"ქალი იქვე, თონეში მუშაობდა... სასწრაფომ ვერ მოუსწრო და ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში მყოფი 6 მოსწავლე კლინიკაშია" - ვინ არის საგარეჯოში ავარიის დროს დაღუპული ქალი?
დღეს საგარეჯოს ცენტრში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საგარეჯოელი ქალბატონის, მარინე სულიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს ასევე რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში, საგარეჯოს მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა. როგორც ამბობენ, სწრაფად მოძრავი მანქანის მძღოლმა, რომელსაც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი - სხვა მსუბუქ მანქანას.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაშავდა ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, ისინი სასწრაფოდ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამწუხაროდ, ვერ გადარჩა ქალბატონი მარინე, რომელიც იქვე, თონეში მუშაობდა და შემთხვევით იმ საბედისწერო დროს გარეთ აღმოჩნდა. სასწრაფომ მას ვერ მოუსწრო, ადგილზე გარდაიცვალა.
ძალიან განიცდიან ამ ამბავს ადგილობრივები:
"ძალიან კარგი ქალბატონია გარდაცვლილი. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ყველანი განვიცდით ამ ამბავს. როგორც ვიცი, მარინე თონეში მუშაობდა. გარეთ ყოფილა გამოსული იმ დროს და მაშინ მოხდა ეს ტრაგედიაც. ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანი იყო, მშრომელი, წყნარი, გაწონასწორებული პიროვნება, კარგი ოჯახის დედა, მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანი. მართალია, ძალიან ახლოს არ ვიყავი მასთან, მაგრამ როცა შევხვედრილვართ ერთმანეთს, ყოველთვის მასზე კარგი შთაბეჭდილებით ვყოფილვარ.
ძალიან მეწყინა ეს ამბავი და ძალიან შემეცოდა, მართლა განვიცდი. ზუსტად არ ვიცი მარინეს წლოვანება, 60 წლამდე იქნება. ძალიან ყოჩაღი იყო. ორი ბიჭი ჰყავს, ორივეს ოჯახი აქვს შექმნილი. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა ამ ქალბატონს.
ჩემი თვალით არაფერი მინახავს, მაგრამ ამბობენ, მარინა ადგილზე იყო გარდაცვლილიო. სადაც ეს შემზარავი ავარია მოხდა, იქვე ახლოს ცხოვრობდა თვითონ. გზის გადასწვრივ, მეორე სახლია სულიკაშვილების.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათ არ ვიცნობ. ამბობენ, რომ პირველი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. პირველი სკოლა ამ ადგილიდან საკმაოდ მოშორებით არის, ამიტომ, არ ვიცი, დაშავებული ბავშვები ვინ არიან. როგორც ამბობენ, გადარჩნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში არიან", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ქალბატონი მანანა ქოქიაური.
ფაქტის თვითმხილველები მომხდარით შეძრულები არიან:
"მარშრუტკით მივდიოდი, ამ საშინელ ავარიას რომ შევესწარი. მანქანა სულ დამტვრეულია, იმ მანქანის შემხედვარე, ყველას უკვირს, როგორ გადარჩნენ ბავშვები. საბედნიეროდ, გადარჩნენ. იქვე გავიგე, რომ მესამე სკოლის მოსწავლეები არიან. საშინელება ტრიალებდა, ყველა მხრიდან ბავშვების ღრიალი და ტირილი ისმოდა. სასწრაფოს გადაჰყავდა ისინი.
იქვე იყო გაშოლტილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელზე ძალიან ნერვიულოდნენ ბავშვები. როგორც ჩანს, ეს ბავშვიც მათთან ერთად იჯდა მანქანაში. ამ ბიჭს თავს დასტრიალებდნენ და ყვიროდნენ, ფეხზე ვერ დგება, საერთოდ მოწყდა და ისეა, ვერაფრით ადგაო. მერე გავარკვიე ამ ბიჭის ვინაობა, გვარად ჯავახიშვილია, არ ვიცი, ვისი შვილია, მაგრამ ახლა ვიგებ, რომ, საბედნიეროდ, სასიკვდილო არაფერი სჭირს და გადარჩა.
