ერთი წლის ტყუპისცალს - უსაყვარლეს დოროთე სიხარულიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ ფეხზე დადგეს: "არსებობს წამალი, რომელიც მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თუმცა..."
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ბევრი გადააწყდებოდა სტატუსს - პატარა დოროთეს მხარდასაჭერად. ეს სტატუსი ჩემს სიძეს - ბესო სიხარულიძეს ეკუთვნის და მისი მეხუთე შვილის, 1 წლის ტყუპისცალი დოროთეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწერა:
"გამარჯობა ჩემო მეგობრებო!
ეს პატარა კაცი არის ჩემი მეხუთე შვილი, ტყუპისცალი დოროთე.
მას აღმოაჩნდა იშვიათი მძიმე დაავადება, სპინალურ-კუნთოვანი ატროფია. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს წამალი, რომელიც მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და რომელსაც მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, მაგრამ... სამწუხაროდ, მხოლოდ წამალი არ არის საკმარისი ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად..."
1 წლის დოროთე სიხარულიძის ამბის და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოყოლა ჩემს ბიძაშვილს, დოროთეს დედას - ქეთი გაფრინდაშვილს ვთხოვე:
- დოროთე ტყუპისცალია. დაბადებისთანავე სამშობიაროში საკმაოდ მაღალი ქულებით შეფასდა, მერეც, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თავად ექიმი ვარ და საკმაოდ ყურადღებით ვიყავი - პედიატრთანაც დაგვყავდა გეგმიურ პროფილაქტიკურ შემოწმებებზე, ნევროპათოლოგსაც ნანახი ჰყავდა. გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვი ასაკის შესაბამისად ვითარდებოდა. საქმე ის არის, რომ ყველა რეფლექსი შენარჩუნებული ჰქონდა და, თითქოს, არავითარი პრობლემა არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ყურადღება მიიქცია ხელში აყვანისას მისმა არაბუნებრივმა სიმძიმემ, ასევე, დაჯდომაც დააგვიანა, თუმცა სერიოზულ დაავადებაზე არც კი მიფიქრია. მასაჟის რამდენიმე კურსის ჩატარების შედეგად ბევრი არაფერი შეცვლილა და ისევ მივმართეთ ნევროლოგს. იმისათვის, რომ გამოერიცხათ სპინალურ-კუნთოვანი ატროფია, დანიშნეს უფრო ღრმა კვლევა, რის შედეგადაც ეს დიაგნოზი მაინც დადასტურდა. სიახლე ჩვენთვის თავზარდამცემი იყო, მაგრამ გვანუგეშეს იმით, რომ გვითხრეს, ამ დაავადების წინააღმდეგ უკვე არსებობს მედიკამენტი "ევრისდი", რომელიც სრულ განკურნებას არ ახდენს, მაგრამ პროცესს აჩერებს და ის პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღოსო.
ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატია და სახელმწიფო აფინანსებს. ვიდრე ამ წამალს გამოიგონებდნენ, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ადამიანის სიცოცხლე ლეტალობით მთავრდებოდა ხოლმე, მაგრამ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, თუკი პაციენტი სწორ ინტენსიურ რეაბილიტაციას ჩაიტარებს, უწყვეტი მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, საკმაოდ კარგი შედეგი დგება.
იმედი გვაქვს, რომ დოროთესთან არ დავაგვიანეთ და კუნთის ქსოვილი არ არის დაზიანებული. დოროთეს ტყუპისცალი დაიკო - საბიანაც ეხმარება დაავადების დაძლევაში. ის ერთგვარი მოტივაციაა დოროთესთვის, ფეხზე რომ დადგეს. რეაბილიტაციის გარკვეულ რაოდენობას სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ვამატებთ ვარჯიშებს. ამას კეთილი და გულისხმიერი ადამიანების ქველმოქმედებით, ნაწილობრივ კი - საკუთარი ფინანსებით ვახერხებთ. უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერები ვარ.
ბესო, სიხარულიძე:
- დოროთე ფეხზე რომ დადგეს, ესაჭიროება ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაცია (მეტწილად - უცხოეთში), რაც, როგორც გავიკითხეთ უცხოეთის კლინიკებში, საკმაოდ ძვირი ჯდება.
სხვა გზა არ დაგვრჩა და ამიტომ გთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ, რომ ჩემი პატარა ვაჟკაცი ფეხზე დადგეს და გაიაროს.
ყველას წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, სიკეთით გადამეხადოს.
ვფიქრობ, რომ, როგორც ყოველთვის, ახლაც გავიზიარებთ 1 წლის დოროთეს მშობლების ტკივილსა და თხოვნას და, შეძლებისდაგვარად, მხარში ამოვუდგებით ამ უდიდესი პრობლემის დაძლევაში. პატარა დოროთემ თავის დაიკო საბიანასთან ერთად აუცილებლად დიდხანს უნდა იცოცხლოს, იმრავლოს და ბევრი ღირსეული საქმე გააკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის.
აქვე გთავაზობთ ანგარიშებს, რომელზეც, ისევ და ისევ შეძლებისდაგვარად, შეგიძლიათ დოროთე სიხარულიძის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა. წინასწარ ყველას დიდ მადლობას გიხდით.
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
თიბისი ბანკი
#GE19TB7525545064300001
მიმღები
ქეთევან გაფრინდაშვილი
საქართველოს ბანკი
#GE34BG0000000898721300
მიმღები
ბესარიონ სიხარულიძე
paypal ანგარიში
besosikharulidze71@gmail.com