როგორ დავიცვათ თავი თაღლითი ხელოსნებისგან
თაღლითი ხელოსნების მსხვერპლი ნაწილობრივ ყველა ჩვენგანია სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სიტუაციაში, ბოლო დროს კი ერთი ჩემი მეგობარი სხვის ჭერქვეშ შეფარებული უკვე კვირებია იმ მზეთუნახავივით იმზირება ფანჯრიდან, სატრფოს თვეობით რომ მოელის, რომელიც არა და არ ჩანს. ისიც ასე მოელის თაღლით ხელოსანს, რომელიც რემონტის დასრულებას "ერთ კვირაში" შეჰპირდა. ალბათ, გამოცდილი ხალხი იტყვის, თაღლითს რას ელის, რაიმე სხვა იღონოს, ის ან გამოჩნდება, ან არაო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩემს მეგობარს სარემონტო ფული აღარ აქვს, დარჩენილი სამუშაოს ფული წინასწარ გამოართვა ხელოსანმა. ამიტომ "მიწა გათხარა" და მართალია, თავად ხელოსანი ვერა, სამაგიეროდ, მისი ოჯახი იპოვა ზემო იმერეთში. ახლა გაუჩინარებული ხელოსნის დედა, მამა და კიდევ ბაბუა ეფიცებიან, ნუ გეშინია, ჩვენი ბიჭი ისეთი უპასუხისმგებლოც არ არის, როგორიც გგონია, აი, ნახავ, დღე-დღეზე თუ არ გამოჩნდება, რემონტს ჩვენ დაგიმთავრებთო.
ერთი პირობა თავადაც დავიწყე მისთვის გამოსავლის ძებნა. მათ შორის, ელიავას ცნობილ ბირჟაზეც ვიყავი, ეგებ შედარებით იაფად სხვა ხელოსანი ვიშოვო და ადამიანს დავეხმარო-მეთქი, მაგრამ თქვენ არაფერი გეტკინოთ, ხელოსნების ფასები იმდენად არის გაზრდილი, ახლოსაც ვერავისთან მივედი. სამაგიეროდ, აყალმაყალის მოწმე გავხდი: ავტომანქანების შეკეთების ერთ-ერთ ცენტრში მანქანის პატრონი ეჩხუბებოდა ხელოსანს, შე აფერისტო, თუ საქმე არ იცოდი, რატომ არ თქვი, უარესად რატომ დამღუპეო?! მოვაჭრეები ჩაერივნენ გასაშველებლად, მაგრამ ამაოდ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამშვიდებით და ხელოსნის მშრალზე გამოსვლით დამთავრდებოდა, ჩვენში ხომ არავინ იცის ან არ იყენებენ კანონს, რომელიც დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს, ერთსაც პასუხისმგებლობას აკისრებს დარღვევებისთვის და მეორესაც, მაგრამ მაინც დამქირავებელი რჩება დაზარალებული. ხელოსანს კი, ასე ვთქვათ, "წვეთი წყალიც არ ესხმება". არადა, როგორც ავტომანქანების მესაკუთრეები ამბობენ, ზოგიერთმა ხელოსანმა ავტომანქანის კაპოტის ახდაც არ იცის.
მაინც როგორ უნდა მიხვდე, რომ კაცი გწეწავს, თუ ავტომანქანისა არაფერი გაგეგება და მხოლოდ მართვა იცი, ასეთი შემთხვევა ხომ ბევრია? - ვკითხე ჩემს ახლობელს, რომელმაც ავტომანქანა ისე შეიძინა, რომ მართვის გარდა, არაფერი იცის. მან მხრები აიჩეჩა და მითხრა, შევეცდები ისეთი ხელოსანი მოვძებნო, რომელსაც სერტიფიკატი აქვს, მაგრამ მასაც თუ შევატყვე, რომ "დიაგნოზის დასმამდე" კარგა ხანს იყოყმანა, ეგრევე წამოვალო. მოკლედ, ხელოსნის პროფესიონალიზმის გამოცნობა იოლი არ არის, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოგვადგება სახლის რემონტისას: თუ ხელოსანი სანტექნიკოსობის, მლესავის და მღებავის ცოდნას ერთად იჩემებს, სავარაუდოდ, არაფერიც არ იცის, ალბათ, გარდა თაღლითობისა, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირია: ის წინასწარ გთხოვს თანხის ნაწილის გადახდას, როდესაც საქმე არც დაუწყია. მერე კი, როგორც წესი, უჩინარდება: ან "ავტოკატასტროფაში" ხვდება და სტაციონარში მკურნალობს, ან ახლობელი ეღუპება და ქრება. თუ ასე არ მოხდა, ჩათვალეთ, რომ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით და გაგიმართლათ, რომ კეთილსინდისიერი ხელოსანი შეგხვდათ. ასეთებიც არიან, რა თქმა უნდა.