შეიძლება მოტეხილობა ჰქონდა ან ისეთი სტრესი მიიღო, რომ იმ დროს იმიტომ ვერ ადგა. უფალს ვთხოვ, გადარჩეს ყველა, თქვენ არ იცით, როგორ განვიცდი ამ ამბავს, ამ დრომდე გონზე ვერ მოვედი, სულ დამამშვიდებლებს ვსვამ, ისეთ დღეში ვარ და წარმომიდგენია, მათი მშობლები როგორ არიან.
ძალიან განვიცდი ქალბატონის გარდაცვალებას. სრულიად უდანაშაულო ქალის სიცოცხლე შეიწირა ამ ამბავმა. წარმომიდგენია, ახლა რა დღეშია თვითონ ის ბავშვიც, რომელიც ამ მანქანის საჭესთან იჯდა. როგორი განადგურებული იქნება ისიც და, ალბათ, მთელი ცხოვრება გაჰყვება ეს საშინელი ამბავი...
ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჭკუის სწავლა არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მინდა მივმართო მშობლებს, გთხოვთ, ნუ ანდობთ მანქანის მართვას თქვენს მოზარდ შვილებს, ახალგაზრდებს, გაუფრთხილდით მათ. ისეთი ასაკი აქვთ, ვეღარ აკონტროლებენ სიჩქარეს, მოსალოდნელ საფრთხეს.
დაიცავით თქვენი შვილების და სხვისი შვილების სიცოცხლეც.
სხვაც დაიცავთ ამ გზით ასეთი უბედურებებისგან.
რა დააშავა იმ საწყალმა ქალმა, რომელიც იქვე მუშაობდა და ფუსფუსებდა, მოესწრაფა სიცოცხლე. მადლობა ღმერთს, ბავშვები გადარჩნენ, ამბობენ, მოტეხილობები აქვთ, მაგრამ სტაბილურად არიანო, ყველა გონზეა.
როგორც ვიცი, ამ დრომდე გამოკვლევები უტარდებათ, გადარჩნენ, მაგრამ ეს სტრესი, ეს შიში ხომ გაჰყვება მათაც მთელი ცხოვრება. გავურთხილდეთ ერთმანეთს", - ამბობს ადგილობრივი.
"სამწუხარო ამბავი მოხდა. ახლა ყველგან მიდის იმის გარჩევა, სად იყო მშობელი და რატომ იჯდა მოზარდი საჭესთან. ყველას გასაგონად ვიტყვი - ნუ მოიფხანთ ახლა გულს და ენას. საჭესთან მჯდომს პირადად ვიცნობ, ძალიან კარგი ბავშვია. პატარაობიდანვე მშვიდი, გაწონასწორებული და ზრდილობიანი იყო. საშინელება მოახდინა, არ აქვს გამართლება, მაგრამ დაფიქრდით, სანამ რაიმეს დაწერთ! ბავშვები თავადაც არიან დაშავებულები. არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეულები.
ხელს არ ვაფარებ.
ისეთი კარგი ბავშვია, ვიცი, მთელი ცხოვრება გაჰყვება მას ეს უბედურება. პირადად მქონდა მასთან ურთიერთობა, ერთი ზედმეტი არასოდეს გამიგია მისგან. უსაყვარლესი, მშვიდი და ზრდილობიანი ბიჭია. ავტომობილიც, როგორც ვიცი, არ ეკუთვნის ამ ბავშვის ოჯახს, მის საქციელს არ ვამართლებ, ძალიან მძიმეა შედეგი, რაც დადგა, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ამ შემთხვევის გამო ისედაც დაენგრა მასაც ცხოვრება.
ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი ტრაგედიებისგან", - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი და ასე ეხმიანება ხალხის აღშფოთებას.
ხალხის დიდი ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ საჭესთან მოზარდი იჯდა.
არსებული ინფორმაციით, საჭესთან მე-12 კლასელი ბიჭი იჯდა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
(სპეციალურად საიტისთვის)