მსოფლიოში უნიკალური რუსული ხომალდიც უკრაინული კამიკაძე - კატარღის სამიზნე გახდა... - კვირის პალიტრა

მსოფლიოში უნიკალური რუსული ხომალდიც უკრაინული კამიკაძე - კატარღის სამიზნე გახდა...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს ბოლო დღეებში რომ მაგრად არ უმართლებთ, კიდევ ერთხელ დადასტურდა...

რამდენიმე დღის წინ უკრაინული საფრონტო ბომდამშენებიდან გაშვებულმა ბრიტანულმა და ფრანგულმა ფრთოსანმა რაკეტებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში ორჯონიკიძის სახელობის გემთსარემონტო ქარხნის მშრალ დოკებში მდგარი დიდი სადესანტო ხომალდი „მინსკი“ და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა დონუ“ პირდაპირი მოხვედრით ისე დააზიანეს, რომ „მინსკის“ საქმე საბოლოოდ წასულია, ხოლო წყალქვეშა ნავის აღდგენა იმხელა დანახარჯებს მოითხოვს, რომ ახლის აგება შეიძლება უფრო რენტაბელურიც კი იყოს რუსი ადმირლებისთვის.

და ასეთი წარმატებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმების შემდეგ, თავი ამჯერად ექსპერიმენტალურმა უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-დრონმა გამოიჩინა, რომელმაც ორმეტრიანი ტალღების მიუხედავად, შეძლო სევასტოპოლის ყურეს შესასვლელთან მოეძებნა მორიგი რუსული ხომალდი და ის ისე დაეზიანებინა, რომ მას ორი ბუქსირი დასჭირდა პორტში შესაყვანად...

შეიძლება ეს მხოლოდ მორიგ წარმატებად ჩაგვეთვალა უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღისთვის, რომ არა ერთი მნიშნელოვანი გარემოება-ამჯერად უკრაინელების თავდასხმის სამიზნე მსოფლიოში უნიკალური სამხედრო ხომალდი აღმოჩნდა, რომლის მსგავსი თავად რუსეთს მხოლოდ ერთიღა დარჩა, სხვა ქვეყნებს შეიარაღებაში კი საერთოდ არ ჰყავთ...

სამუმს მშრალ და ცხელ ძლიერ ქარს ეძახიან, რომელიც საჰარისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებში ქრის.

2-samumi1-1694871558.png
უკრაინული ექსპერიმენტალური საზღვაო კამიკაძე-კატარღა „საზღვაო ჩვილი“, რომელმაც სავარაუდოდ დააზიანა რუსული „სამუმი“

სწორედ ეს სახელი შეურჩიეს რუსმა ადმირლებმა 1239 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდს, რომელიც კატამარანის კონსტრუქციისაა და თანაც „საჰაერო ბალიშის“ გამოყენებით ძალზე სწაფად გადაადგილდება.

ყოველ შემთხვევაში, 55 კვანძის ანუ 101,9 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის განვითარება სამხედრო ხომალდებს შორის მართლაც მსოფლიო რეკორდის ტოლფასია, რაც გამოარჩევს კიდევაც „სამუმსა“ და მის წინამორბედ „ბორას“, სამხედრო დანიშნულების სხვა მცურავი საშუალებებისგან (ამ ბლოგის ავტორმა თავის დროზე სარაკეტო კატარღა „თბილისის“ ბორტზე 40 კვანძითაც ანუ 74 კმ/სთ სიჩქარითაც „გაისეირნა“, სანამ „თბილისს“ ჯერ კიდევ ეყენა გასაშლელი წყალქვეშა ფრთები).

„ბორაც“ და „სამუმიც“ მიეკუთვნებიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 41-ე სარაკეტო კატარღების ბრიგადის მცირე სარაკეტო ხომალდების 166-ე დივიზიონს.

დიდი სიჩქარის გარდა, „სამუმისა“ და „ბორას“ სხვა მცირე სარაკეტო ხომალდებიდან განასხვავებს ისიც, რომ თითოეულ მათგანს რვა-რვა ერთეული „მოსკიტის“ ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის წაღება და საბრძოლო გამოყენება შეუძლია 250 კმ მაქსიმალურ მანძილზე-ანუ „სამუმიდან“ ერთმანეთის მიყოლებით 5 წამის ინტერვალით სტარტაღებული რვა ცალი ათ მეტრიანი სიგრძისა და ოთხი ტონა მასის „მოსკიტი“ 250 კმ-ის სიშორეზე ზებგერითი სიჩქარით (დაახლოებით 3 000 კმ/სთ) ზუსტად „ესტუმრება“ მოწინააღმდეგის მსხვილ მცურავ საშუალებას და 20 ათას ტონამდე წყალწყვის კრეისერისა ან თვით მსუბუქი ავიამზიდის ჩაძირვის გარანტიას იძლევა, ხოლო ატომური ავიამზიდების წინააღმდეგ გამოყენების წინ „მოსკიტის“ ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო ნაკვეთურებში 300 კგ მასის შემღწევი სახის საბრძოლო ქობინების ნაცვლად...ბირთვულებს დააყენებენ,რასაც უკვე 100 ათასი ტონა წყალწყვის ატომური ავიამზიდის მტკიცე კონსტრუქციაც კი ვერ გაუძლებს...

3-samumi1-1694871558.png
ორი ბუქსირი დაზიანებულ „სამუმს“ სევასტოპოლის ყურის სიღრმეში მიაცილებს... წითლად შემოხაზულია „სამუმის“ მარჯვენა ბორტის ის ადგილი, სადაც სავარაუდოდ უკრაინული კამიკაძე-კატარღა დაეჯახა და აფეთქდდა...

შავ ზღვაში არც ჩვეულებრივი და მითუმეტეს არც ატომური ავიამზიდები არ დაცურავენ და „სამუმის“ „მოსკიტებსაც“ საქმე არ გამოჩენიათ, არც უკრაინის წინააღმდეგ, რადგან უკრაინას სამხედრო ხომალდი აღარ დარჩა, ხოლო „მოსკიტებით“ უკრაინული ქალაქების დაბომბვის გადაწყვეტილება კრემლში ჯერ არ მიუღიათ, ამისთვის „კალიბრებიც“ ჰყოფნით.

მიუხედავად იმისა, რომ „სამუმს“ არ მიუძღვის დანაშაული უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრაში, ის მაინც ვერ ასცდა უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღის, სახელად „საზღვაო ჩვილის“ შურისმაძიებელ შეჯახებას, რის შედეგაც მარჯვენა ბორტის უკანა ნაწილი ისე დაუზიანდა, რომ ორმა ბუქსირმა „გააცილა“ სევასტოპოლის ყურემდე.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგა სამხედრო დანიშნულების 16 მცურავი საშუალება, რომელთაგან 11 განადგურებულია, ხოლო 5 კი დაზიანებული.

განადგურებულ რუსულ სამხედრო ხომალდთა სიაშია ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, დიდი სადესანტო ხომალდები „სარატოვი“ და „მინსკი“, ბუქსირი „ვასილი ბეხი“ და „რაპტორის“ კლასის სამი სადესანტო კატარღა. უნიკალური კონსტრუქციის „სამუმი“ დაზიანებული რუსული ხომალდების სიაში შევა, თუმცა მის რემონტს სავარაუდოდ არაერთი თვე დასჭირდება...