"აგრესიული ბიზნესი და უტაქტო შეთავაზება!" - როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი..." - უცხოური ტურისტული კომპანია თბილისს ღარიბული უბნებით აცნობს ხალხს - კვირის პალიტრა

"აგრესიული ბიზნესი და უტაქტო შეთავაზება!" - როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი..." - უცხოური ტურისტული კომპანია თბილისს ღარიბული უბნებით აცნობს ხალხს

"აგრესიული ბიზნესი და უტაქტო შეთავაზება!!!! იტალიური "ფეისბუქ" ჯგუფი „Viaggi del Degrado“, რომელიც ტურებს გეგმავს, მოგზაურობის მსურველებს ამ ფორმით უქმნის შთაბეჭდილებას საქართველოს შესახებ. ფოტო, რომელსაც ხედავთ, საქართველოს ასახავს...", - ამ პოსტს იტალიიდან ჟურნალისტი ხათუნა შარაძე აქვეყნებს... თუ რა გახდა მისი მწვავე პროტესტის, უკიდურესი აღშფოთების მიზეზი, ამის შესახებ ქალბატონი ხათუნა თავად აღგვიწერს:

- სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ერთ-ერთი იტალიური ტურისტული კომპანიის ფოტოს წავაწყდი. ფოტოზე ასახულია სარდაფის კიბის უჯრედის ქვეშ კარი, წარწერით - “Gest House“. ფოტოს ანოტაციაში მითითებულია, რომ ეს არის საქართველო, თბილისი. შემდეგ, გვერდის სხვა პოსტებსაც მივადევნე თვალი და აღმოჩნდა, რომ მისი ადმინისტრაციის მარკეტინგული გათვლაა მოგზაურობის მსურველებს სხვადასხვა ქვეყანაზე წარმოდგენა ყველაზე ღარიბული უბნების შეთავაზებით შეუქმნას.

ცხადია, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რადგან ეს გახლავთ სოციალური სივრცე, რომელზე წვდომაც მილიონობით ადამიანს აქვს.

ბოროტი ხუმრობა და აგრესიული ბიზნესია ეს, რომელსაც გამართლება არ აქვს.

მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას!!!

მსგავსი „პოპულარიზაცია“ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ხუთი წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ და ვიცი, რას ნიშნავს იყო პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც არა თუ კარგად, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ იცნობენ და როცა ეს ფოტო ვნახე, ძალიან გავბრაზდი.

ხუთი წელია ვინც კი სასაუბროდ გამიჩერდება, მუდამ საქართველოზე ვუყვები, ქართველ ხალხზე, ჩვენს კულტურაზე, ისტორიაზე, სიმდიდრეზე, ღვინოზე, ანბანზე, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებსა და სამზარეულოზე, ყველაფერზე ვსაუბრობ, რის საშუალებასაც ჩემი იტალიური ენის საბაზისო ცოდნა მაძლევს, მათ შორის, გეოპოლიტიკასა და „ერთმორწმუნე მეზობელზე“, ვისი წყალობითაც, საქართველო ნოეს კიდობანს დაემსგავსა და გადარჩენისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტის სახელით ვატარებთ ცხოვრების საუკეთესო წლებს. ჩვენ, ემიგრანტები, არავის ვჭირდებით თანასწორად, ვჭირდებით შავ მუშა ხელად და ამ გააზრებული რეალობის მისაღებად, ათას ცოდვა-მადლში გვიწევს გაძლება. თითქოს მადლიერებიც ვართ და თან - შეურაცხყოფილები, კმაყოფილებიც და უმადურებიც, გადარჩენილებიც და ცოცხლად გარდაცვლილებიც...

როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი, მეგონა, რომ ჩემი ხუთი წელი წამართვეს, უბრალოდ, თავზე გადამახიეს მთელი ჩემი ნებისყოფა, თავაზიანობა, მოთმინება და ორმოდან ამოძახებული, "გამარჯობა მე საქართველო ვარ, ყველაზე ტკბილი და სევდიანი მიწის შვილი, რომელსაც შენთან მეგობრობა და თანასწორობა უნდა“!

იმედი მაქვს, რომ გვერდის ადმინისტრაციისთვის მხოლოდ ფული, ბევრი ფული არ არის პრიორიტეტი და საქართველოს “ღარიბი“ უბნებით ნაშოვნი ფულით გამდიდრებას არ აპირებს!

(სპეციალურად საიტისთვის)