"სამ მზეს თუ ერთად დავინახავდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი" - კვირის პალიტრა

"სამ მზეს თუ ერთად დავინახავდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი"

კანადაში მცხოვრები ზურაბ სანიკიძე­ პირველი იქნება, რომე­ლიც ორივე პოლუსს ავტომანქანით დალა­შქრავს.­ ის ტრანსგლობალური ექსპედი­ციის წევრია და ჯგუფს სატესტო გასვლა უკვე ჰქონდა.­ "გინესის რეკორდის დამყარებას ვგეგმავთ, ჯერ მსოფლიოში ორივე პოლუსზე მანქანით არავინ ყოფილა, თვითმფრინავის გარეშე წრე არავის დაურტყამს ჩრდილოეთიდან სამხრეთით. "ნეტფლიქსი"­ და კიდევ ერთი ინგლისური ტელევიზია მოგვყვება. შეიძლება კიდევ რამდენიმე ტელეარხი დაემატოს. საქართველოდან ჟურნალ National Geographic-საქართველო მოდის", - გვითხრა 2021 წელს ზურაბ სანიკიძემ. თუ როგორი ვითარებაა დღეს, ბატონ ზურაბს სასაუბროდ ისევ კანადაში დავუკავშირდით:

- თავდაპირველად ტექნიკისა და გუნდის გამოცდა იყო. ვიყავით ანტარქტიდაში­, შემდეგ ჩრდილოეთ პოლუსისკენ გავეშურეთ, ძალიან რთული გზა იყო, მანქანაც­ ჩაგვეძირა. საბედნიეროდ, გადმოსვლა მოასწრეს. იქ სქელი ყინულია და ძალიან სწრაფად თუ იმოქმედებ, მოასწრებ გადარჩენას. თუმცა ამ ადამიანმა ძალიან დიდი სტრესი მიიღო... ახლა ყველაფერი მაღალ დონეზეა გათვლილი, უბრალოდ, ვერ დაიწყო ექსპედიცია - ჯერ "კოვიდის", შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეფერხდა. ტექნიკურ პერსონალში რამდენიმე უკრაინელია... ტექნიკის ნაწილი რუსეთშია წარმოებული და მათი სათადარიგო ნაწილების შოვნა გაჭირდა. სხვა ქვეყნებში შევიძინეთ.

- როდის დაიწყება?

- ოფიციალური სტარტი 9 იანვარს ნიუ-იორკიდან გვექნება, ჯერ მიღება გაიმართება თაიმს-სქვერზე, შემდეგ გლობალური ივენთია, ბევრი ქვეყნის მთავრობაა ჩართული. ბიუჯეტიც ძალიან სოლიდურია. 50 ათასი კილომეტრის გავლა მოგვიწევს. მთავარი გუნდის წევრი 8 ვართ, მაგრამ საბოლოოდ 12 ვიქნებით. ტექნიკური­ პერსონალიც ჩაითვლება. ორი მეცნიერი გლაციოლოგი მოგვყვება, ფრანგი და გერმანელი. ჩართულია ცერნი... უკვე მანქანებს აფორმებენ სტიკერებით, ყველა ქვეყნის მონაწილეების დროშებით.

tovli3-1694955842.jpg

- თუ არ ვცდები, საქართველოს ამ პროექტში ჩასართავად იმსჯელეთ.

- აფრიკაში გადატრიალებების ტალღა­ იყო, უსაფრთხოების გარანტიას იქ ვერავინ გვაძლევდა და ამიტომაც საკითხი დადგა ძალიან საშიში ქვეყნებისთვის გვერდი აგვევლო. გუნდს ალტერნატივად შევთავაზე ევროპის შემდეგ საქართველოში წამოსულიყვნენ, საქართველოდან აზერბაიჯანში­, ირანში, საუდის არაბეთში და ა.შ. საბედნიეროდ, საქართველო ჩავსვი პროექტში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პოპულარიზაცია იქნება. ჩართულია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, საავტომობილო ფედერაცია, იმ ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლება, რომლებშიც გაჩერებას ვაპირებთ. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება.­ ყველა ქვეყანაშია ასეთი ღონისძიებები დაგეგმილი­ და ძალიან მიხარია, რომ საქართველოც მოხვდა სიაში.

