ვალია ბებო: „აქა ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები!“
"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. იქნებ რამის გაკეთება შეძლოთ", - ამბობდა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. დღეს იქ მისი მეუღლე ვალია ბებო ცხოვრობს და თავისი გასაოცარი სიმტკიცით ამაგრებს საზღვარს.
12 სექტემბერი, დღის 12 საათი. მეგობრებთან ერთად დავადექი ხურვალეთის გზას. მიუხედავად იმისა, დიდი შემართებით მივდიოდით თბილისიდან, როგორც კი გორს მივადექით და გადავუხვიეთ შავშვეთისაკენ, მანქანაში უჩვეულო სიწყნარემ დაისადგურა. ყველას რაღაც გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვიღებდით ხმას. ამასობაში პირველ გამშვებ პუნქტსაც მივადექით ხურვალეთის შესასვლელთან. ფიქრებიდან პოლიციელის ხმამ გამოგვაფხიზლა: "მოგვაწოდეთ თქვენი პირადობები. ვინ ხართ, საიდან, აქ რა გინდათ?" - ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივის" დამფუძნებელმა გიორგი სავანელმა აუხსნა მიზეზი: „2017 წელს ჩვენმა შვილობილმა ორგანიზაცია "ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა" ილიას 180 წლის იუბილეზე დააარსა ყოველწლიური ჯილდო "ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის", რომელიც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და ეროვნული საქმიანობით გამორჩეულ პირებსა და ორგანიზაციებს ენიჭება. ხმათა უმრავლესობით ამ ჯილდოს წლევანდელ ლაურეატად დასახელდა სანახევროდ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ეთერ (ვალია) ვანიშვილი, რომელიც სოფლის ოკუპირებულ ნაწილში ცხოვრობს, ინარჩუნებს საკუთარ მიწას და არ გადმოდის საცხოვრებლად საქართველოს კონტროლირებად მხარეს".
სოფლის შესასვლელიდან ზუსტად 500 მეტრში, სანამ ჩემი მეგობრები სცენას აწყობდნენ, შევეცადე მოსახლეობას გავსაუბრებოდი. პირველი, რაც გულზე საშინლად მომხვდა, იყო მიტოვებული სახლები, ეზოები... კანტიკუნტად თუ დაინახავ იქ ადამიანს. სოფლის შემოგარენში, ხეების ხავერდოვანი სიმწვანის მიღმა, რამდენიმე ასეულ მეტრში, რუსი სამხედროების შენობები მოჩანს. გამყოფ ზოლზე, სოფლებში, საკონტროლო-გამშვები პუნქტების უმრავლესობა დაკეტილია: მათ ვერც ადამიანები და ვერც ტრანსპორტი ვერც ერთი მხრიდან ვერ კვეთს. იმ ხაზის გადაკვეთის უფლება, რომელსაც რუსები და ოსები "სახელმწიფო საზღვარს" უწოდებენ, ქართველები და საერთაშორისო საზოგადოებრიობა კი გამყოფ ზოლს, მხოლოდ ახალგორელებს აქვთ. ამისათვის მათ საგანგებო საშვი უნდა გააფორმონ. ამ ხაზზს ვერავინ კვეთს. "რუს მესაზღვრეებს ვიდეოთვალები აქვთ. ახლა მე და თქვენ აქ ვდგავართ, ისინი კი გვიყურებენ. თავიდან ამ ზოლს ოსები იცავდნენ, ახლა მხოლოდ რუსები არიან. ზოგჯერ მავთულხლართის იქიდან გვესალმებიან ხოლმე", - მეუბნება ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც თივით სავსე ურიკას მიაგორებდა სახლისაკენ. ამასობაში მანანა ბაბოს სახლს მივადექი, რომელიც ოთხ შვილსა და შვილიშვილებთან ერთად სახლ-კარს არ ტოვებს და ამბობს, რომ სიკვდილამდე აქ იქნება.
