2022 წელს საქართველოდან 100 ათასზე მეტი კაცი წავიდა ემიგრაციაში (!)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელს 100 ათასზე მეტი კაცი წავიდა ემიგრაციაში. 2023 წლის მარტში NDI-ს კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე ყოველი მეექვსე მოქალაქე ფიქრობს. ნიშნავს თუ არა ეს დემოგრაფიული მდგომარეობის უფრო გართულებას და რატომ მიდიან ასე მასობრივად, ამ კითხვებით მივმართეთ ჩვენს რესპონდენტებს, დემოგრაფ გიორგი მელაძესა და პოლიტფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
2022 წელს ემიგრანტად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე იქცა, 2021 წელს - 80 351 საქართველოს მოქალაქე, 2020-ში - 43 349, 2019 წელს - 81 978, 2018 წელს - 76 367 მოქალაქე. ცნობისთვის: ემიგრანტად ითვლება პირი, თუ მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და მის ფარგლებს გარეთ 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი გაატარა.
"ამჟამად მიმდინარეობს მესამე დემოგრაფიული გადასვლა"
გიორგი მელაძე, დემოგრაფი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი: - მოსახლეობის მიგრაცია დემოგრაფიული პროცესია, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მოსახლეობის აღწარმოებაზე, ცვლის მის ასაკობრივ, სქესობრივ სტრუქტურას, მოსახლეობის რეპროდუქციულ ქცევას და ა.შ. გარდა ამისა, მიგრაციას აქვს სოციალური, ეკონომიკური, გეოგრაფიული, ისტორიული, პოლიტიკური და სხვა ასპექტებიც, რომლებიც ირიბ ზეგავლენას ახდენენ დემოგრაფიულ პროცესებზე. საქართველოში ამ მხრივ მძიმე ვითარებაა.
მსოფლიოში დღევანდელი ემიგრაციული ტალღა არსებითად განსხვავდება ადრინდელისგან და განსხვავდება არამარტო რაოდენობრივად. უამრავი ადამიანი გადადის ერთი ქვეყნიდან მეორეში. ძალზე გაზრდილია ემიგრანტების რიცხვი, შეცვლილია მათი მოტივაციაც - თუკი ადრე ემიგრანტები სამშობლოს ტოვებდნენ უმეტესად რელიგიური დევნის ან სამხედრო კონფლიქტების გამო, უკანასკნელ წლებში ეკონომიკური პრობლემების გამო მიემგზავრებიან და ემატებიან შრომითი მიგრანტების უზარმაზარ არმიას. ადამიანი არასოდეს მიდის უკეთესი სიტუაციიდან უარესში. ე.ი. რაღაცით უკმაყოფილოა, თორემ არ წავიდოდა ქვეყნიდან.
დღევანდელი საქართველოს დემოგრაფიაში უკვე მთავარი პრობლემაა ემიგრაცია, რომლის მასშტაბსა და ტენდენციებზე დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის დემოგრაფიული სისტემის ფუნქციონირება მთელ XXI საუკუნეში. არის სტერეოტიპი, რომ ქართველები სამშობლოს მოყვარული ხალხია, ვერ ელევიან მამულს და სხვა ქვეყნებში ნაკლებად ემიგრირებენ, მაგრამ 90-იანი წლების პირველივე ნახევარში, როგორც კი გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და რკინის ფარდა ჩამოიშალა, 1999 წლისთვის საქართველოდან უკვე მილიონამდე კაცი იყო გასული. განსაკუთრებით დიდი ემიგრაციული ტალღა იყო 1994-97 წლებში - თითქმის 700 ათასი კაცით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა. ასეთი რამ ჩვენს ისტორიას არ ახსოვს...
დღესაც ბევრი ახალგაზრდა გადის ქვეყნიდან, თუმცა მიგრაციას აქვს დადებითი მომენტებიც - თუ ისინი ცოდნას დააგროვებენ და უკან დაბრუნდებიან, ამას რა სჯობს, მაგრამ მე წასული ბევრი მინახავს, დაბრუნებული შედარებით ნაკლებად.
- 90-იანი წლების შემდეგ სულ რამდენი კაცია ემიგრაციაში საქართველოდან?
- ეს არავინ იცის. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით 90-იან წლებში, არალეგალად მიდიოდა, ამიტომ აღრიცხვა შეუძლებელი იყო. არის მხოლოდ შეფასებითი მონაცემები. 2012 წლიდან გაუმჯობესდა მიგრაციული აღრიცხვა. შესაძლებელი გახდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობა.
ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. პროგნოზული გაანგარიშებით, იმ ქვეყნებში, სადაც დაბალია შობადობა და ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დონეს, ინტენსიური იმიგრაციული პროცესების შედეგად გაიზრდება უცხოელთა რაოდენობა, რომელთა წილიც მოსახლეობის საერთო რაოდენობაში უკვე XXI საუკუნის შუახანისთვის საგრძნობი იქნება. ვგულისხმობ, რომ აფრიკული, აზიური, სამხრეთამერიკული სახელმწიფოებიდან ანუ პირობითად რომ ვთქვათ, დედამიწის სამხრეთიდან, ჩრდილოეთის მიმართულებით უკვე დაძრულია მილიონობით ადამიანი და ეს უფრო საგრძნობი იქნება. თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის აშშ-ში, ნიდერლანდებსა და შვედეთში მოსახლეობის დაახლოებით მესამედი იმიგრანტი იქნება, გერმანიასა და ავსტრიაში კი დაახლოებით მეოთხედი.
საინტერესო ტერმინი შემოგვთავაზა ამერიკელმა მეცნიერმა დეივიდ კოულმენმა. კერძოდ, მიმდინარე პროცესების საუკუნის დასასრულამდე შენარჩუნების შემთხვევაში, დედამიწაზე მოხდება უკვე მესამე დემოგრაფიული გადასვლა.
- რას გულისხმობს ის და მანამდე არსებული პირველი და მეორე დემოგრაფიული გადასვლები?
- პირველ დემოგრაფიულ გადასვლაში შობადობა შემცირდა და მოკვდაობა იზრდებოდა, როგორც დღეს განვითარებულ ქვეყნებში. მეორე დემოგრაფიული გადასვლა შეეხო ოჯახის ცხოვრების ფორმებსა და სექსუალური ქცევის ცვლილებებს. ამჟამად მიმდინარეობს მესამე დემოგრაფიული გადასვლა, რაც გულისხმობს მოსახლეობის შემადგენლობას - ანუ ჩნდება პრობლემა: თვით მიგრანტები და განსაკუთრებით კი მათი შთამომავლები მოახდენენ თუ არა თვითიდენტიფიცირებას მიმღებ ქვეყნებში, თუ შეერწყმებიან ადგილობრივ მოსახლეობას? თუ ისინი ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებულად იგრძნობენ თავს, ვითარება, სავარაუდოდ, სხვაგვარად შეიცვლება - შესაძლებელია ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რამაც ქვეყნის იდენტობაზეც კი იმოქმედოს. დასაშვებია, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სახელმწიფო ენასაც კი შეექმნას პრობლემა - ადამიანები სხვადასხვა ენაზე დაიწყებენ ლაპარაკს, გარკვეული უფლებების მოთხოვნით... მესამე დემოგრაფიული გადასვლა პირველი და მეორე გადასავლისგან განსხვავებით, უფრო მეტადაა დამოკიდებული ხელისუფლების მიერ მიგრაციული პროცესების მართვაზე. განხილული პრობლემა შესაძლოა ჯერ არ არის საგრძნობი, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ გლობალურ მიგრაციულ პროცესებს, ზემოგანხილული სცენარით მოვლენათა განვითარება რეალურია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იქნება რეციპიენტი ქვეყნების ხელისუფლებებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარონ მოსალოდნელი პრობლემების დასარეგულირებლად. ადრე თუ გვიან, საქართველოშიც დადგება ამის საჭიროება...
შესაძლოა ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთია - მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა ცდილობს მიგრანტები შეიყვანოს, იმიტომ, რომ შობადობა დაბალია, მოკვდაობა - მაღალი, ბუნებრივი მატება ზოგს ნული აქვს, ზოგს მინუს ერთი. 1972 წლის შემდგომ გერმანიაში მეტი კვდება, ვიდრე იბადება და რომ არ შედიოდნენ ემიგრანტები, ქვეყანას ძალიან გაუჭირდებოდა. საფრანგეთშიც ასეა, პოლონეთშიც, აშშ-ში უკვე დიდი ხანია ასეა. პირველი თაობის ასიმილირება ძნელია, მაგრამ თუ ის ადამიანი იმ ქვეყნის ენას ისწავლის, კულტურას ეზიარება, შესაძლოა რელიგიაც შეიცვალოს... საფრანგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევესწარი, ფერადკანიანი და ფრანგი რაღაცაზე კამათობდნენ. ფრანგმა უთხრა, შენ რა ბევრს მელაპარაკები, იცი, რომ ფრანგი ვარო? ფერადკანიანმა უპასუხა, მერე რა, მეც ფრანგი ვარო! ამით ამოიწურა ყველაფერი. ის შესაძლოა მეორე ან მესამე თაობა იყო, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი. ეს ემიგრაციაში მყოფ ქართველ ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ. ბევრი ჩამოვა და თუ მომავალი თაობა ასეთი მიდგომით არ გავზარდეთ, ქვეყანა დაიღუპება.