- ახსენეთ, რომ სატესტო გასვლა ძალიან რთულ ადგილებში გქონდათ.

- დიახ, ძალიან რთული იყო, მაგრამ იმდენად მაღალი დონის ექსპერტები იყვნენ და უძლიერესი ტექნიკა გვყავდა, რომ ყველა სირთულე გადავლახეთ. აღჭურვილი ვიყავით სპეციალური ტანსაცმლით. მინუს 60 გრადუს სიცივეში ყველაფერი ფიზიკის კანონებს ექვემდებარება, ყველას სცივა და იყინება, მაგრამ თუ წესებს დაიცავ, შესაძლებელია ყველაფრის მართვა.

ანტარქტიდა მთლიანად არ მოგვივლია, გადავედით, მანქანები გამოვცადეთ. სამი კვირა იყო გეგმაში, მაგრამ ერთი თვე დაგვჭირდა, რადგან ამინდის გაუარესების გამო ძალიან დიდხანს მოგვიხდა გაჩერება. დაგეგმილი გვაქვს ჩრდილოეთ პოლუსზე ასვლა და გრენლანდიაში ჩასვლა. ყველაზე საუკეთესო პროგნოზი ორი თვეა, მაგრამ შეიძლება სამი ან ოთხი თვეც გასტანოს. ყველაზე რთული მაინც ჩრდილოეთის პირობებია, ძალიან საშიში.

tovli2-1694955842.jpg

- სადაც კი იყავით, თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო?

- ვინც ნამყოფი იყო, მათი მონაყოლით ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ საკუთარი­ თვალით ნანახი სულ სხვა რამეა. თეთრი დათვი თურმე მთლად თეთრი არ ყოფილა. უამრავი დათვი ვნახე. დათვს შეუძლია ადამიანის სუნი 20 კილომეტრზე იყნოსოს, თუმცა მანქანის და ხმაურის ეშინია. მანქანიდან გადასვლის ან აისბერგზე ასვლის დროს დიდი შანსია მოგეპაროს.

ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო, ყინულის გორები როგორ მიცოცავს. ერთმანეთზე გადადიან, რადგან ერთი მხრიდან სხვა დინება აწვება, მეორე მხრიდან სხვა. დაახლოებით ოთხი მეტრის სისქის ყინულები ტყდება და ერთმანეთზე ცოცავენ. ავტობუსისხელა ყინულები სათამაშოებივით აწყდება აქეთ-იქით. იქ თავს მოლეკულასავით გრძნობ, იმხელა ლოდების წინაშე. შეიძლება დღეში ორასი კილომეტრი გაიარო, მაგრამ ყინულმა შეიძლება ასი კილომეტრით უკან წაგიყვანოს, მცოცავი ყინულია და ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს, მათ შორის ჩვენი მოძრაობის საპირისპიროდაც. ძალზე შთამბეჭდავია მზის ჩასვლა-ამოსვლა. სამ მზეს თუ ერთად დავინახავდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მზე ჰორიზონტზე იმდენად დაბლაა, ილუზია იქმნება, თითქოს სამი მზეა - ულამაზესი სანახაობაა. სადაც გაიხედავ, ქვევით ყველაფერი სულ თეთრია, ზევით კი წმინდა ცისფერი. ამ ორ დისკს შორის შუაში დგახარ და მხოლოდ ორ ფერს, თეთრს და ცისფერს ხედავ.

- იგივე ქვეყნები ისევ უნდა გაიაროთ?

- დიახ, შემდეგ გრენლანდიაში დავბრუნდებით. ყველა ადგილი თავისებურად რთულია. ყინულის საფარს ძალიან ბევრი ბზარი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებისგან სატელიტური ინფორმაცია გვაქვს, ბოლომდე მაინც არავინ იცის, სინამდვილეში რა იქნება. ამიტომაც უზარმაზარი სიფრთხილეა საჭირო.

- კანადაში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?

- დიახ, მყავს მეუღლე და სამი შვილი. შვილები სტუდენტები არიან. მეუღლე წარმოშობით რუსია. თითქმის 35 წელია ერთად ვართ. 23 წელია კანადაში ვცხოვრობთ. მეუღლეს ძალიან მოეწონა ჩემი ბებიის გვარი და მეტრეველის გვარზე გადავიდა.