მანანა მიქელაძე: - აბა, რა უნდა გითხრა, შვილო? ჩვენ აღარა ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ მხოლოდ. ველოდებით, როდის გამოგვიშვებენ სახლებიდანა და ერთიანად დაგხოცავენ რუსები. შიშიც კი აღარ მაქვს. ვიცი, რომ რუსი მტერია და არ უნდა გააღიზიანო, უნდა გაერიდო. სანამ ომი მოხდებოდა ჩვენ და ოსებს გასაყოფი არაფერი არა გვქონდა. განა იმათ უნდათ, ასე რომ არიან? ვიცით, რომ იქ რუსი დგას და რუსს არ უხარია ქართველი, ჩვენ ძალით რატომ უნდა მივიდეთ და აუტკივარი თავი ავიტკიოთ. მაგათთან საქმე მთავრობის გასარჩევია, ჩვენისთანა გლეხებისა კი არა. თუ მთავრობას გლეხი ხალხი აინტერესებს, მობრძანდნენ და მოგვიკითხონ. სოფელს არანაირი კულტურის კლუბი არ გააჩნია. აქაურმა ბავშვებმა ცეკვა არ იციან, სიმღერა, სპორტზე ვერ დადიან... რა, ხურვალეთელი ბავშვები ვერ იცეკვებენ? ვერ დადგამენ თეატრალურ წარმოდგენებს? თავს ვერ წარმოაჩენენ, როგორც ეკადრებათ? მაგრამ სად იარონ, ერთი სკოლის მეტი აქ არაფერია, ისიც საზღვრის პირასაა. 8 კილომეტრს დადის პატარა ბავშვი აქედან შავშვებამდე, იმიტომ, რომ საბავშვო ბაღი არა გვაქვს. მიტოვებული სოფელი ვართ. ჩვენი ყოფა რაღაა, შვილო! ერთადერთი სათხოვარი მაქვს მთავრობასთან, ხურვალეთის სახელით გადაეცით, რომ ჩვენს ახალგაზრდობას მაინც მიაქციონ ყურადღება, აბა, ბაბო, მე ჩემი უკვე გავიარე.
სოფელში სულ 100 კაცამდე ცხოვრობს, ისიც ერთმანეთისაგან საკმაოდ მოშორებით. მანანა ბაბოს სახლის მოპირდაპირედ პატარა სახლი დგას. ჩვენი საუბრისას მისი მობინადრეებიც გამოვიდნენ გარეთ და გაგვიზიარეს თავისი სატკივარი:
ნელი თავგაზაშვილი: - აი, ამ მთას ხო ხედავ? აი, მაქ რუსები დგანან. მათი ბაზაა მაქ. ამ მთის იქით ლენინგორია. ჩვენთან არ მოდიან, მთავარია, არ გადავკვეთოთ საზღვარი. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეუღლე ნახირში იყო. საზღვარს არც იყო მიახლოებული, რუსებმა დაიჭირეს. მერე პოლიცია ჩაერია და რამდენიმე საათში გამოუშვეს. ნაკვეთები სულ წაგვართვეს. 45 წელია აქა ვარ გამოთხოვილი, ჩემი მეუღლე დაბადებიდან აქ ცხოვრეობს. აბა, როგორ ფიქრობთ აქედან სადმე წავალთ? ომის დროს ბეტეერებით რომ დადიოდნენ, ჩვენ სახლში ვიმალებოდით. არადა, შეიძლებოდა სახლისთვის ესროლათ.
დიმიტრი თავგაზაშვილი, ნელის მეუღლე: - იმ დღეს, როცა დამაკავეს, რუსი ძალით მექაჩებოდა საზღვრისაკენ, ფოტოს გადაღება უნდოდა, რომ თავისიანებისათვის დაენახვებინა, საზღვარს კვეთსო. მე გავუძალიანდი და ამასობაში სხვებიც მოვიდნენ. წამიყვანეს დასაკითხად და იქ რამდენიმე საათი არკვევდნენ, გადავკვეთე თუ არა საზღვარი. ბოლოს დამტკიცდა, რომ ჩემს ტერიტორიაზე ვიდექი. ბევრჯერ გადავრჩი. მანამდე, ამ ზაფხულს, ძროხები ავიყვანე მთაზე და ზურგიდან ჩუმად მომეპარნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ჩვენმა პოლიციამ დაუმტკიცა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ვიყავი. იმათ მხარეს წყალია, ჩვენთან არ უშვებენ და მოსავალიც არა გვაქვს. სულ ჩუმად გვიღებენ ფოტოებს. დათა რომ მოგვიკვდა, მეზობლები არ მიგვაკარეს. თავისი ბიჭი იყო მხოლოდ გადასული დაკრძალვის დღეს. თვითონ ჭამეს, სვეს და წავიდნენ. ჩვენ კიდევ ამ ყველაფერს მათვულხლართებიდან ვუყურებდით გულგაგლეჯილები. ეჰ, შვილო, ჩვენ ისეთი დღეები გადავიტანეთ... ომის დროს მერაბიშვილმა აქ სპეცნაზი შემორეკა. კიდევ კარგი, გადავრჩით. იმავე ღამეს აქ რუსები დაბანაკდნენ. ღამის 1 საათი იქნებოდა. 6 აგვისტოს ღამეს უკვე აქ საშინელება ხდებოდა... მახსოვს, ჩვენი ჯარის მეთაური მეუბნება, შუქი ჩააქრეთ ყველამო. რა ხდება-მეთქი, არაფერი, დაწექით და დაიძინეთო. რა დაგვაძინებდა? 7-ში დილით ქართული ჯარი წავიდა, და რუსი შემოვიდა. ტელევიზიებში რომ აშუქებენ, ეგრე არ იყო. 6-ის ღამიდან რუსები უკვე აქ იყვნენ, ტყეში იყვნენ გამაგრებული, მთელ ტერიტორიაზე. სიმართლეს არ ამბობენ, შვილო, არა და შორიდან ყველაფერი სხვანაირადა ჩანს...
