„ანა წითლიძე ვერ გააკავებს სანოვაგეზე დაგეშილ „ნაცებს“, თუ „ოცნები“ კარგი ფასის გადახდას მოინდომებენ“
"ოცნების" არგუმენტი, ფარცხალაძე 11 წელია ჩვენთან არ არის და ეგ ამბავი ჩვენ არ გვეხებაო, ძალიან მალე გაბათილდება", - ამბობს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები ხედავენ, რომ ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, ქვეყანას ძალოვანი სტრუქტურები მართავენ, სწორედ ამიტომ დაასანქცირეს მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები სასამართლოსა და ძალოვან უწყებაში. "ვფიქრობ, ეს არის პროცესი, რომელიც დასრულებული არაა და სადამდე მიგვიყვანს, არავინ იცის, - აცხადებს "გირჩის" ლიდერი და მთავარ პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება:
- ქვეყანაში საოცარი ამბები ტრიალებს, კაცი, რომელიც ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო, კრიმინალი და მტრულად განწყობილი ქვეყნის ჯაშუში აღმოჩნდა, პრემიერი ბიუჯეტის ხარჯით ჩარტერული რეისებით დაფრინავს და ექსპერტს ზუსტად ამის გამო ამუნათებს. მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ იმის გამო, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპელ ლიდერებს შეხვდა - ამ რამდენიმე ფაქტის კონსტატაცია კარგად ასახავს დღევანდელ სამწუხარო რეალობას. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ამერიკაში ჩარტერული რეისით ვოიაჟის გამო პრემიერმა თავიც კი არ იმართლა, ადგა და პირდაპირ ბიუჯეტიდან დააჯილდოვა 50 000 სტუდენტი. ისე გამოვიდა, რომ პრემიერმა სტუდენტებს პირადი საჩუქარი გაუკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა ღარიბაშვილის კორუფციულ გარიგებებზე თვალი დახუჭონ. მე არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხედავენ სტუდენტები და მათი მშობლები, მაგრამ ფაქტია, უკვე ფსკერზე ვართ. ახლა ეფ-ეს-ბესთან თანამშრომლობის მიჩქმალვას ცდილობენ იმაზე საუბრით, თუ როგორ დადიოდა მიშა სააკაშვილი ესკობარის საფლავზე.
- რა იგულისხმეთ, როდესაც თქვით, რომ ფარცხალაძის საქმე ასე არ დასრულდება?
- ლოგიკას თუ მივყვებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმ ორგანოების წარმომადგენლებს ასანქცირებს, საიდანაც ქვეყანა იმართება. ჯერ გვითხრეს, თქვენი მოსამართლეები კორუმპირებული არიანო, ახლა გვითხრეს, რომ პროკურორი გვყოლია ეფ-ეს-ბეს აგენტი. არადა, არავინ არაფერს ამბობს - იქნებ ფარცხალაძემ თავისი კადრები დატოვა პროკურატურაში ან სულაც ის არის ხელისუფლებაში, ვინც ფარცხალაძე პროკურატურაში "ჩასვა"... რა გამოდის, ამერიკელებმა გვითხრეს, რომ კორუმპირებული ვართ, მმართველ გუნდში ეფ-ეს-ბეს აგენტები გვყავს და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას? ამ ყველაფერს ვაკვირდები და მგონი, ფარცხალაძემ ხუთიანზე შეასრულა თავისი მისია, ქვეყანაში რომ ასეთ მნიშვნელოვან, უფრო სწორად, სკანდალურ ამბებზე რეაქცია არ არის, ე.ი. ვიღაცას მართლა მაგრად უმუშავია საზოგადოებაში რუსეთისთვის სასარგებლო განწყობების შექმნისთვის.
- რატომ ფიქრობთ, რომ რეაქცია არ მოჰყვა, უსაფრთხოების სამსახურმა ხომ დაიწყო ფარცხალაძის საქმის შესწავლა?
