„არ გამოვრიცხავ, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს“
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ახლა ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის კარი არ დაიხუროს და რუსეთთან მარტო არ დავრჩეთ. საქართველოსთვის კიდევ ერთი გამოწვევა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხია. როგორც ანა ბუჩუკური ვარაუდობს, შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭიროს კიდეც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს... უფრო ვრცლად ამ საკითხებზე ანა ბუჩუკური გვესაუბრა:
- ახლახან გავიგე, რომ ოთარ ფარცხალაძეს ორი, მათ შორის ერთი რუსეთის პასპორტი ჰქონია. ის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორია. ესე იგი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე საქართველოს მეხუთე მოქალაქე დაასანქცირა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სახიფათო ვითარებაა. ამიტომ დასავლელ პარტნიორებს უნდა ავუხსნათ, რომ ახლა ევროკავშირის კარის დახურვას მოჰყვება ჩვენი ქვეყნის რუსეთის წინაშე მარტო დარჩენა და ქართველების 90%-ის დიდი იმედგაცრუება.
- ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბორელსა და მის გუნდთან ჰქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება, ყველაფერი გაკეთდება და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი.
- არ მჯერა პრემიერის! რამდენი ხნის წინ მოგვცა ევროკავშირმა ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები?! აქამდე ამტკიცებდნენ, რომ ყველა პუნქტი შეასრულეს, ახლა კი აღიარეს, რომ არ ჰქონიათ შესრულებული! რა უნდა დავუჯეროთ პრემიერს, რომელიც გვიმტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ გადაუხადა 100.000 ლარი ამერიკული ვოიაჟისთვის?! ერთი მიშა იყო მართალი, როდესაც ამბობდა, დედაჩემის ხარჯზე ვცხოვრობო, და მეორე ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს, რომ მამამისი აცხოვრებს.
- მაგრამ თქვენ ამ პრემიერის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეთ.
- იცით, რატომ? პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი ყალბია, რადგან მას 76 ხმა სჭირდება. თუ "ლელო", "ნაცები" და "ქართული ოცნება" ერთმანეთში რიგდებიან, რომ საჭირო ხმებს აიღებენ, თქვან, სხვა შემთხვევაში აზრი არა აქვს.
ჩვენი გუნდი წელიწადზე მეტია ითხოვს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებას. ახლა გაახსენდა ეს ახალგაზრდები პრემიერს, როდესაც მსოფლიო მის ამერიკულ ვოიაჟზე ლაპარაკობს? ახლა ისიც გვითხრა, რომ ბიუჯეტი დაკორექტირდება და მოხმარდება ხელფასების ზრდას, ჯანდაცვას, ეკონომიკას, განათლებას... როგორც ჩანს, რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ მის ძვირად ღირებულ ვოიაჟებზე, უფრო მეტად დაასაჩუქრებს მოსახლეობას. არ უნდა გავჩერდეთ და იქნებ სკოლებში ბავშვთა კვებაც მოაწესრიგოს.
- ახლახან თანამდებობის პირთა დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოხვედით, კანონში ცვლილებების პროექტიც დააინიცირეთ და მისი დაჩქარებული წესით განხილვაც მოითხოვეთ.
- დიახ, ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური თანამდებობებით გამდიდრებული ჩინოვნიკები მშობლებზე ან სხვა ნათესავებზე ქონების გადაფორმებით ცდილობენ ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გადაფარვას. მოქმედი კანონით, დეკლარაცია შეეხება თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ხოლო ოჯახის წევრებში ერთ ჭერქვეშ მუდმივად მცხოვრები პირები იგულისხმებიან. მშობლები დეკლარაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიან, თუკი დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. შესაბამისად, ღარიბაშვილის მამას არა აქვს ვალდებულება, რომ დაასაბუთოს ქონების წარმომავლობა. ცვლილების შემთხვევაში, ყველა ახლო ნათესავი იძულებული იქნება ქონების წარმომავლობის დეკლარირება მოახდინოს. თუ "ქართული ოცნება" ამ ინიციატივაზე უარს იტყვის, დადასტურდება, რომ მოპარული ფულის დასაფარავად ნათესავებს იყენებენ.
ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის აერომგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის 2012 წლის ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია თავდაცვის სამინისტროს შპს "ჯორჯიან ეარვეისთან" გაფორმებული ორი ხელშეკრულება, რომელთა მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი. დიახ, ეს ნამდვილად იყო პრობლემა, მაგრამ რატომ დასჭირდა ამაზე საუბარი ხელისუფლებას 11 წლის შემდეგ? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი კორუფციისა და ფარცხალაძის საქმე ჩაეფარცხა?
- თქვენ რა იცით ფარცხალაძის შესახებ?
- ბევრი არაფერი, ის ძალიან ცოტა ხანს იყო თანამდებობაზე. მთავარი ის არის, რომ ეს კაცი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა. ამას მე კი არა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს. არ შემიძლია არ გავიხსენო ის დრო, როცა "ოცნებამ" "აგენტების შესახებ" რუსული კანონი შემოგვთავაზა. მაშინ ჩვენ ალტერნატიული კანონპროექტი შევთავაზეთ რუსული გავლენებისგან საქართველოს დაცვის შესახებ, რომელიც ზუსტად ფარცხალაძის მსგავს პირებზე უნდა გავრცელებულიყო. რატომ რუსეთი? იმიტომ, რომ მტერი სახელმწიფოა და თუ ვინმეს გავლენის აგენტებს უნდა ეძებდე სახელმწიფოში, რუსეთის უნდა იყოს. რა გააკეთა "ოცნებამ"? არც განიხილა! ეს უკვე პასუხია.
- როგორც ვიცი, თქვენი პარტიის ლიდერს გიორგი გახარიასაც ჰქონდა გადაკვეთა ფარცხალაძესთან.
- გიორგი გახარიას ფარცხალაძესთან შეხება არ ჰქონია. უბრალოდ, მისი პრემიერობის დროს იყო, რომ ფარცხალაძე ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, რუსთაველის პროსპექტზე მანქანით შენიშნეს და დაჯარიმდა. მაშინ გახარიამ თქვა კიდეც, მე "ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებსო.
- ამ ამბავში კარგი ის არის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება გავრცელდა, რომ არც ერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან შტატების ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.
- დიახ, ამ ძალიან საშიშ სიტუაციაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ასეთი დამოკიდებულება მაძლევს მომავლის იმედს. დასავლელი პარტნიორებისთვის კონკრეტული გვარ-სახელები კი არა, სახელმწიფო და ხალხია მთავარი. საქართველო დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მე იმის დიდი იმედიც მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.
- საინტერესოა, თქვენი აზრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც. ამ საკითხში რატომ უცხადებთ უნდობლობას "ნაცმოძრაობას"?
- დიახ, არ გამოვრიცხავ, რომ "ნაცმოძრაობაში" აღმოჩნდებიან დეპუტატები, რომლებმაც შეიძლება ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ. ამით მათი ალიანსი კიდევ ერთხელ დადასტურდება. მსგავსი პრეცედენტები გვახსოვს - რამდენიმე თვის წინ "ოცნებამ" სასამართლოში მურუსიძის კლანი სწორედ "ნაცმოძრაობის" ფრაქციის წევრების დახმარებით გააძლიერა. ანალოგიურად, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ "ნაცმოძრაობის" ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტს. ვნახე მათი გადაწყვეტილებაც, რომ არ აპირებენ იმ დღეს დარბაზში ყოფნას და ეს ნიშნავს, რომ საკუთარ დეპუტატებს არ ენდობიან. როდესაც გუნდში ასეთი უნდობლობაა, როდის რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის.
ხათუნა ბახტურიძე