როდესაც თქვენგან ხელოსანი უჩინარდება, ის ახალ მსხვერპლთან არის წასული, რათა მასაც ფული გამოსძალოს თუნდაც ნაწილობრივი სამუშაოს წამოწყების შემდეგ. ასე ჩნდება თაღლითური სქემა, სადაც ერთ-ერთი დამნაშავე, ალბათ, სიღატაკეცაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელოსანმა თავის ქმედებაზე პასუხი არ უნდა აგოს. საქმე კი ის არის, რომ ხელოსნები ხშირად შემთხვევით შოულობენ სამუშაოს. მათ პროფესიას დამცავი მექანიზმი არ გააჩნია. ამიტომ ცდილობენ არც ერთი საქმე არ გაუშვან ხელიდან, ყველგან სცადონ საქმის წამოწყება. ამასობაში დამქირავებელი ზარალდება, ზოგჯერ გამოუსწორებლადაც. მას არავინ იცავს, გარდა კანონისა, რომლის შესახებ არც მან იცის არაფერი და არც ხელოსანმა, მით უფრო, რომ თავად ხელოსანს სულაც არ აწყობს ამ კანონის აღიარება - სანამ ის სამუშაოს ალალბედზე სირბილითა და თაღლითობით შოულობს, სულაც არ სურს, ამ რბოლაში ბარიერები შეექმნას. Aარადა, კანონი არსებობს და აქამდეც არსებობდა, რის შესახებაც იურისტ ნონა ლომთათიძეს ვესაუბრეთ:
- ქალბატონო ნონა, როგორ დავიცვათ თავი თაღლითი ხელოსნებისგან, რომლებმაც უკვე ერთგვარი სექტაც კი შექმნეს?
- ჩვენში მართლაც რთულია დამსაქმებლისა და დაქირავებულის ურთიერთობა, მაგრამ ამაში მხოლოდ ხელოსანი არ არის მთავარი მოქმედი პირი. დამქირავებელმაც არ იცის, რომ არსებობს ხელშეკრულება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, ან იცის, მაგრამ დროის ხარჯვას ერიდება.
- შეიძლება ასეთ დროს დამქირავებელს გაუგო, თუ ხელოსანი ერთი საათით არის საჭირო და ამისთვის ყოველ ჯერზე ნოტარიუსთან მისვლა დაგჭირდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რა მნიშვნელობა აქვს, ეს გაგაგიჟებს თუ ხელოსანი.
- ამ შემთხვევაში ერთსაათიან საჭიროებას არ ვგულისხმობ. მე რემონტზე მოგახსენებთ, რომელიც ხშირად არის დაკავშირებული მატერიალურ თუ მორალურ ზარალთან. ყველა შემთხვევაში ხელოსანთან ურთიერთობაში ნოტარიუსი არ გვჭირდება. არსებობს ხელშეკრულების სპეციალური ბლანკი, რომელიც ინტერნეტშიც შეგვიძლია მოვიძიოთ და ნოტარიუსის ბეჭდის გარეშე, ჩვეულებრივი ხელწერითაც დავადასტუროთ, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა დავიწყეთ. ეს უკვე თავისთავად ფაქტია და ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს (მათ შორის ხელოსნისაც, რომელიც საქმეს პროფესიონალურად გააკეთებს), მით უფრო დღეს, როდესაც უკვე არსებობს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ყველამ შეგვიძლია ზარალის ანაზღაურების მიზნით მივმართოთ, მათ შორის თავად ხელოსანმაც. ამასთანავე, სასურველია, ვიცოდეთ, რომ ხელოსნობის ფასი, სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება, რადგან ყველა სფეროში მუშახელი დეფიციტი ხდება და ზედმეტი ხარჯის გაღება არავის გვაწყობს.