„ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“
გასული კვირის სკანდალად იქცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაუწესოს სანქციები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. უწყების თანახმად, ფარცხალაძეს სანქციები უწესდება "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ". როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისთვის მოხვდა სიაში. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ის ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად, რომელიც ამერიკელების მტკიცებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) ოფიცერია. უწყება ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მან სრულიად აითვისა რუსული იდენტობა და რუსეთში ხშირად მოგზაურობს. იმავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე ეფ-ეს-ბესთან კავშირებით პირად სარგებელს იღებდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფარცხალაძე დიდი ხანია აღარ არის მათ რიგებში და არა აქვს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, რომელშიც ვკითხულობთ: "საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა". ფარცხალაძე ამბობს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და ირწმუნება, რომ მის "ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას" გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ "გადაწყვეტილება არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული".ცნობისთვის, 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ათეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ხელი შეუშალოს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე. სანქციების სწორედ ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძეც. მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა და განაცხადა, რომ არც ერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობის მათ ხედვას არ შეცვლის. თუმცა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ამ პროცესში მთავარი კითხვა მაინც ეს არის: თუ სახელმწიფო დეპარტამენტის მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეეფერება და ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი და ხელისუფლების ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველებთან დაახლოებული პირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობს, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების რამდენად ღრმა პრობლემებზე მეტყველებს? - ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:
- ის, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მუშაობს, ახალი ამბავი არ არის. ჩვენი ქვეყნით არაერთი სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურიც არის დაინტერესებული, იქნება გავლენის აგენტურა, ხელისუფლებაში შეღწეული პირები თუ სხვა. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამისგან დაზღვეული ბევრი სხვა ქვეყანაც არ არის. ძნელია თქმა, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ ის, რომ ფარცხალაძე კარგა ხანია მაღალ თანამდებობებს ჩამოაშორეს და საერთოდაც, ამჟამად საქართველოში არ არის, მაფიქრებინებს, რომ მის თაობაზე ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ. ისე, თავის დროზე ფარცხალაძეს იცავდნენ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებისთვისაც ის დღეს აგენტი და ქვეყნის ამომგდებია.
როგორც ვიცი, რამდენიმე ხნის წინ ფარცხალაძის თაობაზე კითხვები გაჩნდა და მან თავი გაარიდა ამ ვითარებას, ქვეყნიდან წავიდა. ხელისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაქცია უნდა ჰქონდეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ ამ ბრალდებების რეალობა. როგორც ითქვა, სუს-ი შეისწავლის ამ საკითხს. ეს არ უნდა გაჭიანურდეს და ამით უპირველესად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული.
- გჯერათ, რომ ეს საკითხი რეალურად იქნება გამოკვლეული?
- მე არ ვიცნობ ფარცხალაძეს, წარმოდგენა არა მაქვს, რას საქმიანობს და არის თუ არა სხვა ქვეყნის ინტერესების შემსრულებელი, მაგრამ ჩემი ბიოგრაფიიდან შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, როდესაც პოლიტიკურად ვებრძოდი ადამიანს, რომელიც ჩემი ბიძა იყო. ასე რომ, პოლიტიკური ურთიერთობები ხშირად პირადისგან ბევრად განსხვავებულად ვითარდება. სხვა რამის თქმა ამ თემაზე გამიჭირდება, დაველოდოთ პროცესების განვითარებას.
- ხელისუფლებასა და ფარცხალაძეს შორის ამ კავშირების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, პოლიტიკურად რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება?
- ჩემი შეფასებით, ეს სანქცია უფრო დემონსტრაციულია, ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების, იმავე ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება.
- რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება საჭირო?
- კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, დასავლეთის ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით არ ასრულებს დასავლური ცენტრების მითითებებს.
- ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს შეიცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი და გაფრთხილებასაც სწორედ ამიტომ იღებს. ამის არგუმენტად მოჰყავთ რუსეთსა და ჩინეთთან ბოლოდროინდელი დამოკიდებულება. ამ რამდენიმე დღის წინ ჩინეთთან გამოცხადდა ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა, ამასთანავე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტში ჩინურ ინვესტიციას მხოლოდ მიესალმებიან. არადა, გვახსოვს ამის რა დიდი წინააღმდეგი იყო შტატები. რას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯებით მაშინ, როდესაც თან გვიმტკიცებს, ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთ გზად ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიგვაჩნიაო?
- ანაკლიის პორტის ამბით დავიწყებ. საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩინელების ჩართვის წინააღმდეგი აშშ-თან ერთად, რუსეთიც იყო. მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევაა საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ამერიკელებისა და რუსების პოზიციები დაემთხვა ერთმანეთს. რუსეთსაც ძალიან არ უნდა შავ ზღვაში ჩინელების გამოჩენა.
რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. შეიძლება შეარბილოს, ზიგზაგებით იაროს და ა.შ., მაგრამ ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე. ამ სისტემის გადაწყობა წარმოუდგენელია. ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ მართლაც სურს შეცვლა და უნდა რუსეთს ჩამოეკიდოს ისევ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჩამოსაკიდიც აღარაფერი დარჩა - რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა უაღრესად მყიფე და არაპროგნოზირებადია. ამასთანავე, ყველამ მშვენივრად იცის, რომ თუ დასავლეთთან ურთიერთობა გაწყდა, ეს ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ დაკარგვას, რადგან დღეს არაღიარების პოლიტიკის სტაბილურობას სწორედ დასავლეთი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხოება და დაცვის სისტემა სწორედ დასავლეთის დამსახურებაა. მოკლედ, საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არა აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ითამაშოს, პოზაში დადგეს, რაღაც მანევრები გააკეთოს, ვითომ დისტანცირებისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოახდინოს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესების ზედაპირია. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ ვექტორზე ჩამოკიდება თავიდან ბოლომდე და ჩვენი მომავლის მისთვის გადაბარება ვერ იქნება სწორი. დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან მოქნილი, ღრმა და მრავალშრიანი პოლიტიკა. ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში ძალიან რთულია სწორი საგზაო რუკის შექმნა.
რაც შეეხება ჩინეთს, მესმის, დასავლეთისთვის მიუღებელია მისი პარტნიორი საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ცოტა უხერხული მგონია, როდესაც ევროკავშირსაც და აშშ-საც თვითონ აქვთ მრავალმილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ამის მიუხედავად, პირადად მეც მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ეს ქვეყანა ეკონომიკური ექსპანსიის პრინციპით მოქმედებს და ეს კარგად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუ მიეცა საშუალება, იმავეს გააკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთია მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად, აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გარკვეული სისტემის შექმნა, რათა ჩვენს რეგიონში შემოაღწიოს. ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებაც სადავო და სახიფათო თემაა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩინეთის მხარის მოთხოვნით გაკეთდა.
კარგად მესმის საზოგადოების შეშფოთებისაც. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში კარგად ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც მძიმე შედეგები მოგვიტანა. ამის გათვალისწინებით გვეშინია ახალ-ახალი შეცდომების.
- ახლა, როდესაც ამ ინტერვიუს ვიწერთ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამერიკაშია, ოღონდ ამჯერად ოფიციალური ვიზიტით - მან გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მისი წინა, კერძო ვიზიტი აშშ-ში მეტად სკანდალური გამოდგა - გაირკვა, რომ პრემიერმა ამერიკაში სასწავლებლად მიმავალი შვილის ევროპაში ჩარტერული რეისით ჩასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა. ამ თემაზე ხელისუფლების პასუხი ვიცით - სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავების თანხა პრემიერის პენსიონერ მამას გადაუხდია, მაგრამ, ეს რატომღაც მხოლოდ მეოთხე დღეს განაცხადეს, ფრენის შესრულებამდე თანხის გადახდის ქვითარი კი ჯერაც არ გასაჯაროებულა. თქვენ როგორ შეაფასებთ მომხდარს? ამასთანავე, გაჩნდა ვერსია, რომ ამ ინფორმაციამ სახელისუფლებო გუნდიდან მიზანმიმართულად გამოჟონა და რომ გარკვეული ჯგუფი ღარიბაშვილს უპირისპირდება.
- ვინც იცნობს ქართული პოლიტიკის არსსა და ხასიათს, ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს შიდა დაპირისპირების შედეგად გასაჯაროებული ინფორმაციაა. ქართულ სახელისუფლებო სტრუქტურებში ყოველთვის იყო და არის დაპირისპირებული მხარეები. რამდენად ღრმაა დაპირისპირება ამჯერად, ვერ გეტყვით, ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, ფაქტია, ამან დააზიანა ნამდვილად ღარიბაშვილი. ბევრი ითქვა ამაზე და მეც მგონია, რომ შეუძლებელია ამ ნაბიჯის გამართლება, თუმცა ამას ახერხებენ ისევ ის პირები, ვინც საკუთარი ლიდერის მსგავს გადაწყვეტილებებს, მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფრენებს დღესაც იწონებენ. რასაკვირველია, ერთი შეცდომა თუ დანაშაული მეორეს ვერაფრით გადაფარავს, მაგრამ ოპოზიციაში ზოგიერთი რომ გაჩუმდებოდეს, საქმეს გაცილებით უფრო წაადგებოდა და პოლიტიკური შედეგიც იქნებოდა.
