"ვერ დამაკავებენ!...გამოძიება როგორც დაიწყება, შეწყდება ისევ!" - რას ამბობდა ოთარ ფარცხალაძე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე - კვირის პალიტრა

"ვერ დამაკავებენ!...გამოძიება როგორც დაიწყება, შეწყდება ისევ!" - რას ამბობდა ოთარ ფარცხალაძე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა, რამდენიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთი მათგანია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე.

ამასთან დაკავშირებით, ის 2016 წელს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ყველაფერი ვანო მერაბიშვილს მოელანდა.

„რამდენ პატიმარს მოელანდება ახლა რომ მთავარი პროკურორი... ასმა პატიმარმა რომ თქვას ახლა, რომ ოთარ ფარცხალაძე შემხვდაო... ვანო მერაბიშვილს მოელანდა! ვფიქრობ არა, მოელანდა!", - თქვა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

ფარცხალაძე აცხადებდა, რომ რომ ვერ დააკავებდნენ.

"არა! ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი რომ დამაკავონ. ერთადერთი, თუ დაიწყო გამოძიება, არ ვიცი ეგეც, ტელევიზიით მოვისმინე, ნუ, ვითანამშრომლებ ყველანაირად. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, შესაბამისად, როგორც დაიწყება, შეწყდება ალბათ ისევ", - ამბობდა ფარცხალაძე.

აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველი-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.