაღალჩინოსანს საქართველოს პროკურატურა 2017 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას კლუბ "ელ ცენტროში" თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა. კერძოდ, მოგვიანებით, პრესაში გავრცელებული მასალების მიხედვით, აუდიტის სამსახური ფარცხალაძის კომპანიებისა და მერიის საქმიანობას სწავლობდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მთავარი პროკურორის ფირმებმა არაადეკვატური კომპენსაცია მიიღეს(საქმე ეხებოდა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით მიწის ადგილმონაცვლეობას). ფარცხალაძის მხარე კი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თორდია კლუბში შეხვედრისას ფარცხალაძეს არ მიესალმა.
გარდა ამისა, 2018 წელს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბიზნესდავას, რომელში ყიფიანის ჩარევით ფარცხალაძე უკმაყოფილო დარჩა.
ამ ფონზე უწყინრად გამოიყურება კიდევ ერთი სკანდალი. პანდემიის დროს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა.
"ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, მე, "ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება"- თქვა გახარიამ.