- მიგრაციის მხრივ საქართველოს ახლანდელ მდგომარეობაზეც ვისაუბროთ.
- სამწუხაროდ, არ არის სახარბიელო. 2013-დან 2017 წლის ჩათვლით მიგრაციული სალდო, ანუ სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის, შედარებით მცირე იყო. 2018 წელს უკვე 11 ათასზე მეტი კაცი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 2019 წელს ამ მაჩვენებელმა ცოტა დაიკლო, მაგრამ 2020 წელს მოხდა უპრეცედენტო ამბავი - 15 700-ით მეტი კაცი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი "კოვიდ 19"-ის პანდემია იყო. 2021 წელს ცოტათი შესუსტდა პანდემია და ქვეყნიდან 26 000 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. რაც შეეხება 2022 წელს, ემიგრანტთა რიცხვი ასი ათასს აღემატებოდა, მაგრამ ამ ფონზე ქვეყანაში შემოსულთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ მიგრაციულმა სალდომ 54 509 კაცი შეადგინა, ანუ 54 509 კაცით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა - ეს გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომმა. ხალხის უდიდესი ნაკადი შემოვიდა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. მხოლოდ ამ 3 ქვეყნიდან ჩამოსულთა რაოდენობა თითქმის 88 ათას კაცს შეადგენდა (ეს არის ორჯერ აღებული ქალაქი გორი), ამას დავუმატოთ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებიც. ეს ომი რომ დამთავრდება, იმედია, შემოსულთა რიცხვი შემცირდება.
"პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ იქნება ნება და სწორი იდეოლოგია"
რამაზ საყვარელიძე: - როგორც წესი, მოვლენა უკეთესად ჩანს ხოლმე, როცა მას სხვა მოვლენებს შევადარებთ. ამ მხრივ საყურადღებოა, თუ რა ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ახლახან მოვისმინე, ესტონეთში 2 მილიონი კაცი ცხოვრობსო. ეს ნიშნავს, რომ ესტონეთშიც ძალიან დიდია მიგრაცია. ამავე დროს, შევხედოთ, რა ხდება არასაბჭოთა ქვეყნებში. ხან ერთ გემს იჭერენ არალეგალური მიგრანტებით გავსებულს, ხან მეორეს, მესამე საერთოდ იძირება, მაგრამ მაინც რისკზე მიდიან. ემიგრაციის მიზეზი ყველგან ერთნაირია - ცხოვრების დონე არ აკმაყოფილებთ...
რაც შეეხება კავშირს, მიგრაციასა და დემოგრაფიას შორის, საბჭოთა პერიოდში მიგრაცია თითქოს არ იყო, მაგრამ დემოგრაფიული კრიზისი მაინც არსებობდა - ანუ ჩვენ დემოგრაფიულ კრიზისში ვართ არა იმიტომ, რომ მიგრაცია გვაქვს, სხვა მიზეზებია... ზოგადი ტენდენციაა, ქრისტიანულ ქვეყნებში ნაკლებია შობადობა, ვიდრე მუსლიმანურ ქვეყნებში. ის ხალხი იმ კულტურის წარმომადგენელია, სადაც შობადობა ძალიან მაღალია და მიგრაციაც უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ჩვენ... ვინც ყოფილა უცხოეთში, ადვილად შეამჩნევდა, რომ ევროპელს უცხოურ აეროპორტებში იშვიათად ნახავთ, უფრო მუსლიმანური ქვეყნების ხალხი მიდი-მოდის.
- თუ მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქე მიგრაციაში წავა, მისი ქვეყნის დემოგრაფიას არაფერი შეემჩნევა, ჩემი ქვეყნის დემოგრაფიაზე კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
- დემოგრაფიული კრიზისი ბევრ ქვეყანაშია. დემოგრაფიული კრიზისია ევროპაში. უპირველეს ყოვლისა, ევროპას ეშინია მუსლიმანური დემოგრაფიული შეტევის. მითქვამს, დემირელისა და შევარდნაძის დიალოგის მოწმე რომ ვიყავი?
