"პრობლემა ინტერნეტში არ არის - უღმერთობაშია. ოღონდ ბავშვი ჩუმად იყოს, მიაჩეჩებენ ტელეფონს და ყურადღებას აღარ აქცევენ" - კვირის პალიტრა

"პრობლემა ინტერნეტში არ არის - უღმერთობაშია. ოღონდ ბავშვი ჩუმად იყოს, მიაჩეჩებენ ტელეფონს და ყურადღებას აღარ აქცევენ"

იხილეთ სტატიის დასაწყისი - "მეორედ მოსვლას ყოველთვის უარყოფით კონტექსტში იხსენიებენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები კი სიხარულით ელოდნენ... იქნებ, იმდენს ვცოდავთ, რომ ქრისტეს ჩვენი დანახვა აღარ სურს?!"

თანამედროვე ადამიანისთვის კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემა ინტერნეტზე დამოკიდებულებაა. მამა თეოდორე გიგნაძე ჩვენს შეკითხვას პასუხობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, ბავშვებმა გაჯეტებთან ზედმეტად დიდი დრო რომ არ გაატარონ?

- პრობლემა ინტერნეტში არ არის - ისევ უღმერთობაშია: ოჯახები, სადაც ეს პრობლემა დგას, ქრისტეს გარეშე ცხოვრობენ, მის გარეშე ცხოვრობენ თანამედროვე პედაგოგები, სკოლა და - ჩვენი საზოგადოებაც... შესაბამისად, ინტერნეტს განვითარებისთვის კი არ იყენებენ, არამედ - იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ქრისტესთვის უცხოა. ატომური ენერგია გავიხსენოთ, რომელიც შესანიშნავი რამაა, მაგრამ ადამიანებმა პირველად რაში გამოიყენეს? - იაპონიაში ორი ბომბი ჩამოაგდეს. აქ პრობლემა ატომური ენერგია კი არ იყო, არამედ ის, რომ ადამიანმა იგი ბოროტი საქმისთვის გამოიყენა. ტექნიკური პროგრესი არ შეიძლება, ცოდვა იყოს. ამის დასტურად, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: იცით, რომის იმპერიის ძალა რაში მდგომარეობდა? - იქ კარგად მოწყობილი, ლამაზად მოკირწყლული გზები იყო, სადაც ცხენიც ადვილად დადიოდა და ადამიანიც. მგზავრებს ცხენებს რამდენიმე კილომეტრში უცვლიდნენ, ამიტომ რომში ინფორმაციის გადაცემა ძალიან სწრაფად შეიძლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ რომაული გზები იმდროინდელი ინტერნეტი იყო, რომელიც დანარჩენი კაცობრიობისთვის მიუღწეველი იყო. რომაელები დაპყრობილ ხალხებს იმონებდნენ და ყველგან წარმართული რელიგია შეჰქონდათ, ასე ჩააღწიეს იუდეამდე. მოციქულებმა რა ქნეს? - არც ეს გზები დაანგრიეს, არც მათი შემქმნელები შეაჩვენეს, პირიქით, ეს გზები გამოიყენეს, რომ თავად შესულიყვნენ რომში და ქრისტიანობა ექადაგათ. მათ იგივე საშუალება კეთილი მიზნისთვის გამოიყენეს და გაიმარჯვეს. ინტერნეტიც ასეთივე მოვლენაა და ჩვენი ბრალია, თუ მას არასწორად ვიყენებთ.

რაც შეეხება მოზარდებს - როგორ დავიცვათ ისინი ამ საცდურისგან? - მათ შინაარსიანი ცხოვრება უნდა შევუქმნათ, წიგნი შევაყვაროთ, კომპიუტერთან მათთან ერთად დავსხდეთ და საინტერესო ინფორმაციას მოვუსმინოთ. კარგი ფილმებიც ერთად ვნახოთ და ავუხსნათ, რა არის ცუდი და რა - კარგი. ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? - დღეს მშობლებს ბავშვებისთვის აღარ სცალიათ - სწორედ ამიტომ არიან ისინი მიჯაჭვული ინტერნეტზე. ოღონდ ბავშვი ჩუმად იყოს, მიაჩეჩებენ ტელეფონს და ყურადღებას აღარ აქცევენ - აი, რა არის მთავარი პრობლემა დღეს და არა - ტექნიკური პროგრესი.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)