„მოსახლეობის მხარდაჭერა არის ბასტიონი, რაზეც დგას ჩვენი ევროინტეგრაცია“
"ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. გარდა ამისა, ღარიბაშვილი ამბობს: "ჩვენ პარტიასა და პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომლებზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელსა და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას, რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება. ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით!". ერთ კვირაში რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი, ამ საკითხებზე "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ:
- ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორ შეიცვალა "ოცნების" დამოკიდებულება. თავიდან, როდესაც გვითხრეს, რომ ოლიგარქიზაცია ქვეყანაში პრობლემაა, "ოცნება" ამას შეეწინააღმდეგა და აცხადებდა, რომ საქართველოს ეს პრობლემა არა აქვს. მეორე ეტაპზე ევროკავშირი უკვე გვარებზე გადავიდა, სახელობითი სიის შედგენა დაიწყო. ოპოზიცია ამბობდა, რომ ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, "ოცნება" ამბობდა, რომ ეს ეხება ყველას, გარდა ივანიშვილისა. დღეს კი იქამდე მივედით, რომ შუალედური დასკვნის შემდეგ ეს პუნქტი ევროკავშირმა შეუსრულებლად ჩათვალა და მოუწოდა ჩვენს ხელისუფლებას, შეასრულოს. პასუხად "ოცნებამ" გადაწყვიტა კანონპროექტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, საიდანაც მივიღეთ დასკვნა, რომ დეოლიგაქრიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური მიდგომა, არამედ ინსტიტუციური, შესაბამისად, ბევრი ცვლილებაა გასატარებელი - აი, როგორ შეიცვალა "ოცნების" პოზიცია არაღიარებიდან აღიარებამდე. რაც შეეხება იმას, რაც რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ, არავინ იცის, მოესწრება თუ არა ამ ყველაფრის გაკეთება. დრო ძალიან ცოტაა.
- დანარჩენი ვალდებულებები ან არ ჩაითვალა შესრულებულად ან ნაწილობრივ შესრულებულად თვლიან. 22 ივნისის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა და ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე როგორ აისახება?
- როგორც ვიცით, პირველ ეტაპზე იქნება ევროკომისიის სარეკომენდაციო შეფასება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებენ წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, დეკემბერში. ამ გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე მდგენელია: ერთია 12 პუნქტის შესრულება, მეორეა ევროპული ღირებულებების ერთგულება, მესამე - ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჰარმონიზება და მეოთხე, თუ რამდენად სწორია მოძრაობის ტრაექტორია და ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, თუ სად დგას საქართველო, როდესაც საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს.
- თითოეული ამ კომპონენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა მდგომარეობა გვაქვს?
- უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებები, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ ესადაგება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას. ავიღოთ თუნდაც ევროპული ღირებულებების ერთგულება. ხელისუფლებამ თავის დროზე, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა, როდესაც ელჯიბიტი-თემს თავს დაესხნენ და ა.შ; უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები, ბუნებრივია, ამ პროცესს ხელს არ უწყობს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველო ხელს უწყობს სანქციების მოქმედებას. ეს ევროკავშირმაც განაცხადა და მისიაც იყო ამ საკითხზე ჩამოსული.
- ამ დროს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება, სტატუსის მიღებაზე იქონიებს გავლენას?
- რა თქმა უნდა, ექნება ძალზე უარყოფითი გავლენა. ფაქტია, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში აბსურდული ბრალდებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ბევრ კითხვას აჩენს ინსტიტუციურ მოწყობასა და ინსტიტუტების მუშაობის შესახებ. ევროკავშირის სარეკომენდაციო 12 პუნქტიდან მეორე სწორედ ამას მოგვიწოდებს - ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო და ინსტიტუციური გარემო.
- მეორე საკითხია პრემიერის აშშ-ში პირადი მიზნით ჩარტერული რეისით მგზავრობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა 12 პუნქტი მოიცავს სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას.
- ევროკავშირი დააკვირდება, ეს არის ერთჯერადი თუ სისტემური ხასიათი აქვს... ამ საქმეში აქცენტი კეთდება თანხის წარმომავლობაზე, ვისი გადახდილიც არ უნდა იყოს, რადგან ეს განსაზღვრავს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, მაგრამ მთავარია, როგორი იქნება რეაგირება და როგორ იმუშავებს ინსტიტუციურად სისტემა.
- ხელისუფლება ისევ ამბობს, რომ ჩვენ გვეკუთვნის სტატუსი და უნდა მოგვცენ!
- ევროკავშირის გადაწყვეტილებები, როგორც წესი, პოლიტიკურია - ანუ მინიმუმ ორი მდგენელისგან შედგება: პოლიტიკურისა და ტექნიკურისგან. ზემოთ რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ტექნიკური საკითხია. ყოველივე ის კი, რაც ხდება, რა პროცესშიც ვართ, სწორედ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდა. ერთიც და მეორეც თანაბრად მნიშვნელოვანია. ხელისუფლების "გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებას" სტრატეგიით მოქმედება რამდენად გაამართლებს, სულ მალე გავიგებთ.
- ოპტიმიზმისთვის რა საფუძველი გვაქვს?
- ის, რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულად განწყობილია, რომ უდიდეს უმრავლესობას სურს საქართველო იხილოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად. ეს არის ბასტიონი, რაზეც დგას დღეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. მაგრამ თუ ეს ბასტიონი შეარყიეს, ცუდად გვექნება საქმე...
რუსა მაჩაიძე