"ჯერ "ოსკარის" კამპანიაა ჩასატარებელი... ფილმს დიდი საფრთხის შემცველ ადგილებში ვიღებდით" - რას ამბობს რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის ფილმიც კინოცენტრმა ოსკარზე გასაგზავნად შეარჩია
საქართველოს საკონკურსო ფილმი ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ცნობილია.
კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შესარჩევი კონკურსით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმი გამოავლინა.
2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმია „მოქალაქე წმინდანი“. ფილმის რეჟისორია თინათინ ყაჯრიშვილი. ფილმმა შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა (12-იდან რვა ხმა). „მოქალაქე წმინდანი“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით...
თინათინ ყაჯრიშვილი "კვირის პალიტრას" თავად უამბობს თუ რა წარმატება ხვდა ფილმს უკვე და კიდევ რა მოლოდინი აქვთ:
- როცა კონკურსში მონაწილეობას იღებ, გარკვეულწილად, რაღაც მოლოდინი გაქვს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ეს ფილმი გამოარჩიეს... თუ რატომ გახდა რჩეული, ამის შესახებ მე ვერაფერს ვიტყვი, ჟიურის სათქმელია...
- ფილმის შესახებ რომ გვითხრათ...
- ძალიან გრძელი, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ... გადაღებების პროცესი ურთულესი იყო, რადგან ძალიან დიდი საფრთხის შემცველ ადგილებში ვიღებდით. მაგალითად, ჭიათურის მაღაროებში, ან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ. გადაღებები ზამთარში მიმდინარეობდა, ძალიან მკაცრ პირობებში. ძალიან შეკრული ჯგუფი იყო, ყველამ დიდი მონდომებით ვიმუშავეთ.
ფილმში ქართული კინოს ვარსკვლავები თამაშობენ... მთავარ როლშია - ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია, გია ბურჯანაძე, თემიკო ჭიჭინაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ჯანო იზორია, ია აბულაძე - ერთმანეთზე უკეთესი მსახიობები არიან დაკავებული... გოგიჩას მშობლები, ბატონო - სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ყველა კარგი, ქართველი მსახიობი.
ფილმი მაღაროელების შესახებ არის. ჯგუფის წევრები, მსახიობები მაღაროელების ფორმებში ეკიპირებულები, ასე გავატარეთ რამდენიმე თვე...
- ამბობთ, რომ ფილმი მაღაროელების შესახებ არის... სათაური რის მიხედვით დაერქვა?
- დიახ, ფილმი მაღაროელების წმინდანზეა... მათ თავიანთი მფარველი წმინდანი უცოცხლდებათ, მერე არ იციან, როგორ მოიქცნენ. როდესაც წმინდანი მათ შორის ცხოვრებას იწყებს, უნდობლობა უჩნდებათ. იმედი აღარ აქვთ, რომ ის მათ დაიცავს... ამიტომაც, გამოსავალს ეძებენ, შიშიც უჩნდებათ.
- დღეს ფილმების უმეტესობა საქართველოს თანამედროვეობას ასახავს... რას იტყოდით, „წმინდანი“ მათგან რადიკალურად განსხვავებულია?
- დიახ, ნამდვილად სხვანაირია, რაღაც ჟანრული... დრამა ჰქვია, მაგრამ რეალობას ცოტა გაცდენილია. გამოგონილი სამყაროა და ძნელად დასაჯერებელი მოვლენები ხდება. თუმცა აბსოლუტური რეალობაცაა და ზუსტად ეგ არის, რომ მათ უჭირთ დაჯერება... ამავდროულად, იჯერებენ, რომ ეს ადამიანი წმინდანია.
- როდის იხილავს ფილმს ქართველი მაყურებელი?
- 21 სექტემბერს, ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალზე პრემიერა გვექნება... შემდეგ მალევე კინო-თეატრებში გამოვა. მსოფლიო პრემიერა ორი თვის წინ შედგა, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზიც ავიღეთ... შემდეგ სხვადასხვა ფესტივალზე იყო ნაჩვენები და საბედნიეროდ, ფილმს ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა, მოულოდნელად კარგი რეცენზიები დაიწერა, საუკეთესო ფილმის პრიზიც მივიღეთ... მალევე, ფილმი სხვა ფესტივალებზეც იქნება ნაჩვენები, რომელთა შესახებ თქმის უფლება ჯერ არ გვაქვს.
- როგორ ფიქრობთ, გახდებით პირველი ქართველი, ოსკაროსანი რეჟისორი?
- თქვენს პირს შაქარი... (იცინის) ძალიან კარგი იქნება, რა თქმა უნდა! ჯერ ოსკარის კამპანიაა ჩასატარებელი. რთულია ჩვენი პატარა ქვეყნიდან დიდ ქვეყნებთან შეჭიდება, აკადემიის ყველა წევრისთვის ფილმის მიტანა, მაგრამ ვეცდებით, მაქსიმალური ყურადღება მივიქციოთ...
ჩემთან ერთად სცენარის თანაავტორია - ბასა ჯანიკაშვილი. ინსპირირებულია მარინე ელბაქიძის მოთხრობის მიერ...
(სპეციალურად საიტისთვის)