„იუსტიციის სახლის აშენებისას, ჩინელები საესკიზო ჩანახატებით მუშაობდნენ, ნახაზები არ ჰქონდათ“ (?!) - კვირის პალიტრა

„იუსტიციის სახლის აშენებისას, ჩინელები საესკიზო ჩანახატებით მუშაობდნენ, ნახაზები არ ჰქონდათ“ (?!)

ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული­ პარტნიორობის ერთ-ერთი პირველი შედეგი სახეზეა - 11 სექტემბერს ცნობილი­ გახდა, რომ საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის მოქალაქეები უვიზოდ შემოსვლასა და 30 დღის განმავლობაში დაყოვნებას შეძლებენ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის­ გაღრმავების სურვილით ხსნის და აქცენტს ტურისტულ ბიზნესზე აკეთებს. თუმცა ექსპერტების ნაწილი­ მიიჩნევს, რომ ამ გადა­წყვეტილებით დიდ ჩინურ ეკონომიკურ ექსპანსიას მივიღებთ, რასაც ეკონომიკური გავლენის მოპოვების სურვილიც სდევს­ ხოლმე.­ რას მოასწავებს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილ­ება, ამ თემაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილ ელჩთან,­ "ევროპული დემოკრატების" გენერალურ მდივან მამუკა გამყრელიძესთან­ ვისაუბრეთ:

- სიმართლე გითხრათ, ეს უფრო პიარ­ეფექტის მქონე განცხადება იყო. აქამდეც გამარტივებული სავიზო მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან, მაგრამ ამით უამრავი ჩინელი არ შემოვარდნილა საქართველოში. თუ გახსოვთ, წინა მმართველობის დროს იყო ამის შიში, ახლა ჩინელები ჩამოვლენ, სააკაშვილი გაწეწვას გვიპირებსო.

- მახსოვს ჩამოვიდა რაღაც ნაწილი, მაღაზიებიც გახსნეს, შვილებიც გააჩინეს და დაარქვეს: ლუკა, გიორგი, მარიამი...

- კი ბატონო, მაგრამ გაბრუნდნენ... ჩავიხედოთ ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 18 ტრილიონია, ჩვენი - 27 მილიარდი. ერთ კაცზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2-ჯერ და მეტად მაღალია ჩინეთში. საშუალო ხელფასი ჩინეთში 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში, მინიმალური ხელფასი კი 5-ჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოში. უმუშევრობა ჩვენთან თუ 4%-ზე მაღალია, ჩინეთში 0,6%-ია. სიღარიბის ზღვარს დაბლა ჩვენთან 10-ჯერ მეტი კაცი ცხოვრობს, ვიდრე ჩინეთში, ამიტომ რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ ჩინელებს აქ მასობრივად ჩამოსვლის? ისინი ისეთ ქვეყნებში მიდიან, სადაც ადვილია სამსახურის შოვნა, ბევრად უკეთესი ცხოვრებაა, მაგალითად აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ეს სიახლე უფრო პიარსვლაა - ტურიზმზე იყო გათვლა. დაახლოებით 10-11 წლის წინ ჩინეთმა საქართველო ტურისტული დანიშნულების ქვეყნების სიაში შეიყვანა. ასეთი მაშინ სულ 20-25 ქვეყანა იყო: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ა.შ. ამ სიაში მოსახვედრად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რასაც მოჰყვა ჩინური ტურისტული კომპანიების ჩამოყვანა. ბევრი ჩამოვიდა, პირადად მეც ჩამოვყევი, შევახვედრეთ აქ დეპარტამენტს. იარეს, არ მოეწონათ და წავიდნენ.­

- რატომ არ მოეწონათ?

