რა ხდება მაშინ, როცა სესხს ვეღარ იხდი
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
- მოგესალმებით, ჩემს შვილს ბანკიდან სესხი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც ვეღარ იხდიდა და გადაეცა აღსრულებას. ამ თანხას 3 თვეა გაჭირვებით ვიხდით, მაგრამ ახლა გადახდის შანსი თითქმის ამომეწურა. როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოსავალი?
- აღსრულებამდე საქმის მისვლის რამდენიმე გზა არსებობს: აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმე შეიძლება გადაეცეს სასამართლო წარმოების შემდეგ. თუ ხელშეკრულება შეიცავს დათქმას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის შესახებ, იწყება გამარტივებული წარმოება და სასამართლოს გვერდის ავლით ნოტარიუსის გაცემული სააღსრულებო ფურცელი მიდის სააღსრულებო ბიუროზე აღსრულების დასაწყებად. გამარტივებული წარმოების შედეგად, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკება, ანუ კრედიტორსა და მოვალეს შორის მორიგება თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვაზე, ანუ მსესხებლისთვის ადაპტირებული პერიოდულობით გადახდა. რაც შეეხება სააღსრულებო წარმოებას, რომელიც დაწყებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლისა და გამარტივებული წარმოების საფუძველზე, შეიძლება ამის გასაჩივრება, თუმცა გააჩნია კონკრეტულ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კონკრეტული გარემოების შესწავლა.
- შარშანწინ ბანკიდან გამოვიტანე 1000 ლარი, თავიდან ვიხდიდი ჩვეულებრივად, მერე ვეღარ გადავიხადე. დამირეკა იურიდიულმა პირმა და მომთხოვა თანხის შეტანა. შევიტანე დანამატი, თუმცა კიდევ არის დარჩენილი, ახლა სამი თვეა თანხა აღარ შემიტანია, რადგან არა მაქვს საშუალება. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ავიცილო პრობლემები?
- როდესაც ხდება შეფერხება და გრაფიკის მიხედვით ფულადი ვალდებულების შესრულებას მსესხებელი ვერ ახერხებს, აღნიშნულ შემთხვევაში რაც შეიძლება გააკეთოს მხარემ, არის მორიგება, შეუთანხმდეს კრედიტორს მასზე ადაპტირებულ გრაფიკზე, თუმცა კანონით არ არსებობს მავალდებულებელი ნორმა, კრედიტორი აიძულო მსესხებლისთვის სრულად ადაპტირებული გრაფიკი ააგოს.
- ბანკში აღებული მქონდა სამომხმარებლო სესხი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ვეღარ ვიხდიდი, რადგან უმუშევარი დავრჩი. მერე დავიწყე მუშაობა და გადავწყვიტე გადამეხადა. მივაკითხე ბანკს, ვთხოვე ჩამოეჭრათ დაკისრებული ჯარიმები და გამეგრძელებინა გადახდა, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე. ამის შემდეგ ეს საქმე ბანკმა აღსრულებას გადაუგზავნა. იქაც მივედი, დავწერე განცხადება და მივუთითე, რა თანხაც მქონდა ბანკიდან გამოტანილი და ვითხოვე დახმარება, რათა ბანკს გაეწია შეღავათი და დაკისრებული ჯარიმა მოეხსნათ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც გაგზავნა ბანკში განაცხადი, თუმცა აღსრულებამაც უარი მიიღო. იქ რომ ვერაფერს მივაღწიე, ეროვნულ ბანკში შევიტანე განცხადება, იქიდანაც გაგზავნეს ბანკში, მაგრამ კიდევ უარი მომივიდა. ბანკი ითხოვს ამ ორი წლის ვადაგადაცილებული თანხის გადახდას, ეს ჯარიმა და პროცენტები კი იმ სესხზე გაცილებით მეტია, რა თანხაც ბანკიდან მაქვს გამოტანილი. იქნებ განმიმარტოთ, სასამართლოში სარჩელის შეტანას და ბრძოლას აქვს თუ არა აზრი? შემიძლია თუ არა მივაღწიო სასამართლოში მხოლოდ იმის გადახდას, რაც რეალურად ავიღე? თან ვარ სოციალურად დაუცველი, არანაირი ქონება არ ფიქსირდება ჩემს სახელზე, მაგრამ ამ ვალის გამო გამოდის მუშაობას ვეღარ შევძლებ. იქნებ გამოსავალი მაპოვნინოთ.
- აღსრულებამდე საქმის მისვლის რამდენიმე გზა არსებობს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმე შეიძლება გადაეცეს სასამართლო წარმოების შემდეგ, თუ ხელშეკრულება შეიცავს დათქმას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის შესახებ და გამარტივებული წარმოების შედეგად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკება, ანუ კრედიტორსა და მოვალეს შორის მოლაპარაკება თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვაზე, ანუ მსესხებლისთვის ადაპტირებული პერიოდულობით გადახდაზე. თუმცა არ არსებობს იმის ბერკეტი, რომ კრედიტორი აიძულო სამართლებრივად დათანხმდეს მოვალის შეთავაზებულ გრაფიკს, თუ არ ეთანხმება. რაც შეეხება სააღსრულებო წარმოებას, რომელიც დაწყებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლისა და გამარტივებული წარმოების საფუძველზე, შეიძლება გასაჩივრება - ანუ მსესხებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს ჯარიმის ნაწილში დავალიანების შემცირების თაობაზე, თუმცა გააჩნია გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კონკრეტული გარემოების შესწავლა.
