სუს-მა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა დაიწყო - გამოცხადდება თუ არა ძებნა ყოფილ მთავარ პროკურორზე?!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა", - აცხადებენ სუს-ში.
აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველი-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. Tweet