- იმიტომ, რომ ზღვაზე წაიყვანეს, ზღვაზე კი არ დადიან ჩინელები, არ უყვართ. არათუ გარუჯვა, ზამთარშიც კი ქოლგით დადიან, ძალიან ერიდებიან მზეს. თეთრი კანი ჩინელ ქალებში სილამაზედ ითვლება. ჩვენთან რომ ბევრს ნამზეური აქვს, გაკვირვებული უყურებენ. ჩინელებს არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება უყვართ. გარდა ამისა, მაშინ თბილისი-პეკინი პირდაპირი რეისი იყო, მაგრამ გაუქმდა, რადგან­ არ იყო მოთხოვნა. ახლა თურქეთიდან რომ წახვიდე, 2.000 დოლარი დაგიჯდება ორმხრივი ბილეთი. 2.000 დოლარს რომ გადაიხდი ბილეთში, რაღაც­ სანახაობა ხომ მაინც უნდა ნახო? იმავე ფასად შეუძლია წავიდეს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში... კვებაც პრობლემა იყო. მაგალითად, ჩინელები ყველს არ ჭამენ. მინახავს, ხაჭაპურიდან ყველს გამოფხეკდნენ და ისე შეექცეოდნენ, თან გაიძახოდნენ, რა გემრიელი პურიაო. ისინი ბევრ ბოსტნეულსა და ბალახეულს მოიხმარენ, ნატურალური მოსწონთ ყველაფერი. მოკლედ, ყველა პირობა უნდა შეუქმნა, დასავლეთში კი ეს პირობები უკვე არის. ითქვა, ჩინელები ცოტა ფულს ხარჯავენ საქართველოშიო. ჩინელებს ძალიან უყვართ შოპინგი. დასავლეთში რიგები დგას "შანელის", "ერმესის", "დოლჩე&გაბანას" მაღაზიებთან, გააქვთ ყველაფერი. ჩვენთან თუ შევთავაზებთ, მხოლოდ კაზინოებს, რადგან თამაში ძალიან უყვართ. სათამაშოდ ჩადიან მაკაოში, რომელიც დახარჯული ფულის ოდენობით, შესაძლებლობებითა და კაზინოებით ლას-ვეგასზე წინაა. შეიძლება მდიდარი ჩინელი აქ არ ჩამოვიდეს, ჩამოვიდეს უფრო დაბალი სეგმენტი და მათთვის იმუშაო. ამაზე ფოკუსირებულად არავის უფიქრია.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭი­რდა იმდროინდელ მთავრობასთან ურთ­იე­რთობა - როდესაც ვურჩევდი, სად უკეთესია ღვინის გამოფენაში მონაწილეობა, არავინ ითვალისწინებდა. მოკლედ, ცოტა ქართული არხეინობით ვუყურებთ ამ ყველაფერს. ისე კი ჩინელის აქ ჩამოსვლაში საშიში არაფერია, მერწმუნეთ. გარდა ამისა, ჩინეთი არაა მოსაზღვრე ქვეყანა, რომ კომპაქტური დასახლებები გაჩნდეს საზღვართან. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ამას დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ.

- უსაფუძვლოდ?

- ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორო­ბა 120-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს, მაგრამ­ სტრატეგიული პარტნიორობის ბევრი ხარ­ისხი არსებობს, ჩვენ ყველაზე დაბლა ვართ. დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია. რატომ შეხვდნენ ჩვენთან ასეთი საფრთხით და ვაი დედათი? რადგან ჩინეთი რუსეთის მეგობარია, ჩვენ არ უნდა ვიყოთ პარტნიორები? თუ გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი არიან, ჩვენ რატომ არ უნდა ვიყოთ, რა პრობლემაა?! ჩინელები არ უყურებენ ამას როგორც პოლიტიკურ მოვლენას. ესაა ერთგვარი ეკონომიკური დოკუმენტი... თუმცა მე წავიკითხე ტექსტი და გულზე შემომეყარა, რადგან მასში ბევრად მეტი პოლიტიკური და საერთაშორისო ნაწილია, ვიდრე ეკონომიკური. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ტაილანდის საკითხი და არაფერია ნათქვამი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც მიუღებელია დიპლომატიაში.

