„თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია“ - კვირის პალიტრა

„თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა - ეს ინფორმაცია თავად სუს-მა გაავრცელა. მმართველი გუნდის ლიდერები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რათა გაერკვეს, რაშია საქმე. "ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბოლო 10 წელია კავშირი არა აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე,­ რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რაც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო უპირობოდ მიჰყვება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ "ოცნება" ცდილობს "მარტოხელა ჯაშუშის" ლეგენდა შემოგვთავაზოს. გიორგი ვაშაძის, გიორგი გახარიას, ასევე პარტია "ლელოს", "გირჩის", "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სხვა ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კონტრდაზვერვითი და ოპერატიული საქმიანობა ჩაშლილია. ამ ყველაფრის პარალელურად, ფარცხალაძე ირწმუნება, რომ ცილისწამების მსხვერპლია, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი კონკრეტული პირების ინსპირირებულია. ვინ შეიძლება იყოს სინამდვილეში ფარცხალაძე, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, რომლის ყოფილი მთავარი პროკურორი ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებული რუსეთის სასარგებლოდ ქმედებაშია ბრალდებული და ექნება თუ არა ამ პროცესს გაგრძელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე უსაფრთხოების სპეციალისტს ანდრო გოცირიძეს ვესაუბრეთ:

- გოგაშვილის სკანდალის შემდეგ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის მეორე კატასტროფაა. ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო, რაც თავისთავად საგამოძიებო სისტემაზე კონტროლს გულისხმობს. თუმცა ჩრდილოვანი მმართველობის იერარქიაში მას დამატებითი ფუნქციებიც ჰქონდა და სახელმწიფო უწყებებსა თუ ბიზნესებზე განუზომელ გავლენას ახდენდა. თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია. პოლიტიკურად მმართველი პარტიისთვის ეს კიდევ ერთი საკადრო ჩავარდნაა - ამერიკული სპეცსამსახურების გამოვლენილ და სახელმწიფო დეპარტამენტის სანქცირებულ ეფ-ეს-ბეს აგენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორს მთელი მმართველი პარტია გადაეფარა.

- როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. რატომ ან როდის უნდა დაინტერესებულიყო რუსეთის სპეცსამსახურები მისით.

- რთული სათქმელია, როდის და რა მონაცემების გამო დაინტერესდა ამა თუ იმ პირით რუსული დაზვერვა, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ საჯარო სამსახურში და განსაკუთრებით, ისეთ თანამდებობებზე დანიშვნისას, რისი წყალობითაც დანიშნულ პირებს ხელი მიუწვდებათ სახელმწიფო საიდუმლოებაზე ან თანამდებობრივად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროცესებზე, კანდიდატი სპეციალურ შემოწმებას გადის. პოლიტიკური ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია, ნასამართლევი პიროვნება, რომლის დიპლომიც კითხვებს ბადებდა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდა.

- რა მეთოდებით შეიძლება მოეხდინა ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა ფარცხალაძეს?

- რუსული დაზვერვის მთავარი ამოცანა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცედ მოიაზრებს, რუსული გავლენის გაფართოება, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების შექმნა-განვითარება ბიზნესსა თუ პოლიტიკურ წრეებში, ოკუპანტისადმი ლოიალური განწყობების დანერგვა, დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა, დემოკრატიული პროცესების საბოტაჟია. თუ ბოლო წლებში­ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, რუსული დაზვერვის ამოცანებს მთლად შეუსრულებლად ვერ მივიჩნევთ.

- ამ ამბავს უკრაინიდან უკვე გამოეხმაურა დავით არახამია, რომელმაც აღნიშნა,­ რომ საქართველოს მთავრობას ამის შესახებ აფრთხილებდნენ და ისიც მიგვანიშნა, რომ გაგრძელება იქნება. როგორ გგონიათ, მართლაც უნდა ველოდოთ გაგრძელებას?

- სანქცირება, როგორც ჩანს, გაგრძელდება. საინტერესოა, რომ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით ფარცხალაძე მართლაც იყო ჩართული ავიაფრენების­ აღდგენასა და ტურისტულ ნაკადებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ცხადია, რუსი პოლიტიკოსის განცხადებები არასდროსაა სანდო, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა სპეციფიკურია, მართლაც მოხდა, რამაც რუსული გავლენის ზრდა და დასავლელ პარტნიორებთან გაუგებრობა გამოიწვია. სწორედ ეს არის რუსეთის დაზვერვის ინტერესი, რაზეც აპელირებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სანქცირების დასაბუთებისას. თავად ფიგურანტის განცხადება, რომ სანქცირება დაუსაბუთებელია, ნაკლებადაა წონიანი, რადგან დოკუმენტი საკმარისად ინფორმაციულია.

- პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა­, რომ ფარცხალაძეს ათი წელია კავშირი არა აქვს ხელისუფლებასთან, მაგრამ ოპოზიციონერ ლიდერებს არ სჯერათ, რომ ფარცხალაძე "მარტოხელა ჯაშუშია".

- ამ საქმეში ჯაშუშობაზე არ არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ამერიკული სპეცსამსახურის მონაცემებს ეყრდნობა და ამბობს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორს იყენებდნენ რუსული გავლენის გასაძლიერებლად. სხვათა შორის, დოკუმენტში არ წერია, რომ ეს მის გენერალურ პროკურორობას უკავშირდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფიგურანტი დიდი გავლენით სარგებლობდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, სამთავრობო სტრუქტურებსა თუ სასამართლო ხელისუფლებაში.­ ასე რომ არ ყოფილიყო, არც გახდებოდა რუსული დაზვერვის დაინტერესების ობიექტი­. ისიც საგულისხმოა, რომ ფარც­ხალაძე ოლიგარქიული ქმედებებისთვის, ჩრდილოვანი­ მმართველობისთვის დაასანქცირეს და არა საჯარო სამსახურში კორუფციისა თუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ცოტა ადრე ამერიკულმა­ სოციალურმა ქსელებმა წაშალეს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშები და მაშინ დაიწერა, რომ ისინი მმართველ ძალასთან იყვნენ დაკავშირებული. გარდა ამისა­, უკანასკნელ 2-3 წელიწადში რუსეთთან დამაახლოებელი ან რუსეთის სასარგებლო რამდენიმე გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რამაც ძალზე დააზიანა საქართველოს უსაფრთხოება, ურთიერთობები პარტნიორებთან და ინტეგრაციის პერსპექტივა.

- პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ შესაბა­მისი­ უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამაზე ინფორმაცია. რამდენად ობიექტურ ინფორმაციას მივიღებთ?

- თუ ფარცხალაძესა და რუსეთის სპეცსამსახურს შორის კავშირი არსებობდა, წარმოუდგენელია ეს არ სცოდნოდა ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს. როგორც წესი, ასეთ დროს პარტნიორ სპეცსამსახურებთან კომუნიკაცია აქვთ (თუ არა აქვთ, ეს ახალ რეალობაში თანამშრომლობის დაბალ ხარისხზე მეტყველებს) და ისედაც, ქართულ უსაფრთხოების სამსახურებს შესაბამისი ცოდნა და საშუალებები ნამდვილად აქვს, რომ ამგვარი კავშირი არ გამოეპაროთ. ეს არაერთხელ დადასტურდა, როდესაც საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე გამოძიებას ან დისკრედიტაციის კამპანიას ეხება. საკითხავია, რატომ არ იქნა ეს პოტენციალი გამოყენებული ამ შემთხვევაში? ძალაუნებურად ჩნდება განცდა, რომ გარკვეულ პირებს პოლიტიკური ნიშნით აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია და ეს ყველაზე ხშირად რუსეთთან აფილირებულ პერსონებზე ვრცელდება.

- რა უნდა გააკეთოს ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ფარცხალაძის მსგავსი სუბიექტები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვერ მოხვდნენ?

- ამის ხელშემშლელი მექანიზმი ყველა­ სახელმწიფოს და, ცხადია, საქართველოსაც­ აქვს, თუმცა, როდესაც გადაწყვეტილებები სპეცსამსახურში პოლიტიკური მიზანშე­წონილობით მიიღება, ამგვარი კატასტროფა გარდაუვალია. თუ დავაკვირდებით გოგაშვილისა და ფარცხალაძის შემთხვევებს­, ისინი ყოველგვარი კარიერული წესის დარღვევით აღმოჩნდნენ უმაღლეს თანამდებობებზე, რამაც საიდუმლო მასალებზე მათი განუსაზღვრელი წვდომა და დიდი გავ­ლენა განაპირობა. სამწუხაროდ, საქართ­ველოს სახელმწიფოებრივ მოწყობას ჯერ კიდევ ავტორიტარული სახელმწიფოს თვისებები ახასიათებს, სადაც ძალოვან სტრუქტურებს სხვა სამინისტროებსა თუ ბიზნესებზე განუზომელი გავლენა აქვთ, ხოლო ამ სახელმწიფო ინსტიტუტებში ზღვარი მმართველ პარტიასა და საჯარო სამსახურს შორის წაშლილია. სწორედ ამიტომ არის დასავლური რეკომენდაციების მნიშვნელოვანი შემადგენელი სამართალდამცავი სისტემის, სპეცსამსახურის დეპოლიტიზაცია. პოლიტიკური მიზანშეწონილობით მართული სისტემა სახელმწიფოს საფრთხეს უფრო უქმნის, ნაცვლად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა.

ფარცხალაძის სკანდალები

ოთარ ფარცხლაძემ კარიერის მწვერვალს 37 წლის ასაკში, 2013 წელს მიაღწია და საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა - მხოლოდ 39 დღით. დანიშვნიდან სულ რაღაც 5 კვირაში კი გახმაურებული საქმეების გამო გადადგომამ მოუწია. ჯერ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფარცხალაძე 15 წლის შევიდა უმაღლეს სასწავლებელში და 19 წლის ასაკში უკვე დიპლომი­ ჰქონდა. ეს მისმა თანაგუნდელებმა იმით ახსნეს, რომ ის სკოლაში "გადაახტუნეს". შემდეგ ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის გერმანიაში იყო ნასამართლევი ქურდობის მუხლით - კერძოდ, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძემ გერმანიაში ბოტასები მოიპარა. ფარცხალაძემ არ უარყო, რომ გერმანიაში ინციდენტი შეემთხვა: "2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა. სამართალდამცველს, რომელსაც, მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას... ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრსა და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება", - წერდა ფარცხალაძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ სკანდალური ამბები ამით არ დასრულებულა: უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს 2017 წელს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. ლაშა თორდიას განცხადებით, მას კლუბ "ელ ცენტროში" თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით, პრესაში გავრცელებული მასალების მიხედვით, აუდიტის სამსახური ფარცხალაძის კომპანიებისა და მერიის საქმიანობას სწავლობდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მთავარი პროკურორის ფირმებმა არაადეკვატური კომპენსაცია მიიღეს (საქმე ეხებოდა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებულ მიწის ადგილმონაცვლეობას). გარდა ამისა, 2018 წელს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბიზნესდავას, რომელშიც ყიფიანის ჩარევით ფარცხალაძე უკმაყოფილო დარჩა. ამ ფონზე უწყინრად გამოიყურება კიდევ ერთი სკანდალი - პანდემიის დროს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, მიუხედავად ავტომობილით გადაადგილების აკრძალვისა, რუსთაველის პროსპექტზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა.

ხათუნა ბახტურიძე