„იარაღი, კოსმოსური ჯაშუშები და ბირთვული ამბიციები: ის, რაც პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრიდან გავიგეთ“ - The Independent
„რუსი ლიდერისა და მისი ჩრდილო-კორეელი კოლეგის პირისპირ იშვიათი შეხვედრის შედეგები უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებს ნამდვილად ბევრ მომენტზე ჩააფიქრებს“, - წერს ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში” (The Independent) პოლიტიკური მიმომხილველი კრის სტივენსონი. სტატიის სათაურია „იარაღი, კოსმოსური ჯაშუშები და ბირთვული ამბიციები: ის, რაც ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრიდან გავიგეთ“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შორეულ აღმოსავლეთში მდებარე რუსულ კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ კომპლექსის ტერიტორიაზე შეხვდნენ, რაც იმას მოწმობს, რომ კიმ ჩენ ინს კოსმოსური ტექნოლოგიები იზიდავს. თავის მხრივ, რუსეთი დაინტერესებულია, ფხენიანმა მოსკოვს საბრძოლო მასალები მიაწოდოს, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს ამ საკითხებზე ოფიციალური პოზიციები არ დაუფიქსირებიათ. მოლაპარაკება დასრულდა სადილით, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინმა სადღეგრძელო წარმოსთქვა რუსეთის გამარჯვებისათვის, დასავლეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე „წმინდათ წმინდა ომში“ , - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
კრემლმა ზოგადად განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს. საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა, შემდეგ მათ მდიდრული სადილი ელოდათ რუსული „პელმენებით“, კამჩატკური კიბორჩხალებით და ზუთხით, რომელიც სოკოთი და კარტოფილით იყო მომზადებული.
ამრიგად, რა მთავარი მომენტები უნდა ვიცოდეთ ორი ლიდერის შეხვედრის თაობაზე?
საბრძოლო მასალები - აი, რა სურდა ვლადიმერ პუტინს ამ ვიზიტიდან. რუსეთი აქტიურად ხარჯავს თავის სამხედრო არსენალს უკრაინასთან ომში, ფხენიანს კი ჩვეულებრივი იარაღის უზარმაზარი რეზერვები აქვს. ასე ურიცხვი რაოდენობით ინახავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა შეიარაღებას.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თავის ჩრდილო-კორეელ კოლეგასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა და რომ კიმ ჩენ ინი თავის რუსულ ვიზიტს გააგრძელებს, კერძოდ, ეწვევა ჯერ ვლადივოსტოკს, შემდეგ კი ამურის კომსომოლსკს, დაათვალიერებს ადგილობრივ საავიაციო ქარხანას. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი ფხენიანთან მოლაპარაკებაში საერთაშორისო პრინციპებს დაიცავს, მაგრამ რეალურად მათთვის ძალიან ძნელი იქნება ისეთი ხელშეკრულების ან კონტრაქტის გაფორმება, რომლებითაც დასავლური სანქციები არ დაირღვევა.
დელეგაციების შემადგენლობაში ორივე მხრიდან თავდაცვის მინისტრები შედიოდნენ, აგრეთვე, ძირითადად - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების წარმომადგენლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი აქცენტი სწორედ სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე იყო გადატანილი. დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, რომ რუსეთს იარაღი და საბრძოლო მასალები არ მიჰყიდოს. უფრო ადრე იგივე განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, თუმცა არც მოსკოვი და არც ფხენიანი ამ შეგონებას ყურადღებას არ აქცევენ. ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეას მომავალ თვეში ვიზიტით სერგეი ლავროვი ეწვევა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინთან საუბრის დროს ბირთვული მუქარებისა და შეიარაღების საკითხებზე არ ულაპარაკიათ, თუმცა არის ცნობები, რომ კორეელ ლიდერს სარაკეტო ტექნოლოგიები და ატომური წყალქვეშა ნავები აინტერესებს. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება - მზადაა თუ არა რუსეთი, ჩრდილო-კორეელ ამხანაგებს საიდუმლო ტექნოლოგიები გაუზიაროს.
საერთოდ, კოსმოსის თემატიკა ორი ქვეყნის თანამშრომლობაში ყველაზე ღიად არის გამოხატული. პუტინმა კორეელ სტუმარს სიამაყით აჩვენა კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ რაკეტების გამშვები მოედანი და თანამშრომლობას დაჰპირდა. სხვათა შორის, ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეაში სულ უფრო ხშირად ხდება ავარიები კოსმოსური თანამგზავრების - „კოსმოსური ჯაშუშების“ გაშვების დროს, ამიტომაც ფხენიანს შედარებით მოწინავე რუსული ტექნოლოგიების მიღება სურს.
ამასთან, აშკარაა, რომ თუ კომუნისტური კორეა მოწინავე ტექნოლოგიებს მიიღებს, ამით ის საფრთხეები გაძლიერდება, რომლებსაც კიმის რაკეტები უქმნიან საერთაშორისო სტაბილურობას, განსაკუთრებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიის დაფარვა შეუძლიათ. „აქ იმიტომ მოვედით, რომ ამხანაგი კიმი რაკეტული ტექნოლოგიებისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებს. ჩვენი მეზობელი ქვეყანა კოსმოსის ათვისებას ცდილობს“, - ეს ვლადიმერ პუტინის სიტყვებია, რომელიც მან კოსმოდრომზე ყოფნისას წარმოთქვა.
სადილის დროს წარმოთქმულ სადღეგრძელოში კი კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კორეელმა სტუმარმა მასპინძლისა და რუსეთ-კორეის მეგობრობის სადიდებლად ღვინით სავსე ბოკალი ასწია და და მტკიცედ განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთთან მიმდინარე „წმინდათ წმინდა ომს“ მოიგებს.
„მტკიცედ მჯერა, რომ გმირული რუსული არმია და რუსი ხალხი ბრწყინვალედ გააგრძელებს გამარჯვებების ტრადიციებს და უფრო ენერგიულად მოახდენს კეთილშობილური ღირსებების დემონსტრირებას სამხედრო მოქმედებების ფრონტებზე. მჯერა, რომ რუსი ხალხი უძლიერესია“, - ასეთი პათოსით განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