„სომხეთი მისულია წითელ ხაზთან, მეტის დათმობა ჩვენ არ შეგვიძლია!“ - კვირის პალიტრა

„სომხეთი მისულია წითელ ხაზთან, მეტის დათმობა ჩვენ არ შეგვიძლია!“

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემი­ერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან აზერბაიჯანმა ჯარების მობილიზება დაიწყო. ინტერნეტშიც ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ყარაბაღის საზღვრისკენ. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის რეგიონული საკითხების ექსპერტს არმენ პეტროსიანს ვესაუბრეთ:

somxeti2-1694954067.jpg

- საზღვარზე ვითარება ძალიან მძიმეა, მიდის სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია და ომის დაწყების დიდი ალბათობაა. ეს უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესაუბრა კოლეგებს საფრანგეთში, ირანში,­ გერმანიასა და თურქეთში, მან დააფიქსირა, რომ მზად არის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა თავიდან­ ავიცილოთ ახალი ომი, არ მივცეთ აზერბაიჯანს სომხეთში ახალი ტერიტორიების ოკუპაციის საშუალება. სომხეთის არმია და სომეხი ერი მზად არიან ომისთვის, რათა დაიცვან საკუთარი ტერიტორიები, თუმცა ახლა ისეთი ვითარებაა, ნებისმიერმა კონფლიქტმა შესაძლოა ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს - ომი გაიშალოს მთელი რეგიონის ტერიტორიაზე. ამიტომ სომხეთი ცდილობს მოლაპარაკების გზით თავიდან აიცილოს ახალი ომი, თუმცა, როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანი არ არის მზად კომპრომისისთვის და სურს მხოლოდ სომხეთი წავიდეს დათმობაზე.

- თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და ფაშინიანის სატელეფონო საუბრისას რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება?

- ოფიციალური ინფორმაციით, ისაუბრეს ორმხრივ გამოწვევაზე, რომელიც ქვეყნებს შორის არის. სამწუხაროდ, სომხეთი თურქეთისგან არ მოელის კონკრეტულ, მისთვის სასარგებლო ნაბიჯებს, მაგრამ მოლაპარაკება მაინც წინგადადგმული ნაბიჯია.

- რას ელოდებით ამ მოლაპარაკებისგან, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს სომხეთის რესპუბლიკა?

- სომხეთი მისულია წითელ ხაზთან, მეტის დათმობა ჩვენ არ შეგვიძლია. აზერბაიჯანს არ სურს არაფრის დათმობა, რაც ახალი ომის საფრთხეს ქმნის. თუ აზერბაიჯანი ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს, ეს უთუოდ მიგვიყვანს რეგიონში ძალიან დიდ ომამდე, რომელშიც ჩართული იქნებიან არა მარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ ირანი, თურქეთი და რუსეთი.

- ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა­ და სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს სამშვიდობო მისიებში სომხეთის მონაწილეობისთვის. რამდენად საფრთხის შემცველია სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნა სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობისთვის?

- 2003 წლიდან სომხეთი პერიოდულად მონაწილეობს სამშვიდობო ღონისძიებებში. ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ, შეიძლება­ ითქვას, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მოიშალა. სომხეთის უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებული იყო რუსეთსა და კუხო-სთან (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მჭიდრო თანამშრომლობაზე, თუმცა ის ბერკეტები, რომლებიც არსებობდა, ახლა აღარ მოქმედებს. დღეს რუსეთი ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია აიძულოს აზერბაიჯანი და მისი მოკავშირე თურქეთი შეაჩერონ აგრესიული ქმედებები სომხეთის წინააღმდეგ. წვრთნა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის სიგნალი აზერბაიჯანისთვის, რომ აგრესიულმა ქმედებებმა შეიძლება გააღიზიანოს აშშ-ც. ეს არის ასევე სიგნალი აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთისთვისაც, რომ რეგიონში რაც უნდათ, იმას ვერ გააკეთებენ.

- ოფიციალურმა­ სომხეთმა უარი თქვა სომხეთში კუხო-ს ("ოდკბ") სამხედრო წვრთნის ჩატარებაზე და ეს მაშინ, როდესაც დათანხმდა ამერიკას სამხედრო წვრთნის ჩატარებას. აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა, ეს ხომ არ არის სიგნალი რუსეთისთვისაც? ცოტა ხნის წინ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წვრთნა კრემლისთვის შემაშფოთებელია, დაიბარეს სომხეთის­ ელჩიც და ამ ნაბიჯს "არამეგობრული" უწოდეს...