30 წელია აქა ვარ. ომის პერიოდში ჩემს შვილებთან ერთად აქ ვიყავი. ვერსად ვერ გავედი. დაბომბვა რომ იწყებოდა, ეზოში გამოვდიოდით, რომ ზევიდან არ ესროლათ სახლისათვის. არანაირი სამალავი აქ არ იყო. ჩემს აივანზე ჩვენი ჯარი იდგა. ომი რომ დამთავრდა, მერე მოგვიტანა მთავრობამ ფქვილი. ერთი თვის სამყოფი. კიდევ ზეთი, ნახევარლიტრიანი... რომ გითხრათ, დღეს სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს-მეთქი, ასე არაა. ძალიან გვიჭირს. სამუშაო აქ არ არის და არაფერი. არც არავინ გვეხმარება. მაღაზიაც კი გვერდით სოფელშია, ხომ არის გაეროს პროექტები, მაგრამ ჩუმად ინაწილებენ და აქამდე არ მოდის. ამიტომ წავიდა ახალგაზრდობაც, მხოლოდ თითო-ოროლა შუახნის ხალხი ვართ დარჩენილი და ესაა. რაც იყო მოსახლეობა, იმის მესამედია დარჩენილი. ისე ვართ გულაცრუებული, გულნატკენი... აზრი არა აქვს აქ ცხოვრებას, მაგრამ მიწა-წყალს ვერ ვტოვებ. რომ დავტოვოთ, რუსები ამ ორ გოჯსაც წაიღებენ. სულ შიშში ვართ. საკმარისია ოდნავ მიუახლოვდე მაგათ საზღვარს და მაშინვე გვიჭერენ. ხშირია გატაცებაც. ცხვარი გვყავდა და გავწყვიტეთ, რომ მთაზე მაღლა არ ასულიყვნენ, იმიტომ, რომ მაშინვე ცხვრებსაც წაიყვანდნენ.
ამასობაში ჩვენი მესაზღვრე პოლიცია მოვიდა და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ აგვიყვანა დათა პაპას სახლთან. აქ პოლიციელებიც ყოველ წუთს საფრთხის მოლოდინში არიან. კაცმა არ იცის, როდის მოეპრიანებათ რუსებს გასროლა. გვითხრეს, ახლაც დიდი რისკია იქ თქვენი აყვანაო. ერთ პოლიციელს ვკითხე, საიდან ხარ-მეთქი, და მიპასუხა: აჩაბეთიდან ვარ. ომის დროს ყველანი გამოგვყარეს, მაგრამ ვერ გავჩერდი და დავბრუნდი. როცა მიჩვეული ხარ შენს მიწას, ძალიან ძნელია სხვაგან წასვლა. ვიცი, სიკვდილი ყოველ წუთს შეიძლება მომეწიოს, მაგრამ დათა პაპასი და ვალია ბაბოსი არ იყოს, აქ დავრჩები და დავიცავ ჩემს ქვეყანასო.დათა პაპას სახლთან მიახლოებისას სულ სხვა რეალობაში გადავედი. ათმაგად გამიორმაგდა ტკივილი, გაბრაზება, პროტესტის გრძნობა, რომ საკუთარ მიწაზე, საკუთარ ქვეყანაში, მოხუც ქალს ვერ ჩავეხუტებოდი, ვერ მოვეფერებოდი, ვერ ვეტყოდი ისეთ მადლობას, როგორსაც იმსახურებს. ლანდივით შორიდან დავინახე ჯოხით ხელში წელში მოხრილი ვალია ბაბო, რომელიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მავთულხლართს. უცებ ჩემ უკან ტირილის ხმა გაისმა - ჩვენი ჯგუფის წევრი ქალბატონი ქეთო ტიროდა. ვერავინ გაბედა ვერაფრის თქმა. ისევ გიორგიმ ივაჟკაცა: "ბებო, ჩვენ იმისათვის ჩამოვედით, რომ ეს უმაღლესი ჯილდო გადმოგცეთ. ჩვენ ვერასოდეს გადაგიხდით ისეთ მადლობას, რომელსაც თქვენ და თქვენი მეუღლე იმსახურებთ".