თავის მხრივ, გაუმართლებელია თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელმაც ახლაღა გაიხსენა ამ უწყების ბიუჯეტიდან დაფინანსებული სააკაშვილის ფრენები და ამისთვის ფარდის ახდა გადაწყვიტა. უკაცრავად და, ამდენი წლის განმავლობაში სად იყვნენ? პიჯაკების გამო რომ გადაწყვიტეს სააკაშვილის გასამართლება, ამის გამო რატომ არ მოსთხოვეს პასუხი, ეს არგუმენტები სად იყო აქამდე? სწორედ ამას ვამბობდით თავიდანვე, როცა კოაბიტაცია გამოცხადდა, რომ ყველა დანაშაული უნდა გამომზეურებულიყო. საბოლოოდ ამ პროცესმა საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო. კეზერაშვილს ახსენებენ ხოლმე ხშირად და, ბარემ ისიც გავიხსენოთ, როცა ის საფრანგეთში დააკავეს, რა ფარატინა ფურცელი გაგზავნეს შესაბამისი უწყებებიდან ვითომდა მისი ბრალის დასამტკიცებლად, შედეგად კი დაკავებული კეზერაშვილი გაათავისუფლეს.
- ორიოდე სიტყვით შევეხოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესსაც. მოგეხსენებათ, საპარლამენტო ჯგუფმა უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. თავის მხრივ, საინტერესო ვითარებაა საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ერთმანეთზე ეჭვიანობენ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის გადაბირებას შეეცდება...
- მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბევრი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ მომწონს, "ქართული ოცნების" წამოწყებული ეს პროცესი არასწორი მგონია. ამით მხოლოდ ქვეყნის იმიჯს ვაზარალებთ. ვფიქრობ, ეს პროცესი, როგორც პრემიერმა თქვა, ფორმალური იქნება და ვერ შეძლებს "ქართული ოცნება" საჭირო ხმების მოგროვებას. ოპოზიციაზე ლაპარაკიც არ მინდა, ასეთი სუსტი და უუნარო ოპოზიცია, მგონი, არასდროს გვყოლია. მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ემარჯვებათ. ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს ვერ ხედავენ და არც ამაზე ლაპარაკი მოსწონთ დიდად. მაგრამ ეს ყველაფერი, რაღა დაგიმალოთ და, მეორეხარისხოვანი მგონია იმ ვითარებასთან შედარებით, რაც დღეს რეგიონშია.
ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა მთელი ჩვენი რეგიონი. არ ვიცით, როგორ დასრულდება ის ვაჭრობა, რაც მიმდინარეობს სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების კონტექსტში. შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიწყოს სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ახალი რაუნდი, თანაც უცნობია, ვინ ვის მხარეს დადგება, როგორ მოიქცევიან დასავლეთი და რუსეთი? დღეს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი სომხეთის ტერიტორიაზე ატარებს წვრთნას, რომელიც 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. არავინ იცის, რა მოხდება ამის შემდეგ, რა იქნება 27 სექტემბერს, ყარაბაღის ბოლო ომის დაწყების წლისთავზე. არ ვიცით, რას მოინდომებს ალიევი. ის მიიჩნევს, რომ საბოლოო გამარჯვებას ვერ მიაღწია. ეს რეგიონისთვის უდიდესი საფრთხეა და ყველაფერი განზე დაგვრჩება, თუ ამ გამოწვევისთვის არ მოვემზადებით.
სომხეთის საგარეო ვექტორი ბოლო დროს შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა რუსეთს ისეა მიბმული, მისგან გათავისუფლება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ფაშინიანი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს.
- სკანდალური გამოდგა "პოლიტიკოსისთვის" მიცემული ფაშინიანის ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა: "რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია, მოსკოვს, როგორც უსაფრთხოების გარანტს დაეყრდნოს და მისი მოიმედე იყოს, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მხრიდან კონფლიქტის განახლების მზარდი საფრთხის გამო". სომხეთის პრემიერის ამ და სხვა განცხადებებს, ამერიკელებთან ერთობლივ წვრთნებს და უკრაინაში სომხეთის პირველი ლედის ვიზიტს რუსეთისგან უკიდურესად მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ სომხეთის ელჩი გამოიძახეს და მასთან "მძიმე" საუბარი ჰქონდათ იმის გამო, რომ სომხეთმა რუსეთის არამეგობრული ნაბიჯები გადადგა.
- ვშიშობ, ამას შეიძლება რუსეთისგან ქმედებებიც მოჰყვეს. არც სახელმწიფო გადატრიალებას გამოვრიცხავ სომხეთში, არც ახალი ომის დაწყებას და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს სომხეთს დიდი გეოპოლიტიკური დარტყმის საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად გადარჩება.