- დიახ, ამაზე ვრცლადაც ვისაუბრეთ წინა ინტერვიუში... მშენებლობის საკითხებსაც მინდა შევეხოთ. ამჟამად სამშენებლო ბიზნესი­ ჩვენთან ბევრ ჩინურ კომპანიას აქვს. ამას წინათ, სოცქსელში ერთი რუსი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, იღებდა რიკოთზე ჩინური კომპანიების მუშაობას და ამბობდა, მიკვირს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩინელებს როგორ ანდვესო. ასეთი შეხედულება ბევრს აქვს...

- ელემენტარული უცოდინარობაა, როდესაც ჩინელზე ამბობ, რაღაცას უხარისხოდ აკეთებსო. საკმარისია ჩახვიდე ჩინეთში და ნახოთ გზები, აეროპორტები, სახლები, სასტუმროები როგორი ხარისხითაა­ ნაშენი. იქ, სადაც ფულის დახარჯვა უნდათ და სურთ კარგი გააკეთონ, აკეთებენ უმაღლეს დონეზე. ხშირად გაიგონებთ, ჩინური ტანსაცმელი და სათამაშოები არ ვარგაო, მაგრამ ეს კაპიკებად გაკეთებული და კაპიკებად გაყიდული პროდუქციაა. ჩინეთში პრაქტიკულად ყველა ბრენდს აქვს თავისი ქარხანა, იქ იკერება ბევრი რამ. თავად ჩინური ბრენდები, მაგალითად, "შანხაი ტანგი" უფრო ძვირია, ვიდრე "ერმესი" და "შანელი". ასე რომ, ხარისხი ჩინელისთვის პრობლემა არაა, ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენს გადაიხდი. თუ დამკვეთი იძლევა ტექნიკურ დავალებას, რომ გაგიკეთოს სწრაფად და იაფად, კარგ ხარისხს ვერ შემოგთავაზებს. არსებობს აქსიომური ცნება დაპროექტების მენეჯმენტში, რომელიც მოიცავს 3 მხარეს: ფასი, შესრულების დრო და ხარისხი. თუ გინდა სწრაფად და იაფად, ვერ მიიღებ ხარისხს და ა.შ.. ისიც მნიშვნელოვანია, მისცეს თუ არა ჩინელებს შესაბამისი გათვლები გეოდეზიაში, გეოლოგიაში, ჩატარდა თუ არა ქანების კვლევა. ყოველთვის კითხვას ვსვამ ხოლმე: არის თუ არა რაიმე კორუფციული­ გარიგება, იმიტომ, რომ ჩინელებს ეს ახასიათებთ, სხვათა შორის, არა თავიანთ ქვეყანაში, მაგრამ უცხოელებთან ურთიერთობისას იოლად მიდიან ე.წ. ატკატზე, ქრთამზე.