- 2018 წელს ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან დედამ აიღო სესხი და ჩემი მეუღლე იყო თავდები. დედა გარდაიცვალა უკვე ორი წელია, მოულოდნელად ჩემს მეუღლეს დაუყადაღეს ანგარიშები, ისე, რომ არც გაფრთხილება მოსულა და არც არავის დაურეკავს. რა შეგვიძლია ამ ეტაპზე გავაკეთოთ იურიდიულად, რათა ყადაღა მოიხსნას, ან თუ შეიძლება ამ თანხის ჩამოწერა? როგორ უნდა მოვიქცეთ?
- რადგან მსესხებელი გარდაცვლილია, აუცილებელია ზუსტი დეტალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია პასუხის გაცემა, ვინაიდან შეიძლება არსებობდეს საკრედიტო ვალდებულებიდან გათავისუფლების არაერთი საფუძველი, რისთვისაც საქმის დეტალური ცოდნაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში სესხი შეიძლება ხანდაზმულიც იყოს. გარდა აღნიშნულისა, როდესაც მსესხებელი გარდაიცვლება, ხდება საკრედიტო ვალდებულების მემკვიდრეზე გადასვლა, თუმცა მემკვიდრეზე ვალდებულებას აქვს თავისი პროცედურა და ვადები, რისი დაცვაც კრედიტორმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს, რათა მოვალის უფლებამონაცვლისადმი მოთხოვნა არ დაკარგოს. მნიშვნელოვანია ასევე თავდებობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა, ვინაიდან თავდების მიმართაც არსებობს კონკრეტული პროცედურა, რისი დაცვაც ევალება კრედიტორს და რისი დაუცველობაც თავდებს ათავისუფლებს ვალდებულებებისგან.
- მოგესალმებით, ბინა, რომლის დაგირავებას ვგეგმავთ, არის ბანკში ჩადებული. ბინის მეპატრონე მეუბნება, რომ ჯერ ბანკში უნდა შევიტანოთ თანხა, დავფარო მისი აღებული ვალდებულება და ამის შემდეგ უნდა წავიდეთ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გასაფორმებლად. წინასწარ თანხის შეტანა ბანკში რამდენად არის საფრთხის შემცველი, ხომ არ დავკარგავ თანხას, საკმარისი იქნება ქვითარი იმის დასამტკიცებლად, რომ თანხა შევიტანე? ასეთ დროს როგორ მოვიქცე? იქნებ მირჩიოთ, ნოტარიუსთან გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დროს რას მივაქციო ყურადღება? შეთანხმებული ვართ 3-წლიან კონტრაქტზე. გირაოს თანხას, 20.000 დოლარს, ვაძლევ ბინის მეპატრონეს, ის კი მეუბნება, რომ ხელშეკრულებაში ჩაიწერება დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ესეც ხომ არ შეიცავს რისკს?
- მსგავს შემთხვევაში სამართლებრივი რისკებისგან თავის დაცვა მხოლოდ გამართული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბინის დაგირავება გულისხმობს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას. მოცემულ შემთხვევაში ხდება უკვე იპოთეკით დატვირთული ბინის მეორედ დატვირთვა, რაც გულისხმობს, რომ პირველი რიგის იპოთეკარი იქნება ბანკი, ხოლო მეორე რიგის იპოთეკარი იქნებით თქვენ. ამიტომ შეგიძლიათ გახდეთ მეორე რიგის იპოთეკარი და შემდეგ სესხის თანხა უშუალოდ თქვენ დაუფაროთ ბანკში, რაც გამოიწვევს პირველი რიგის იპოთეკარის გაუქმებას, ანუ საფუძველი აღარ ექნება ბანკს იპოთეკის გავრცელების. როგორც კი მოხსნის, ერთადერთი იპოთეკარი დარჩებით თქვენ.
- სამი წლის წინ ავიღე სესხი, რამდენიმე თვე ვიხდიდი და მერე ვეღარ გადავიხადე, დამეკისრა ჯარიმები. როგორც გაირკვა, სასამართლო დაუსწრებლად ჩაატარეს, ჩემთვის არც შეუტყობინებიათ. ახლა ვმუშაობ, თვეში 550 ლარი მერიცხება, სასამართლოს შემდეგ სახელფასო ბარათი დამიბლოკეს და ჩამომაჭრეს მთლიანი ხელფასი. გამოდის, ვრჩები საარსებოს გარეშე. ვის მივმართო, შემიძლია თუ არა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ან დაკისრებული ჯარიმების შემცირება, ან გადანაწილება? ბანკს მივმართო თუ აღსრულებას?
- რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს მხოლოდ ახალაღმოჩენილი/ახალგამოვლენილი გარემოებების გამო. რაც შეეხება ხელფასის სრულად დაკავებას, ეგ დაუშვებელია, სააღსრულებო წარმოების თანახმად, აღმასრულებელმა მოვალეს უნდა დაუკავოს საარსებო მინიმუმის ზევით რაც აქვს, ანუ საარსებო მინიმუმის გარდა, კანონით შეუძლია სრულად ჩამოჭრას. ამასთან განვმარტავ, რომ აღსრულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღმასრულებლები მოვალეებს მხოლოდ ხელფასის ნახევარს აჭრიან, ხოლო ნახევრის განკარგვის შესაძლებლობას აძლევენ.