- არა, მიამბობთ?
- სულეიმან დემირელისა და შევარდნაძის შეხვედრა იყო. შევარდნაძე გაილექსა, როგორც იცოდა, დიდი თურქეთი და პანთურქული კონცეფცია, თურქეთის იმპერია რა დიდი ქვეყანა იყოო... იმ შეხვედრას როგორც პრესმდივანი ვესწრებოდი. დემირელმა თქვა: "ჩვენ ვიქნებით იმპერია, ოღონდ ხმლით კი არ დავიმორჩილებთ მსოფლიოს, დემოგრაფიითო". გასაგებია ხომ? თურქეთი არ არის მაინცდამაინც ისეთი ქვეყანა, სადაც დემოგრაფიული ბალანსი მკვეთრად მაღალია. გვაქვს სხვა ქვეყნების მაგალითები, ჩინეთის, ინდოეთის, სადაც მაღალი დემოგრაფიული ზრდაა, მაგრამ დემირელის ეს რეპლიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოთა სტრატეგიაში მათი დემოგრაფია შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებზე უპირატესობის მოსაპოვებლად. თუ ასეთ ინსტრუმენტად განვიხილავთ დემოგრაფიას, მაშინ ისიც გასაგები იქნება, რომ არაერთი ქვეყანა ყოველმხრივ ხელს უწყობს დემოგრაფიულ ზრდას. ამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ დემოგრაფია პოლიტიკისგან დაშორებული არ არის და რაც დრო გავა, მეტად დაუახლოვდება. დასავლეთის ქვეყნების ყურადღებაც ამიტომ არის მიპყრობილი დემოგრაფიაზე. მათაც აწუხებთ, რომ ქვეყნები, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი დასავლეთის მიმართ, შეიძლება დემოგრაფიულად უფრო გაძლიერდნენ და ამით სხვა მხრივაც უფრო ძლიერი აღმოჩნდნენ. ასე რომ, ევროპა დაინტერესებულია, რომ დემოგრაფია გამოასწოროს, მაგრამ ვერ ასწორებს. არის ქვეყნები, სადაც შეღავათებია ყოველ შვილზე, წმინდა ეკონომიკური მექანიზმებით მოქმედებენ, მაგრამ დიდი წინსვლა არა აქვთ და სავარაუდოდ, არც ექნებათ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მუსლიმანურ ქვეყნებს არანაირი ეკონომიკური ძალა არა აქვთ, მაგრამ მაინც მაღალი აქვთ დემოგრაფია. ე.ი. ეკონომიკაში არ არის დემოგრაფიის ძაღლის თავი დამარხული. დემოგრაფიის ძაღლის თავი დამარხულია იდეოლოგიაში. იმ ქვეყნებში, სადაც რელიგია კრძალავს ბავშვის მოკვდინებას, სადაც რელიგიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალი იყოს ახალი სიცოცხლის დაბადების წყარო, არის მრავალშვილიანობა. ისეთ ქვეყნებში კი, სადაც ქალის უფლებები დაცულია - ხომ შეიძლება ქალს არ უნდოდეს ერთ შვილზე მეტი - იქ მრავალშვილიანობა არც არის.
- ქალთა უფლებების დაცვის პარალელურად, რელიგია ჩვენთანაც კრძალავს აბორტს.
- ესე იგი, ისე კარგად არ კრძალავს... ბებიაჩემის ოჯახში 13 შვილი იყო. საქართველოსთვის უცხო არ იყო მრავალშვილიანობა. ერთ-ერთი ნიშანი ქართული კულტურისა სწორედ ის იყო, რომ რელიგია კრძალავდა და ამიტომ არ ჰქონდათ სურვილიც კი, რომ რაღაც მიზეზების გამო შეეზღუდათ ბავშვების გაჩენა. დღესაც ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ იმის გამო, რომ ღრმად მორწმუნეები არიან, მრავალშვილიანი ოჯახი აქვთ. ერთხელ პატრიარქმა გამოაცხადა, რომ ყოველი მესამე ბავშვი მისი ნათლული იქნებოდა და იმხანად იმატა შობადობამ. ეს ტრადიცია კი გრძელდება, მაგრამ მხოლოდ ინიციატივა აღარ არის საკმარისი...
ბებიაჩემის 13 შვილიდან ცოცხალი ცოტა გადარჩა. ცოტა იზრდებოდა, იმიტომ, რომ იყო სახადი, სხვადასხვა ავადმყოფობა... ეს პრობლემა ახლა აღარ დგას, მაგრამ გაჩნდა მეორე პრობლემა - ადამიანებს აღარ უნდათ ცხოვრების გართულება, შვილის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა...