გავიხსენებ იუსტიციის სახლის მშენებ­ლობას, მუდმივ მონიტორინგში იყვნენ ის კომპანიები, რომლებიც აშენებდნენ. ის არასტანდარტული რთული მეტალის კონსტრუქციები ჩინეთში იწყობოდა, იქვე ღებავდნენ და შემდეგ ჭრიდნენ, რადგან არც ერთ გემზე არ ეტეოდა. მერე აქ აწყობდნენ. ურთულესი სამუშაო იყო. ჩქარა, ჩქარაო, უყიჟინებდნენ ჩვენები და თვითონ შემომჩივლეს ჩინელებმა და მაჩვენეს კიდეც, რომ საესკიზო ჩანახატებით მუშაობდნენ, ნახაზები არ ჰქონდათ. მერე, რა თქმა უნდა, დააწიეს პროექტი. ამიტომ ჩინელებს ყველაფერს ნუ დავაბრალებთ. რომ ნახოთ მათი ახალი აეროპორტი, მთელი ქალაქია, ისეთ დონეზე შეუძლიათ მშენებლობა. პეკინში ტელევიზიის შენობა წარმოუდგენელი კონსტრუქციისაა, ან მათი საკონცერტო დარბაზი, რომელიც შეყვანილია არქიტექტურის ქრესტომათიებში, წვეთის ფორმის უზარმაზარი გრანდიოზული შენობაა. ჩინელებმა ააშენეს 2 რაიონი, სასტუმრო თბილისის ზღვასთან და კარგადაც გააკეთეს. კიდევ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ჩინელები მიდიან იქ, სადაც წიაღისეულია. საქართველო ამ მხრივ ვერ დაიკვეხნის. კიდევ ერთი ინტერესი ჰქონდათ - ხეტყე, მაგრამ ამაზეც ხელი ჩაიქნიეს, რადგან მცირეა. ამიტომ არანაირი ინტერესი საქართველოში ჩინელებს არა აქვთ. აბრეშუმის გზაც, თვითონ ჩინელებისგან ვიცი, რომ არ არის ძირითადი. მთავარი გზა რუსეთსა და პაკისტანზე გადის. არც ანაკლიის პორტი გავაკეთეთ. ერთ ჩინურ კომპანიას ჰქონდა საესკიზო პროექტი და 5 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ საბოლოოდ პროექტი სწრაფად ჩაიჩეხა, მერე ამერიკელებმა გამოხატეს ინტერესი და ამით დამთავრდა... კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი - რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის ინტერესი ჩინელებს ექნებათ. მაგალითად, უნდა აშენდეს ორი აეროპორტი. თუმცა თბილისში რატომ, არ ვიცი, ასე გადაწყვიტა მთავრობამ.

- მეორე აეროპორტის აშენებას სად გეგმავენ?

- თელავში და კარგი იქნება. თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ვაზიანის ტერიტორიაზე აპირებენ. ჩემი შეფასებით ეს აეროპორტიც არაა დატვირთული, მისი განვითარების შესაძლებლობები არის და რატომ აშენებენ ვაზიანის ტერიტორიაზე, იქ, სადაც სამხედრო ბაზაა, ცოტა გაუგებარია. არ გამოვრიცხავ ამ დიდ პროექტებშიც ჩინელები ჩართონ. მათი გამოცდილება კარგი იქნებოდა. და კიდევ, ჩინელები ერიდებიან პირდაპირ ინვესტირებას, თუ მათი ინტერესიც არ არის. მაგალითად, პორტში პირდაპირი ინვესტიციები შეიძლება ჩადონ, მაგრამ ამას მოაყოლებენ ხოლმე დაკრედიტებას. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში არის ჩანაწერი, რომ ჩინეთი იღებს ვალდებულებას შეისწავლოს გარკვეული საკითხები, რათა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაკრედიტება დაიწყოს. ეს მე საფრთხის შემცველ საკითხად მიმაჩნია, რადგან ჩინური მხარე კრედიტებს იყენებს როგორც პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც ჩერნოგორია, პაკისტანი, კენია, არგენტინა... ქვეყნებს მსოფლიო ბანკში კრედიტების აღება უწევთ ჩინური კრედიტების დასაფარად და საბოლოოდ 2-3-ჯერ ძვირი უჯდებათ. მქონდა ამის გამოცდილება - ჩინელებმა შემოგვთავაზეს, ფული რამდენიც გინდათ, წაიღეთო. მაშინდელ პრემიერ გილაურთან ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, გადავთვალეთ, გამოვთვალეთ და აღმოჩნდა, რომ წამგებიანი პირობებია, შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდე. ბევრად უფრო მომგებიანია კრედიტების დასავლეთისგან აღება. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ დაიწყება დიდი ინფრასტრუქტურული მშენებლობები საქართველოში, იქნება პორტი თუ აეროპორტი და თუ საქმეში ჩინელები ჩაერთვებიან, მთავრობამ აუცილებლად უნდა იკითხოს, იქნება თუ არა ჩართულობა ინვესტიციების სახით და ხომ არ მოჰყვება ამას დაკრედიტება. დაკრედიტებაზე კატეგორიული უარი უნდა ვთქვათ.