„თითქმის ყველა მოხუცი, რომელსაც ქართველი ბადანტეები უვლიან, ფსიქიკურად დაავადებულია ან ლოგინად ჩავარდნილი“
ნათია ტიკარაძე მეხუთე წელია იტალიის სამხრეთში, რეჯო-კალაბრიაში ცხოვრობს და კარგად იცის, რამდენი დაბრკოლების გადალახვა უწევთ ემიგრანტებს. ნათია მეგობრებთან ერთად ცდილობს დაეხმაროს იტალიაში ახალჩასულ ქართველებს, რომლებმაც ენა არ იციან:
- მე გურული ვარ, ლანჩხუთელი. საქართველოდან რომ წამოვედი, სამ კვირაში მამა გარდამეცვალა! ცხადია, მის დაკრძალავზე ვერ ჩავედი - ეს ისეთი ტკივილია, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოვცემ. ოჯახის და ახლობლების სიშორე ყველაზე დიდი განსაცდელია, რომლის გადატანა ემიგრანტს უწევს, მაგრამ აქ ჩამოსულს არანაკლებ მძიმე პრობლემები ელოდება. ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა კარგად ვიცი, რადგან რეჯო-კალაბრიაში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ზოგიერთ ქალს საქართველოში მცირეწლოვანი შვილები ჰყავს დატოვებული, ოჯახზე ხომ დარდობენ, მაგრამ აქაც იმდენი პრობლემა აქვთ, ლამის თვითმკვლელობამდე მიდიან.
ბოლოდროინდელ შემთხვევებზე გიამბობთ: რამდენიმე დღის წინ დამირეკა ნინომ, 55 წლის მრავალშვილიანმა დედამ, ნათია, მიშველე! სახლიდან გამომაგდეს, 3 კილომეტრი ფეხით ვიარე, რომ მოხუცს არ მოვეკალიო! ამ წესიერმა, მშრომელმა ქალმა იმ ოჯახში მხოლოდ 8 დღე გაძლო და არც ხელფასი (240 ევრო) გადაუხადეს. უფულობის გამო ტაქსიც ვერ იქირავა, მერე ტელეფონიც დაუჯდა და 24 საათის განმავლობაში ვერ ვუკავშირდებოდით. არც ენა იცოდა და არც საბუთი ჰქონდა. დამსაქმებელმა, რომელმაც ასეთ საშინელ ოჯახში შეუშვა, არ მიხედა, როცა ურეკავდა, ტელეფონი გაუთიშა, მეტიც, შეაშინა, პოლიციას თუ დაურეკავ, დაგიჭერთ და საქართველოში დეპორტით გაგიშვებთო. იმ ოჯახიდან რომ არ წამოსულყო, მის ხელფასს დავიბრუნებდით, მაგრამ რადგან წამოვიდა, ვერაფერს გავხდით. ასეთ საშინელ სამსახურებს ქართველი დამსაქმებლები 800-1000 ევროდ ყიდიან. თუ ემიგრანტი აუტანელ პირობებს ვერ გაუძლებს, ამ ფულს ამოიღებენ და იმავე ოჯახში სხვას უშვებენ, ანუ ერთ სამუშაო ადგილს რამდენჯერმე ყიდიან. სარგებლობენ, რომ ახალჩამოსულმა ენა არ იცის და უსაბუთოა. დამსაქმებლები ემიგრანტებზე ბინასაც აქირავებენ: თვითონ 250-300 ევროდ აქვთ ნაქირავები და 15-20 ქალს რომ მიაქირავებენ, წარმოიდგინეთ, რამხელა მოგება რჩებათ.
- გამოდის, ეს ერთი დიდი თაღლითური ქსელია?
- დიახ და ამ ქსელში საქართველოდან წამოსვლამდე ეხვევიან - ე.წ. დამსაქმებლებს ორმაგ ფასს უხდიან, რომ აქ ტაქსი და ღამის გასათევი დაახვედრონ. ტაქსის მძღოლი ჩამოსულებს იმას კი არ ეუბნება, რომ მატარებლით მგზავრობა 60-70 ევრო დაუჯდებათ, ორმაგ და სამმაგ ფასს ახდევინებენ. ზოგიერთ ემიგრანტს საქართველოდან იტალიაში ჩამოსვლა 2 ათასი ევროც უჯდება. ამ ყველაფერს ქართველები კურირებენ იტალიელ დამსაქმებლებთან ერთად. ჩამოსვლისთანავე იწყებენ მათ მოტყუებას: ყოველდღე 10 ევრო მარტო ბინაში უნდა გადაიხადონ. დამსაქმებელი ერთი თვით ან უფრო დიდხანს აჩერებს ბინაში, რომ თითოეულისგან რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღოს. მერე კი ისეთ სამსახურში შეჰყავს, სადაც მოსავლელი მოხუცი ფსიქიკურად დაავადებულია. არის შემთხვევები, როცა ბადანტეს 2-3 ავადმყოფის მოვლა უწევს. თითქმის ყველა მოხუცი, ან ფსიქიკურად დაავადებულია ან ლოგინად ჩავარდნილი. 100-კილოგრამიანი მოხუცი ეტლიდან საწოლში ან საწოლიდან ეტლში უნდა გადაიყვანო - ეს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს...
