"იქნებ, იმდენს ვცოდავთ, რომ ქრისტეს ჩვენი დანახვა აღარ სურს?!"
მამა თეოდორე (გიგნაძე) - "ადამიანს არ შეუძლია იცოდეს, როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა"
"პრობლემა ჩვენში - ადამიანებშია და არა - ტექნიკურ პროგრესში"
ბოლო ხანებში საქართველოში არა ერთი ტრაგედია დატრიალდა: ჯერ იყო შოვის სტიქია, რასაც გურიის წყალდიდობა მოჰყვა. მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა სახლები დაანგრია, დატბორა და ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა!
ამ მოვლენების შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაჩნდა ეჭვი - იქნებ, უფალი გვსჯის? იქნებ, მეორედ მოსვლა გვიახლოვდება?!
ამ და სხვა თემებზე ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი - თეოდორე გიგნაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრება.
- მამა თეოდორე, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად კამათობენ ასეთ საკითხებზე - ღმერთი გვსჯის, ეს მოვლენები მეორედ მოსვლის ნიშანიაო... რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს ამის თაობაზე?
- დავიწყებ იმით, რომ ქრისტიანობაში მთავარი თუ დაიკარგა, მერე ადამიანები საკუთარ რწმენას იგონებენ. მაინც, რა არის ეს მთავარი? - ის, რომ ადამიანმა უფლის სიტყვას უნდა უსმინოს, დაუჯეროს მოციქულებს და წმინდა მამებს, რომლებიც ქრისტეს სიტყვას 2 ათასი წლის განმავლობაში განმარტავდნენ. თუ ყურადღებით წავიკითხავთ "გამოცხადებას", აღმოვაჩენთ, რომ ადამიანს არ შეუძლია იცოდეს, როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა. უფალი გვასწავლის: თქვენი საქმე არ არის დროის ცოდნაო. ასე ეუბნებოდა უფალი იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც მას ხედავდნენ და უშუალოდ ესაუბრებოდნენ. ეს ყველაზე მთავარი საკითხია, მაგრამ არსებობს ამ საკითხის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე, რომელსაც არ ვითვალისწინებთ.
- რას გულისხმობთ, მამაო?
- იმას, რომ მეორედ მოსვლას ყოველთვის უარყოფით კონტექსტში იხსენიებენ. "წმინდა წერილში" აშკარად არის გამოხატული ის სიხარული, რომელიც მეორედ მოსვლას მოჰყვება: პავლე მოციქულთან გვხვდება სიტყვები - "მალე მოდი", ხოლო ბიბლიის ბოლოს წერია - "მალე მოდი, უფალო!" ანუ უფლის დაბრუნებას ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის სიხარულით ელოდნენ და დღესაც ასე ელოდებიან. დღევანდელი ქრისტიანებიც ყოველ წირვაზე ვიხსენებთ მის ღვაწლს და ვამბობთ, რომ სიხარულით ველოდებით უფლის მეორედ მოსვლას. ეს სიხარულით აღსავსე მოლოდინია, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ უფლის მოსვლას რაღაც განსაცდელი დავუკავშიროთ და უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიოთ, არასწორია. აქვე შეგახსენებთ, რომ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობდნენ პირველ საუკუნეშიც, ამაზე პავლე მოციქულიც წერდა და იოანე ოქროპირიც, რომელიც შეცდა თავის წინასწარმეტყველებაში, იმდენად დიდი იყო მისი სურვილი უფალთან შეხვედრისა. მეორედ მოსვლას ჩვენც სიხარულით უნდა ველოდეთ, ნორმალურ ქრისტიანს ერთი სული უნდა ჰქონდეს, უფალს როდის შეხვდება. უფალი მოვა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როდის. ნახეთ, როგორ ამბობს? - როცა ყველაზე ნაკლებად მელით, სწორედ მაშინ მოვალო...
- მამა თეოდორე, თურქეთის მიწისძვრის შემდეგაც ბევრი ამბობდა - თურქებმა აია სოფია მეჩეთად გადააკეთეს და ამიტომ დაისაჯნენო...
