"თუ გამოძიების შემდეგადაც დარჩება კითხვის ნიშნები, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს" - რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე 2018 წელს?! - კვირის პალიტრა

"თუ გამოძიების შემდეგადაც დარჩება კითხვის ნიშნები, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს" - რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე 2018 წელს?!

თუ გამოძიების შემდეგადაც დარჩება კითხვის ნიშნები, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს აცხადებდა, როდესაც ჟურნალისტებს შეხვდა.

2018 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, ყოფილი გენერალური პროკურორის შემოსავლებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ივანიშვილის პოზიციით „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი დაინტერესდა. მან ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა თავადაც კითხვები ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით.

„წინა ხელისუფლების პერიოდში დავით კეზერაშვილი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ელიტური კორუფციის სიმბოლოდ. ეს იყო ადამიანი, რომელიც დაინიშნა ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელად, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრი და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მოულოდნელად გახდა მულტიმილიონერი. იგივე მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაში. ეს ადამიანი იყო ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, შემდეგ 2 თვის განმავლობაში მთავარი პროკურორი და მთავარი პროკურორობიდან როდესაც წამოვიდა, დღეს ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ქონების ადამიანია. მიუხედავად ამისა, თქვენ ახსენეთ, რომ მისმა ადვოკატმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი, თუმცა, მისი ადვოკატი ვერ ასახელებს ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებს. მან დაასახელა თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც საპარტნიორო ფონდთან ერთად შეიქმნა და ეს ქარხანა ჯერ პროდუქციას არ უშვებს. შესაბამისად, ისმის კითხვა - ქარხანა, რომელიც არ ფუნქციონირებს, როგორ აძლევს ფარცხალაძეს შემოსავლებს. თქვენ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით შეკითხვები არ გიჩნდებათ?", - იკითხა ტუხიაშვილმა, რაზეც ბიძიან ივანიშვილმა უპასუხა:

„პირდაპირი პარალელის გავლება კეზერაშვილსა და ფარცხალაძეს შორის რთულია. ფარცხალაძე 5 წელია, რაც ხელისუფლებიდან წავიდა და გადადგა საკუთარი სურვილით, როცა ეჭვები გაჩნდა მის წარსულთან დაკავშირებით. 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, არის კითხვები, რომ ის ოდესღაც თანამდებობის პირი იყო და ახლა ბიზნესს აკეთებს, ამიტომ ჟურნალისტებს უნდა გქონდეთ მახვილი მზერა, რომ არაფერი გამოგეპაროთ - ან ძველი პერიოდის შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება, ან ახლა ხომ არ იყენებს თავის სამეგობროსთან კავშირებს, რამეთუ პროკურატურაში მუშაობდა?! კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური და გეთანხმებით, რომ ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მათ რიცხვში, მე მაქვს ვალდებულება, რომ გიპასუხოთ. დამახინჯებული, გაზვიადებული ბრალდებები ამ ფარცხალაძესთან, რასაც ცდილობს ოპოზიცია, რომ ფარცხალაძე ჩემთან კოორდინირდება, სარდაფში ხალხი დაყავს და გაუპატიურებით ცდილობს, რაც ეცადნენ ჩანაწერებში, რაც სიმართლეს არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ოთარ ფარცხალაძისა და ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ჩხუბის ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა საზღვარგარეთიდან მოწვეულ პროკურორებთან ერთად განიხილავს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ასევე მახსენებენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები რესტორანში მომხდარ ინცინდენტს, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეს, თორდიასა და ფარცხალაძეს შორის. იქ მე კითხვას ვუსმავ, რაზეც მათ პასუხი არ აქვთ. თორდია მაშინ მოვალეობას ასრულებდა, სამსახურის უფროსი იყო, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე გარჩეული არ არის. ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას თუ როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები", - აცხადებს ივანიშვილი.

განაგრძე კითხვა