"თქვენი ჭირიმეთ, რა, მიხეილ სააკაშვილი თუ სადმე ჩადიოდა, საქმესაც აკეთებდა! ესენი კი როგორც ტაქსის, ისე დააგრიალებენ N1 ბორტს, ჩვენი ფულით" - კვირის პალიტრა

"თქვენი ჭირიმეთ, რა, მიხეილ სააკაშვილი თუ სადმე ჩადიოდა, საქმესაც აკეთებდა! ესენი კი როგორც ტაქსის, ისე დააგრიალებენ N1 ბორტს, ჩვენი ფულით"

"...პრემიერმა თუ შვილი ჩაიყვანა ამერიკაში, იგივე თვითმფრინავით მიშა მასაჟისტებს დაატარებდაო... თქვენი ჭირიმეთ, რა.. მიხეილ სააკაშვილი თუ სადმე ჩადიოდა, საქმესაც აკეთებდა! მე არ მახსოვს, მაგრამ ვენესუელაში თუ ჩავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აღიარების საკითხი მოეგვარებინა... "ქოცების" ენას ძვალი არ აქვს, სირცხვილის და სინდისის გრძნობა არ გააჩნიათ! სხვა ხალხია, ხალხო, ყველაფერს იტყვიან!", - ამ და სხვა უმწვავესი განცხადებებით ცნობილი მხატვარი - გია ბუღაძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება...

გია ბუღაძე:

- რას იტყოდით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითო და რა უნდა ვთქვა, რომ მომწონს ეს ყველაფერი? ერთი "ქოცთაგანი" დაასანქცირეს უკვე და მე ვფიქრობ, რომ რამდენიმეს იგივე მოუწევს, თან არც ისე ცოტას! მარტო ბიძინა არ არის ყველაფრის შემსრულებელი. მის გვერდით მყოფი ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს და მიიღებს კიდეც სანქციებს... მართალია, თევზი თავიდან ყარს, მაგრამ მაინც სხეულიც ყარს... ჩვენი ძირითადი პარტნიორი ცოტა აქტიურად თუ ამოქმედდება, ძალიან კარგი იქნება! რაღაცის იმედი მაქვს, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება...

უდიდესი, არაჩვეულებრივი დრამატურგია - ევრიპიდე, რომელიც თავის გენიალურ ქმნილებებში აღწერს, ცუდი რომ მაქსიმუმს მიაღწევს, უცებ გარეშე ძალა შემოდის და სიტუაციას განმუხტავს. დასასჯელს დასჯის, გასამართლებელს გაამარჯვებინებს... აი, იმის იმედი მაქვს! ეს მოხდება და დასრულდება "ქოცების" პარპაში...

თუმცა ჩვენ, ხალხი რომ პასიურად ვისხდეთ, არაფერიც არ შეიცვლება... თუ დააკვირდებით, ევროპელი, განსაკუთრებით, ამერიკელი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ქართველი ხელისუფლება და ხალხი ერთი და იგივე არ არის; რომ საქართველოს მოსახლეობა სულ სხვაა და ხელისუფლება - სხვა! დასავლეთმა, როგორც იქნა, შეიგრძნო ეს, რაც ძალიან მიხარია!

საქართველოს ხელისუფლება რეალურად რუსული ხელისუფლებაა! ამიტომაც ფრთხილობს დასავლეთი და რომ იტყვიან, ყველაფერს „ნაჯახით არ ჭრის"... გინდა თუ არ გინდა, ეს ქართველ ხალხსაც შეეხება, როდესაც მის უმსგავსო ხელისუფლებას პასუხს აგებინებ. დასავლეთი უკვე იქამდე მივიდა, "ქოცები" ამას გრძნობენ და გამწარებული ამტკიცებენ, ჩვენ ქართველი ხალხის ნებას გამოვხატავთ, სახალხო ხელისუფლება ვართო...

რა თქმა უნდა, ყველაფერი საპირისპიროა, თუნდაც ის, რომ როგორც ტაქსის, ისე დააგრიალებენ ნომერ პირველ ბორტს... ვიცით, რომ პრემიერი იმყოფებოდა ამერიკაში, მაგრამ სხვებიც დაგრიალებენ იმავეთი, თან რაც მთავარია, ჩვენი ფულით. თქვენ ნახავთ კიდევ რა ბევრი გამოჩნდება.. ჩვეულებრივ ამბად აქციეს ეგ...