- მე არ მიყვარს ასეთი, პირდაპირი კავშირების გავლება... რაც აია სოფიაში მოხდა, მართლაც საშინელებაა: ეს მშვენიერი ტაძარი ჯერ მუზეუმად გადააქციეს, მერე კი - მეჩეთად. ქრისტე გვეუბნება, რომ ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან ღვთის ნების გარეშე, ნუთუ, უფალი უფრო სუსტია, ვიდრე რომელიმე ძლიერი სახელმწიფო? ეს ყველაფერი იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ცუდად ვიქცევით? იქნებ ხატი, რომელიც აია სოფიას ამშვენებდა და უნიკალურია, თურქეთის ხელისუფლებამ კი არ დაფარა, ჩვენი თვალსაწიერიდან გაქრა?! იქნებ, ქრისტიანები იმდენს ვცოდავთ, რომ ქრისტეს ჩვენი დანახვა აღარ სურს?! მგონი, სერიოზული დაფიქრება გვმართებს, ასე რატომ ხდება! ყველამ თავის ცოდვებზე უნდა იფიქროს, მაგრამ ადამიანები სხვების ცოდვებზე უფრო მეტს ფიქრობენ, მათ სხვათა განკითხვის სურვილი ამოძრავებთ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, სადაც ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, მაგრამ მე მათკენ ხელს არ ვიშვერ, მე ხელს ქრისტიანებისკენ და ჩემი თავისკენ ვიშვერ - რომ არა ქრისტიანთა ცოდვები, ღმერთი ამ მშვენიერი ხატის დაფარვას არ დაუშვებდა.
- სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანები არც იმას ფიქრობენ, რა უდიერად ექცევიან ბუნებას...
- ამ თემაზე მსჯელობა სარწმუნოებრივ ფარგლებს სცილდება, მაგრამ მოკლედ გეტყვით: ქრისტიანობა ღვთის შვილობას ნიშნავს და რადგან სამყაროს ქრისტეს თვალებით უნდა ვუყუროთ, ტყუილუბრალოდ ფოთლის მოწყვეტაც კი არ შეიძლება. ბუნებაში ჩარევა და გლობალური ცვლილებები დაუშვებელია, ეს - დიდი ცოდვაა. დედამიწა ხომ ჩვენი სახლია? - საკუთარ სახლს კი არ ანგრევენ და არ აზიანებენ.
- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ მანკიერებაზე, რომელიც ვერა და ვერ გამოვასწორეთ - როდის მოეშვებიან ქართველები ერთმანეთის მტრობას, შურსა და სიძულვილს?
- ესეც უღმერთობის და ქრისტეს გარეშე ცხოვრების ბრალია: თითქოს, ყველანი ქრისტიანები ვართ, მონათლულებიც ვართ, მაგრამ სულიერი ცხოვრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ქრისტიანი არის ის, ვის გულშიც ქრისტე ცხოვრობს და თუ ჩემს გულში ქრისტე ცხოვრობს, მოყვასს ისე მოვექცევი, როგორც ქრისტე მოექცეოდა. ქრისტე თავის მკვლელებზეც კი ლოცულობდა და ზრუნავდა. აი, ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანისა. გავიხსენოთ "ქართლის ცხოვრების" ასწლოვანი მატიანე, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ყოფა თამარის შემდეგ - იქ არის სულიერი ანალიზი ქართველთა დაცემისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა. ქართველი მწერალი, ჟამთააღმწერელი, სულ ჩვენს კრიტიკაშია და წერს - ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებითო. ქრისტიანმა ხელი სხვისკენ არ უნდა გაიშვიროს, იგი, პირველ ყოვლისა, თავის ცოდვებზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ქრისტეს გარეშე ცხოვრებას ემატება ჩვენი ფიცხი ბუნება და ამპარტავნება, რის გამოც ერთმანეთს არაფერს ვპატიობთ. სიყვარულის ნაცვლად, მოყვასის მიმართ სიძულვილი გვამოძრავებს - აი, რა არის ყველა უბედურების საწყისი. ერთი რამ ზუსტად ვიცი: უქრისტეობა არის მიზეზი ამპარტავნებისა, უსიყვარულობისა, ფარისევლობისა... თუ ჩემს გულში ქრისტეა, მაშინ ყველა მიყვარს და პირიქით - თუ ადამიანებს ზემოდან ვუყურებ, თუ მოყვასის სიყვარული მიჭირს, ესე იგი, ჩემს გულში ეშმაკი გამეფებულა! მთავარია, ჩვენს გულში ქრისტე შემოვუშვათ და მერე უფალი თავად გვაჩვენებს სავალ გზას. როდესაც ადამიანი უფალს არის მინდობილი, სიძულვილისთვის მის გულში ადგილი აღარ რჩება.
- და ბოლოს, თანამედროვე ადამიანისთვის კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემა ინტერნეტზე დამოკიდებულებაა. მამა თეოდორე, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვებმა გაჯეტებთან ზედმეტად დიდი დრო არ გაატარონ?
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ სტატია სრულად
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)