იყო ასეთი ფაქტი: ახალგაზრდა ქალმა მოხუცი ქალის მომვლელად დაიწყო მუშაობა. სახლში მისი ქმარიც ცხოვრობდა, რომელიც სვამდა და სიმთვრალეში აგრესიული ხდებოდა. თუ ბადანტე ყველაფერს ისე არ გააკეთებდა, როგორც ეტყოდა, მისკენ იწევდა. ბოლოს ხელიც დაარტყა, გამწარებულმა გოგომ დაგვირეკა და იმ ოჯახიდან წამოვიყვანეთ. იმის გამო, რომ გოგონა უსაბუთო იყო, პოლიცია ვერ გამოვიძახეთ. ხშირად ახალბედა ბადანტეს ფულს აკლებენ ან არ უხდიან. ხშირად მირეკავს რომელიმე ქართველი ემიგრანტი და მეუბნება, - სამსახურიდან მაგდებენ და არც ხელფასს მაძლევენო! უმეტესობა ყველაზე აუტანელ სამსახურსაც ვერ ტოვებს, რადგან საქართველოდან ბანკის ვალითაა წამოსული და ისევ ბინაში რომ დაბრუნდეს, დამსაქმებლის ვალიც ემატება. ამის გამო ბევრი სამშობლოში დაავადებული და დანევროზებული ბრუნდება!
- როგორ გადაწყვიტეთ გასაჭირში ჩავარდნილი ემიგრანტების დახმარება?
- მეც ბადანტე ვარ, მაგრამ სხვებთან შედარებით გამიმართლა: ნორმალურ ოჯახში მოვხვდი და საბუთები მომიწესრიგეს. არავინ მეჩხუბება, ტელეფონზე ლაპარაკს არ მიშლიან და ხელფასსაც დროულად მაძლევენ. ჩვენი ჯგუფის შექმნის იდეა ჩემს მეგობარს, ანა ბურდულს დაებადა. ის ემიგრანტების იმედია, "მოსიარულე სიკეთეს" ვეძახი ხოლმე. ვებგვერდიც შევქმენით, სადაც ვაკანსიებს ვაქვეყნებთ. ძალიან გვეხმარება იტალიელი მეგობარი დემეტრიო პიტასიც. ერთად ვცდილობთ დავაბინაოთ და სამსახური ვუშოვოთ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს. ქართველ ემიგრანტებს პატრონი სჭირდებათ: აქ უნდა იყოს დასაქმების ცენტრი, რომელსაც საქართველოდანვე დაუკავშირდებიან, გზის ფულს და მიზერულ თანხას დახარჯავენ და ვალში არ ჩაცვივდებიან. ვალების გამო ბევრი ემიგრანტი იძულებულია საშინელი მოპყრობა, ფიზიკური შეურაცხყოფაც აიტანოს!
- კიდევ რა იგულისხმება "ცუდ მოპყრობაში"?
- ზოგიერთ ოჯახში ბადანტეს საჭმელს ლამის გრამობით აძლევენ, ბანაობაც შეზღუდული აქვთ, ზამთარში კი მოხუცები გათბობის ფულს ზოგავენ და ბადანტეს სიცივეში უწევს ყოფნა. ზოგს დასვენების დღეც არა აქვს. არის ღვთისნიერი ოჯახებიც, რომლებიც ეუბნებიან, რომ დაისვენოს, გაისეირნოს, მაგრამ ასეთი ცოტაა...
მე და ანა სიკეთის ქმნის სურვილმა დაგვაახლოვა - ემიგრანტებს უანგაროდ ვეხმარებით, ვცდილობთ ენის შესწავლაში დავეხმაროთ. ოფისი რომ გვქონდეს, მათ უფლებებს კანონიერად დავიცავდითთ.
- ემიგრანტების ამბავს საქართველოს საელჩო თუ კითხულობს?
- ჯერ არ გვქონია შემთხვევა, ჩვენი სახელმწიფო დაგვხმარებოდა... ახალჩამოსულს დამსაქმებელი თითქმის მთლიან ხელფასს ართმევს. ეს თაღლითური ქსელია და ამის ალაგმვაში მთავრობა უნდა ჩაერიოს, თორემ მარტო ჩვენ ვერაფერს ვუშველით...
- ადრე იტალიაშიც იყო კრიზისი და ემიგრაციაში იტალიელებიც მიდიოდნენ.
- დიახ და მათთვის ბევრჯერ მითქვამს, თქვენც ხომ იყავით ემიგრანტები, თქვენი ქმრებიც ხომ იყვნენ ემიგრაციაში და ოჯახს ასე არჩენდით-მეთქი? - ახლა აქ საშუალო პენსია 500 ევროა, მაგრამ ვინც დიდხანს მუშაობდა, გაცილებით მეტი აქვს - ზოგი მასწავლებელი იყო, ზოგი ექიმი ან იურისტი - ასეთების პენსია 1.500-2.000 ევროა. კარგი დაზღვევა აქვთ, წამლებსაც მიზერული ფასი აქვს. ზოგიერთ წამალს ხანდაზმულებს უფასოდაც აძლევენ. მოკლედ, იტალიაში პენსიონერთა უფლებები მაქსიმალურად დაცულია.
- სამშობლოში ჩამოსვლას თუ ახერხებთ?
- რაც აქ წამოვედი, საქართველოში არ ვყოფილვარ! საახალწლოდ ვაპირებ ჩამოსვლას და წინასწარ ვნერვიულობ, რადგან ჩემს სოფელში თვალცრემლიანი დედა და მამის საფლავი მელოდება.
ხათუნა ჩიგოგიძე