ახლა პრობლემა ისაა, რომ პრემიერმა თავისი შვილი ამერიკაში თვითმფრინავით ჩაიყვანა, ეს ჩვენი ფულით გააკეთა და ახლა ისევ ჩვენს ფულს ურიგებს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, თავისი ჩადენილი რომ „გამოისყიდოს“...

ძალიან კარგია, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, სტუდენტები რომ სასწავლებლებში დაბრუნდებიან, ღირსეულად განაგრძობენ ყოფნას, მაგრამ უკაცრავად, რით გააკეთა ეს კომპენსაცია, რეაბილიტირება თავისი შერცხვენილი სახელის? - ისევ ჩვენი ფულით! ეს ხომ სახელმწიფო გადამხდელების ფულია... ანუ, მათ მზაკვრობას, თაღლითობას და აფერისტობას საზღვარი არ აქვს...

ისევ შენი, ჩემი, ჩვენი ფულით აფინანსებს! ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ მიხვდა, პრობლემა აქვს... იტყუება და აცხადებს 40 მილიონი გვიჯდება სტუდენტების სასწავლებლებში დაბრუნებაო... ამას ხომ საქართველოს ბიუჯეტიდან იხდის, რომლის ქურდობაშიც რეალურად არის ბრალდებული!

თავისი ჯიბით დაიქირაოს არა საქართველოს ნომერ პირველი ბორტი, არამედ, კერძო თვითმფრინავი! ასეთი შეძლებული თუ არის მისი პენსიონერი მამა!

- ითქვა, რომ იმავე თვითმფრინავით მიხეილ სააკაშვილი მასაჟისტებს დაატარებდაო...

- თქვენი ჭირიმეთ, რა.. მიხეილ სააკაშვილი თუ სადმე ჩადიოდა, საქმესაც აკეთებდა! მე არ მახსოვს, მაგრამ ვენესუელაში თუ ჩავიდა, მხოლოდ იმიტომ რომ აღიარების საკითხი მოეგვარებინა... "ქოცების" ენას ძვალი არ აქვს, სირცხვილის და სინდისის გრძნობა არ გააჩნიათ! სხვა ხალხია, ხალხო, ყველაფერს იტყვიან!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიხეილ სააკაშვილმა თუ რამე დააშავა, აგერ ადამიანს როგორ აწამებენ! 12 წელია ხელისუფლებაში არიან და უბედურებაშია ქვეყანა. ხმამაღლა რომ ლაპარაკობენ, პირველ ადგილზე ვიყავით და ევროპაში ლიდერებად ვითვლებოდითო, შემთხვევით, მაშინ ვინ იყო ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელი? ედუარდ შევარდნაძე? რომლის დროსაც შუქი, გაზი არ გვქონდა და ნავთის სუნით ვიყავით ქალაქი აყროლებული. სკოლებში, უმაღლესებში რომ ზამთარში ქურთუკებით ვისხედით...

დღეს კიდევ მოჩანჩალე ვართ და რეალურად, არცერთი ქვეყანა აღარ გვცნობს... რუსეთის ფილიალიც აღარ ვართ...ისევ ხალხი არ აძლევს საშუალებას ბოლომდე შეტოპონ, მაგრამ დროთა განმავლობაში თუ ამათი ძალა მოიმატებს, ყველაფერი უარესობისკენ წავა...

ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, მაგრამ მთავარი პროკურორი კა-გე-ბეს თანამშრომელი აღმოჩნდა... რომელიც ბიზნესებს „ალაგებდა“, სპორტის მინისტრს გალახავდა, გააშიშვლებდა, გენერალურ აუდიტორს დაატერორებდა, ეს ბოტასების ქურდი კაცი აღმოჩნდა, რომ "კა-გე-ბეშნიკი" ყოფილა... თან, როგორც ვიცი, ნათელ-მირონია ჩვენი "პრინცის", უფლისწულის - ბერასი...

საქართველო აუცილებლად გადარჩება! ეს ისეთი ქვეყანაა თავისი შინაარსით, სიმაღლით... ძალიან სიმბოლურია ასეთი ისტორიის და კულტურის ქვეყანას რომ თავზე ენგრევა გელათი, ყინწვისი, თავისი გენიალური, მსოფლიო მნიშვნელობის ფრესკებით... ამას ესენი ანგრევენ და არ უნდა დავუშვათ! უნდა გადავარჩინოთ გელათი და საქართველო!

(სპეციალურად საიტისთვის)