შვედურმა "გრიფონმა" ამერიკულ „შევარდენს“ უკრაინის ცაში "განავარდება" შეიძლება დაასწროს...
უკრაინის არმიისთვის დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადი არ წყდება, ამერიკულმა მხარემ ომის დაწყებიდან 100 მლრდ(!) დოლარის სამხედრო დახმარებაც კი აღმოუჩინა კიევს, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის, რადგან რუსეთს საბჭოთა სამხედრო მემკვიდრეობიდან ჯერ კიდევ დიდძალი, მართალია მოძველებული, მაგრამ ბრძოლებში გამოსადეგი სამხედრო ტექნიკა და საჭურველი დარჩა...
ამერიკული „აბრამსების“ უკრაინელი ტანკისტებისთვის გადაცემის პროცესი უსასრულოდ გაიწელა, თითქოს, რა უნდოდა 31 ცალი „აბრამსის“ მომზადებასა და უკრაინაში ჩატანას, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ პენტაგონი შეიძლება სპეციალურადაც ითრევს ფეხს, რომ მათმა „აბრამსებმა“ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის არმიის კონტრშეტევებში, რათა... რუსებმა გერმანული „ლეოპარდებივით“ და ბრიტანული „ჩელენჯერებივით“ არ ააფეთქონ ისინი და კრემლის პროპაგანდამ „აბრამსებს“ მსოფლიოს შეიარაღების ბაზარზე იმიჯი არ გაუფუჭოს...
დაახლოებით, იგივე ითქმის ამერიკული მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების - F-16 Fighting Falcon-ების უკრაინის ცაში გამოჩენის ვადებზე.
ევროპელი და ამერიკელი სამხედროები მხოლოდ ეხლა იწყებენ უკრაინელი სამხედრო მფრინავების გადამზადებას ინგლისურ ენაში, საავიაციო სპეციფიკის გათვალისწინებით, მაგრამ რა ან ვინ უშლიდა ხელს, რომ ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებულიყო? ან „მებრძოლი შევარდნის“ კაბინაში მჯდომ უკრაინელ პილოტს განა შექსპირის რომელიმე ნაწარმოების ორიგინალში წაკითხვა სჭირდება, რომ საბრძოლო ამოცანა შეასრულოს? ამისთვის რამდენიმე ათეული კონკრეტული ინგლისური სიტყვისა და წინადადების დაზეპირებაც კი საკმარისია, ხოლო უშუალოდ საჰაერო ბრძოლებში უკრაინელი პილოტები მშობლიურ ენაზე გამართავენ რადიოსაუბრებს...

მოკლედ, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების პროცესს თან მიჰყვება უცნაური პროცესები, რომელთა რაიმე ლოგიკით ახსნა ძალზე რთულია და ყველაფერს მარტო ამერიკელი სამხედროების ბიუროკრატიას ვერ დააბრალებ, პრობლემა უფრო სიღრმისეულია და დიდ პოლიტიკაში გადადის, სადაც ეტყობა, თეთრი სახლისა და კრემლის დონეზე კულუარული პოლიტიკური ვაჭრობები მიმდინარეობს...
თუმცა სანამ ამერიკელები უკრაინელი პილოტებისგან ლამის იდეალური ინგლისურის შესწავლას ითხოვენ, სტოკჰოლმი სულაც არ აძალებს იმავე უკრაინელ სამხედრო მფრინავებს შვედური ენის დაუფლებას და, ექსპერიმენტის სახით, მათ უკვე მოუწყო გაცნობითი ფრენები შვედური წარმოების JAS 39 Gripen-ის ტიპის გამანადგურებლებზე.
„გრიპენებზე“ გაცნობითი მომზადება უკრაინელმა მფრინავებმა წარმატებით გაიარეს", - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იუნსონმა.
გამოდის, რომ სანამ ნიდერლანდები, დანიელები თუ ამერიკელები F-16 Fighting Falcon-ებამდე საფრენად მიუშვებენ უკრაინელ პილოტებს, შვედური „გრიფონები“ მათ შეიძლება უკვე კარგად ათვისებულიც ჰქონდეთ...
რას წარმოადგენს შვედური წარმოების JAS 39 Gripen-ის ტიპის გამანადგურებელი, სჯობს თუ არა ის ამერიკულ F-16 Fighting Falcon-ს და რამდენად თანასწორი საჰაერო ორთაბრძოლა შეუძლია გაუმართოს უკრაინის ცაში რუსულ ყველაზე თანამედროვე Су-35-ს?
მისი სახელწოდება JAS, იშიფრება პირველი ასოებით, როგორც გამანადგურებელი, მოიერიშე, მზვერავი ანუ მრავალდანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავი და 1997 წლიდან ირიცხება შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში.

დღემდე გამოშვებულია 264 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც, შვედეთის გარდა, უნგრეთის, ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ტაილანდის, დიდი ბრიტანეთისა და ბრაზილიის შეიარაღებაშია.
„გრიპენი“ იგივე „გრიფონი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ცარიელ მდგომარეობაში მხოლოდ 7 ტონას თუ იწონის, მაგრამ 5,3 ტონა მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვისა და 2 ტონა საწვავის (დამატებითი ავზების გარეშე) წაღება შეუძლია და მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა 14,3 ტონას თუ აღწევს, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი ამერიკული F-16 Fighting Falcon-ისთვის 21 ტონამდე ადის.
ერთძრავიან „გრიფონს“ 2 200 კმ/სთ-მდე მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია და მისი საბრძოლო მოქმედების რადიუსი 800 კმ-ს შეადგენს, რომლის გაზრდა საწვავის დამატებითი ავზების ჩამოკიდებით შეიძლება.
ათიოდე წლის წინ მსოფლიოს შეიარაღების ბაზარზე ერთი „გრიფონის“ გასაყიდი ფასი 48 მლნ დოლარს უტოლდება, დღეისათვის ეს ციფრი უფრო გაზრდილი იქნება, მაგრამ ომში მყოფი უკრაინის ბიუჯეტისთვის, ყველა შემთხვევაში, მიუწვდომელია, თუმცა შვედეთი და მთლიანად დასავლეთის ქვეყნები გამონახავენ გზას „გრიფონების“ უკრაინის ცის დასაცავად გასაგზავნად, მთავარია, ამის პოლიტიკური ნება გაჩნდეს...
შვედურ „გრიფონს“ „ჰაერი-ჰაერის“, „ჰაერი-ხმელეთისა“ და „ჰაერი-ხომალდის“ კლასის საშუალო მასის თითქმის ყველა ტიპის მართვადი და უმართავი რაკეტისა და ბომბის საბრძოლო გამოყენება შეუძლია, რაც მას უნივერსალურ მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავად აქცევს ანუ ზუსტად ისეთად, როგორიც სჭირდება დღეს კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინის არმიას...