- რამ გამოიწვია ემიგრანტთა რიცხვის ასეთი მკვეთრი მატება?
- თუ შევადარებთ წარსულს, მათი მატება მაინც იმან გამოიწვია, რომ ყველამ დაიწყო ცხოვრება პრინციპით, ვიცხოვრო იქ, სადაც კარგად ვიქნები. კარგად ცხოვრების, კომფორტის პრინციპი, შეიძლება ითქვას, გამორიცხავს მრავალშვილიანობას.
- მრავალი მიზეზით მიდიან, ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, სამუშაოს საშოვნელად, სასწავლებლად, მოსაპარად...
- გააჩნია, რა პრობლემით ვუყურებთ ემიგრაციას. თუკი ვუყურებთ იმ პრობლემით, რომ დემოგრაფიას რა ეშველება, ამდენი რომ მიდისო, დემოგრაფიისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სასწავლებლად მიდის თუ სამუშაოდ.
მიგრაცია საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, დღეს კი ყველას შეუძლია იცხოვროს იქ, სადაც სურს, მაგრამ სახელმწიფომ, საზოგადოებამ უნდა იზრუნონ, რომ ადამიანს უნდოდეს არა მარტო კარგად იცხოვროს, არამედ გააცნობიეროს, რომ მისი კარგად ცხოვრება არის მრავალშვილიანობა, სიხარული შვილებსა და ოჯახთან ერთად. ადრე კარგად ცხოვრებასთან მრავალშვილიანობა იყო დაკავშირებული. სოფლად, როცა შვილები წამოეზრდებოდნენ, დედ-მამას გვერდით უდგებოდნენ როგორც მუშახელი. მრავალშვილიანობა დაკავშირებული იყო მისი, როგორც მშრომელის წარმატებასთან, დოვლათთან, დიდ მოსავალთან... ამიტომ იყო ევროპაშიც და აზიურ ქვეყნებში (აზიურში ახლაც ძალიან ხშირად იგივე პრინციპი მუშაობს) პრინციპი, რაც უფრო დიდი ოჯახი ვართ, მით უკეთესი, დღეს კი "რაც უფრო დიდი ოჯახი ვართ, მით უკეთესი" მხოლოდ სენტიმენტების სფეროა და არა პრაქტიკული აუცილებლობა. ეს ცივილიზაციამ მოიტანა...
- კარგად ყოფნისთვის მიდიანო, ხომ ასეთი ფორმულა დასვით, მაშინ მე ასე გკითხავთ, აქ რომ იყოს კარგად ყოფნა შესაძლებელი, წავიდოდნენ?
- თქვენ გეგულებათ ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება კარგად ყოფნა? შეიძლება ხალხს არ სურს გაამხილოს, რომ თანახმაა მოუაროს ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს, საქართველოში კი ამას შესაძლოა არ დათანხმდეს. ალბათ, ხშირად გაიგონებთ ასეთ ჩივილს, თავად გამოცდილი მაქვს, რაიონში, სადაც მშობლების აშენებული სახლი გვაქვს, ეზოს მოთიბვა გვინდა და ვერ ვშოულობთ მთიბავს. რატომ? ფული აქვთ? - არა. იმიტომ, რომ იმ საქმეზე რაზეც სხვაგან იმუშავებს, აქ, სოფლელების თვალწინ, არ უნდა მუშაობა...
- 100 ათასი დიდი რიცხვია და როგორ შეიძლება ამას ეშველოს?
- მარტო ჩივილით არ გამოვა არაფერი. თუ მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება, ქართული ეკლესია, რომ დაისახონ მიზნად ამ პრობლემასთან შეჭიდება, შეუძლებელი არ იქნება მისი დაძლევა.
ემიგრანტთა შორის არიან ისეთებიც, ვინც საქურდლად მიდის. 22 კაცი სულ ახლახან დაიჭირეს, საზოგადოებას კი ამაზე რეაქცია არა აქვს. როდესაც სირცხვილი იქნება ქურდობა, შვილის მოწყვეტა მუცლიდან, სირცხვილი იქნება ბევრი ის, რაც სირცხვილი უნდა იყოს, უკეთესი იქნება მდგომარეობაც. საზოგადოებამ რეაქცია უნდა მისცეს მოვლენებს, რაღაც მიუღებელი უნდა იყოს. პრობლემის გადაჭრა სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება ნება და სწორი იდეოლოგია.