- რუსეთი ძალიან მგრძნობიარედ ეკიდება სომხეთის თანამშრომლობას დასავლეთთან. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია უკრაინის კრიზისთან, ასევე, რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტთან. ამიტომ ყველა ნაბიჯზე, რომელთაც სომხეთი დგამს დასავლეთთან თანამშრომლობისთYვის, კრემლი მტკივნეულად რეაგირებს, მიაჩნია, რომ მის მტრებსა თუ მოკავშირეებს სურთ შეავიწროონ რუსეთი­ იმ ქვეყნებში, სადაც დიდი გავლენა აქვს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ რუსეთ­თან, დოკუმენტურად ის არის სომხეთის ერთადერთი მოკავშირე. ასევე, ვაანალიზებთ რუსეთის გავლენას რეგიონში, განსაკუთრებით სომხეთში, მაგრამ სომხეთი განიხილავს დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობასაც.­ ვიცით, რომ რუსეთში ეს ძალიან ცუდად აღიქმება,­ თუმცა რა მდგომარეობაშიც დღეს სომხეთია, ვგულისხმობ აზერბაიჯანის მუდმივ აგრესიას, რომელსაც თურქეთის სრული მხარდაჭერა აქვს, ეს ყველაფერი მოქმედებს სომხეთის ნაბიჯებზე. 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომამდე და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომამდე არსებული შესაძლებლობები და უსაფრთხოების გარანტიები ახლა აღარ არსებობს. ამიტომ სომხეთს სჭირდება ახალი მოკავშირეები, რათა გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანზე. ურთიერთობა დასავლეთსა და ამერიკასთან და რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია სომხეთის უსაფრთხოებისთვის.

- ოფიციალურად, რა გახდა უარის მიზეზი კუხო-სთვის სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე?

- 2021 წლის მაისის შემდეგ, ასევე, 2022 წლის სექტემბრიდან, როდესაც აზერბაიჯანმა დაიწყო აგრესია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, ჩვენ დახმარების თხოვნით მივმართეთ რუსეთსაც და კუხო-საც, თუმცა ვერ მივიღეთ. ასევე, გასულ წელს სომხეთში ჩატარდა კუხო-ს სამიტი, სომხეთმა მის მოკავშირეებს თავისი პოზიცია გააცნო, რაც გულიხსმობდა, რომ „კუხო-ს ოფიციალურად ეღიარებინა აზერბაიჯანის აგრესია და დახმარებოდა სომხეთს აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში. კუხო-ს წევრებმა, რომლებსაც აზერბაიჯანთანაც კარგი ურთიერთ­ობა აქვთ, უარი თქვეს სომხეთის წინადადებაზე. სანაცვლოდ გვთავაზობენ კონფლიქტის ადგილას მისიის გაგზავნას, რომელიც დააკვირდება ვითარებას. ჩვენ არ გვჭირდება­ მისია, ჩვენ მოკავშირეებისგან ველოდებით კონკრეტულ დახმარებას, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. 2022 წლიდან სომხეთმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან" სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეამცირა.

- ფაშინიანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ რუსეთზე დაყრდნობა შეცდომა იყო...

- სამხედრო მიმართულებით რუსეთი სომხეთის ერთადერთი მოკავშირე იყო. სომხეთი არის კუხო-ს“წევრიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება, მაგრამ 2020 წლის ომის შემდეგ­ დავინახეთ, რომ რუსეთს არ შეუძლია შეასრულოს ყველა ვალდებულება, რაც სომხეთთან აკავშირებს, ისევე როგორც არ შეასრულა კუხო-მ. 2020 წლის ომის დროს რუსეთმა უარი გვითხრა დახმარებაზე, განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღს არ მიიჩნევს სომხეთის მიწად, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაა. 2021 წლის მაისში აზერბაიჯანი შემოიჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, 2022 წლის სექტემბერშიც კიდევ ერთხელ გადმოვიდა ჩვენს მიწაზე. ამის შემდეგ მიმართა სომხეთმა როგორც კუხო-ს, ისე რუსეთს, რათა საკუთარი ტერიტორიების დასაცავად მიეღო სამხედრო დახმარება, თუმცა არ მიგვიღია. გარდა ამისა, რუსეთს უნდა უზრუნველეყო უსაფრთხოება და თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფანშიც, რაც არ გააკეთა. ამის გამო თქვეს სომხეთის ხელისუფლებამ და ოფიციალურმა პირებმა, რომ სტრატეგიული შეცდომა იყო სომხეთისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან.

- დასავლეთთან პარტნიორობის პარალელურად, ოფიციალური სომხეთი უკრაინის მიმართულებითაც გააქტიურდა. ფაშინიანის მეუღლე უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდა. სომხეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს მხარს არ დაუჭერს...

- დღეს სომხეთი უფრო თავისუფლად მოქმედებს. რუსეთთან არსებული ურთიერთობების გამო ომის დასაწყისში სომხეთს შეზღუდული პოზიცია ჰქონდა, მაგრამ რუსეთს რაც უნდა გაეკეთებინა, არ გააკეთა, ამიტომ სომხეთმაც დაიწყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც საჭიროდ მიაჩნია. დღეს სომხეთი უფრო თავისუფლად აფიქსირებს სხვადასხვა საკითხზე პოზიციას, ეძებს ახალ მოკავშირეებსა და მათთან თანამშრომლობის გზებს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს ვუჭერდით მხარს რუსეთის სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში.

სოფო კაჭარავა