ხმააკანკალებულმა მოხუცმა მადლობა გადაგვიხადა: - მადლობა, შვილებო, რატომ გარისკეთ ასე? აქ ძალიან საშიშია... მინდა დაგლოცოთ, ჩემხელა გამხდარიყავით, მაგრამ ჩემნაირ ცხოვრებას არ გისურვებთ. 87 წლისა, ნატანჯი ქალი ვარ. დათამ აქ რომ მომიყვანა, პატარა გოგო ვიყავი. კაი მეუღლე მყავდა, კაი. მეც ვცდილობდი ვაჟკაცურად დავდგომოდი გვერდით. პირველად რუსები რომ შემოვიდნენ და მოკვლით დაგვემუქრნენ, მე შუაში ჩავუდექი და ვუთხარი, თქვენ ხომ ერთი თოფი გაქვთ ხელში, მე 5 მაქვს-მეთქი და სანადირო თოფები მივუშვირე, მაააშ, გავყარე ეგენი... მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, დათას დაიჭერდნენ და ციხეში მოკვდებოდა. სანამ ამ სახლს ააშენებდა, მითხრა: ისეთ სახლს ავაშენებ, სოფელს აჯობებსო. მართლა აჯობა, ბაბო, მართლა აჯობა!. 4 წელი დამთავრდა, რაც დათა აღარ მყავს... ეჰ, გვერდი მტკივა ამ ბოლო დროს. კიდევა, რომ ვიტირებ ხოლმე, წნევა მეწევა. ამიტომ აღარა ვტირი. მე რომ რამე მომივიდეს, აქაურობას რუსები დაიკავებენ. არ ვაღირსებ, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ მაგათ გულის გასახეთქადა! შვილი და შვილიშვილები მეხვეწებიან, თბილისში წაგიყვანთო. მე რომ მათ გავყვე, ბაბო, რომ წავალ ჩემს დათასთან, რა პასუხი გავცე? მე მის თხოვნას ვასრულებ... ერთი კვირის წინ რუსებმა ჩემს სახლთან გაიარეს, შემეშინდა, მაგრამ მაინც გავძახე, აქ რა გინდათ, წადით აქედანა-მეთქი! წავიდნენ, ბაბო, წავიდნენ, მაგრამა მაინც მეშინია. სანამ დათა ცოცხალი მყავდა, მეორე სართულზე გვეძინა, ეხლა პირველზე მძინავს. მეშინია არ ისროლონ მაგ ოხრებმა. იცი, ბაბო, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დათამ წერილი დამიტოვა. წერილში ეწერა, რომ მე აქ უნდა დავრჩენილიყავი და ხოდა, აქა ვარ ბაბო, აქა და კიდევ დიდხანსა ვიქნები!.. წადით ახლა, ბაბო, შეიძლება აქ ახლა, ბუჩქებთან, რუსი მესაზღვრეები ჩუმად ზიან და გიყურებენ, გვისმენენ. წადით, ბაბო, წადით, რაიმე ხიფათი არ შაგხვდეთ, - ცრემლიანი თვალებით დაგვლოცა ვალია ბებომ.
უკან მომავალმა კიდევ ერთხელ გავხედე - ჩვენი მიტანილი ნობათი ძლივძლივობით მიჰქონდა სახლისაკენ...
რუსუნად შიაშმელაშვილი