- არ მჯერა, რომ ფარცხალაძე მარტოხელა აგენტი იყო, მოკავშირეები არ ჰყავდა და დამოუკიდებლად ატარებდა პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში. ფარცხალაძის თანამოაზრეებს საქართველოს შესაბამისი სამსახურები თუ არ გამოავლენენ, ამას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს და შესაბამისად, სანქციები გაგრძელდება.
- მმართველი გუნდის ლიდერები და ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია. ამას არც თქვენ უარყოფდით. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი ამბების ფონზეც ვერ შეძლებს ოპოზიცია ელექტორატის მიმხრობას?
- შეძლებს თუ არა, არჩევნებზე გამოჩნდება, მაგრამ ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დიდი ხანია, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთზე უარესი პოზიციებით მოძრაობენ. ჯერჯერობით ბრძოლაში "ქართული ოცნება" იმარჯვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ფული აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მძიმე დარტყმები მიიღო და ახლა მხოლოდ მიშა სააკაშვილის იმედზეა.
- "ოცნება" მიშა სააკაშვილის იმედზეა?
- კი, "ქართული ოცნება" ჯობნიდა ოპოზიციას იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილი უშვებდა შეცდომებს და არა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებდა რაიმეს კარგად. დადგა დრო, ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ სააკაშვილი და ღარიბაშვილი ერთმანეთზე უარესები არიან, და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებში "ნაცები" და "ქოცები 50%-ს ვერ გადალახავენ.
- ე.ი. დღეს არსებული ვითარება ოპოზიციისთვის ახალი შესაძლებლობაა?
- ოპოზიციას არასდროს აკლდა შესაძლებლობა. ერთია, გაქვს თუ არა შესაძლებლობა და მეორე, გაქვს თუ არა გამოყენების უნარი. ოპოზიციას არასოდეს ჰქონია ამის უნარი, არც ახლა აქვს და არც მომავალში არ ექნება, თუ არ გადაწყვეტენ, რომ ხალხთან გულწრფელი იყვნენ, ზუსტად თქვან, რა უნდათ და რას აპირებენ, როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ.
- ასეთ საკითხებზე თუ ისაუბრეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე და თუ გამოიკვეთა საერთო სამოქმედო გეგმა, თუნდაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევისთვის?
- მე ვუთხარი პრეზიდენტს ის, რაც ახლა თქვენ მოგახსენეთ, დავაფიქსირე ჩემი და ჩემი პარტიის პოზიციაც, რომ მის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. საერთო გეგმაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან არ ვფიქრობთ, რომ მთავრობა მაინც დაიწყებს იმპიჩმენტის პროცედურას, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტი არ გამორიცხავს.
- რატომ გეჩვენებათ დაუჯერებლად პრეზიდენტის იმპიჩმენტი?
- დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ამ ქვეყანაში არაფერია, მაგრამ მგონია, "ოცნები" ახლა იმდენს არ გადაიხდის, რამდენიც შეიძლება იმპიჩმენტი დაჯდეს.
- ან ცოტა ვის უნდა გადაუხადონ, ამის სურვილიც რომ ჰქონდეთ, "ნაციონალები" იმპიჩმენტის პროცედურის დღეს დარბაზში შესვლას არ აპირებენ.
- ანა წითლიძე ვერ გააკავებს სანოვაგეზე დაგეშილ "ნაცებს", თუ "ოცნები" ნამდვილად კარგი ფასის გადახდას მოინდომებენ.
- და თუ მაინც დაიწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რას იზამს ოპოზიცია?
- დანარჩენ ოპოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "გირჩი" დაელოდება, რას იტყვის თავად ზურაბიშვილი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
- ცალსახად ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა?
- არა, მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" კონფორმისტული ძალაა. ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერები საკუთარი არასწორი არჩევანის ტყვეობაში არიან. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში ფსონი რუსეთის სასარგებლოდ დადეს, ახლა სხვა სათამაშო აღარ აქვთ. გახდება თუ არა საბოლოოდ რუსული პროექტი და დაემსგავსება თუ არა ლუკაშენკოს რეჟიმს, არ ვიცი, იმიტომ, რომ სურვილის შემთხვევაში შანსს ნებისმიერ მომენტში ნახავენ.
ხათუნა ბახტურიძე