„გიცანი, ქართველი ხარ!..“ ანუ რეალურია თუ არა ქართველებისა და აფხაზების შერიგება - კვირის პალიტრა

„გიცანი, ქართველი ხარ!..“ ანუ რეალურია თუ არა ქართველებისა და აფხაზების შერიგება

შევრიგდებით თუ არა ჩვენ და აფხაზები? რა შეარყევს იმ სიძულვილს, რომელსაც რუსული იმპერია აფხაზეთში ნერგავდა? რეალურია თუ ილუზიაა ჩვენი შერიგების იმედი? - ამ თემაზე სასაუბროდ სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, აფხაზეთის ომის მონაწილეს კახა კვაშილავას მივმართეთ.

- ბატონო კახა, არაერთმა თაობამ უკვე იცის, რომ ომს სიძულვილი მოაქვს, თანაც თქვენ წაგებული ომის მონაწილე ხართ. როგორც მეცნიერი აფხაზებს ხშირად აკრიტიკებთ, მაგრამ ომის მონაწილე კაცი როდის დაფიქრდით, რომ მათთან შერიგება მაინც შეიძლება?

- მახსოვს მომენტი ბათუმის საერთო საცხოვრებელში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც სოხუმის დატოვების შემდეგ 60 ოჯახი შეგვასახლეს. იქ, იმ უძნელეს დღეებში მითხრეს, რომ ჩვენ შორის შერეული ოჯახია, სადაც ცოლი სუფთა აფხაზია. მახსოვს, როგორ გადამესხა იმ მომენტში ცივი წყალი როგორც მეომარს, თუმცა ეს იმდენად წამიერი იყო, იქვე დამთავრდა: არც მაშინ, არც წლების შემდეგ ამას იმ აფხაზთან ურთიერთობაზე არ უმოქმედია. განა მარტო ჩემზე, არც იმ ოჯახებზე, რომლებიც იმ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ის აფხაზი ქალი ისევ ბათუმში ცხოვრობს და აფხაზეთშიც ნათესავების სანახავად ხშირად მიდის, მას არასოდეს წინ არავინ გადასდგომია. ქართველებს ყოველთვის გვქონდა აფხაზების მიმართ რაღაც "სხვანაირი" დამოკიდებულება, რაზეც ერთხელ ომში ჩვენს მხარეს­ მებრძოლმა უკრაინელმაც მითხრა, კახა, ქართველები ამ ომს წააგებთო! ეს მაშინ, როდესაც წაგება თითქოს ჰორიზონტზეც არ ჩანდა. რატომ-მეთქი? იმიტომ, რომ ომშიც კი აფხაზებს ისე უცქერით, როგორც ნათესავებს, რომლებთან ერთადაც ცხოვრებას აპირებთ, ისინი კი ისე გიყურებენ,­ როგორც მტრებს, ამიტომ მეტი აგრესია აქვთო. მაშინ ამ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე. გავიფიქრე, ნეტავ ამან რა იცის-მეთქი! მხოლოდ ომის შემდეგ მივხვდი, რომ ის მართალი იყო.

- ამიტომ გეკითხებით, შესაძლებელია თუ არა ჩვენი შერიგება? ჩვენ აფხაზები არ გვძულს, მათ კი რუსული პროპაგანდა ამუშავებდა ჩვენს სიძულვილზე. ამას რა ძალა გადალახავს?

- რეალობა და აზროვნება. ბევრჯერ­ გამიკრიტიკებია, მაგრამ იმასაც ვიტყვი,­ რომ აფხაზები თავისუფალი სულის ხალხია­. სიყალბე არ უყვართ. ჩვენ და ისინი, დაახლოებით 45 წლის ასაკის ზემოთ თაობები, ერთად გავიზარდეთ, საერთო ბავშვობა გვაქვს. ახლა, როდესაც ომის აგრესია ფერმკრთალდება, მიუხედავად ფაშისტური პროპაგანდისა, მათ უკვე შეუძლიათ გაარჩიონ, ვინ იყო გულწრფელი მათთან, ვინ მოატყუა და გამოიყენა. პირადადაც მყავს­ არაერთი მეგობარი აფხაზეთში, უბრალოდ, ბევრი რამ სააშკარაოზე არ გამოგვა­ქვს.

ერთ რამეს გიამბობთ: ომიდან მალევე,­ 90-იან წლებში, მე და ჩემი და ბათუმიდან თბილისში სასწავლებლად გადმოვედით. ერთხელაც ერთ ბნელ, უშუქო ღამეში ვსხედვართ და უცებ ჩემი და ამბობს: ახლა სოხუმის რაიმე ნომერს ავკრეფ, ვნახოთ, რას მიპასუხებენ, როდესაც ქართულ ლაპარაკს გაიგონებენო. ის წლებია, როცა აფხაზეთთან კომუნიკაცია ხაზის ტელეფონებით ისევ შეიძლებოდა. ჰოდა, მიდის ჩემი და ტელეფონთან, კრეფს სოხუმის კოდს, მერე ციფრების შემთხვევით კომბინაციას და რეკავს სოხუმში, იქიდან კი ვიღაც გოგო რუსულად გვპასუხობს: გისმენთ! ჩემი და მას ვიღაც არარსებულის დაძახებას­ სთხოვს, ის გოგო კი ეუბნება, ახლა გასულიაო... მაგრამ ის აფხაზი გოგო ტელეფონს არ გვითიშავს, ყველაფერს ხვდება... საუბარში აჰყვა ჩემს დას და აი, ამ მომენტში ვიგრძენი, როგორ შეერია ჩემი დის ხმას ცრემლი და იმავე წამს ტელეფონის მეორე მხრიდანაც მომესმა ქვითინი: გიცანი, ქართველი ხარ. მესმის ქართული, ძალიან მომენატრა ქართული და დამაკლდა სოხუმშიო...

- ამ ამბის მოსმენა შეუძლებელია ცრემლების გარეშე.

- ამასაც მოგიყვებით: ბებია-ბაბუა ცოცხალი თავით არ გამოგვყვა სოხუმიდან და სიკვდილამდე მათ გუდაუთელი აფხაზი პატრონობდა, თანაც ის კაცი ჩვენი ნათესავი­ კი არ იყო, არამედ ჩვენი შორეული ნათესავის სიძე. ისიც იბრძოდა ომში, როგორც მე. მოკლედ, 2006 წელს ბებიაჩემს ჩვენთან შეხვედრის ნება მისცეს და ის ენგურის ხიდამდეც იმ აფხაზმა ჩამოიყვანა. ჩვენი შეხვედრა მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა, რადგან ბაბუაჩემი უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და ბებია სოხუმში იმ დღესვე უნდა დაბრუნებულიყო. როდესაც ბებიას გაბრუნების დრო დადგა, მითხრა, იმ აფხაზს, რომელმაც აქ მომიყვანა, შენთან შეხვედრა უნდა, ხიდის შუაში გელოდებაო. არ დავმალავ და შემეშინდა, მე ხომ ომში ხელში იარაღი მეჭირა, რაც ნიშნავდა,­ რომ შუა ხიდზე აფხაზებს შეეძლოთ ტყვედ ავეყვანე, მაგრამ არც ის შემეძლო ბებიასთვის უარი მეთქვა, ამიტომ ხიდზე გადავყევი. ხიდის შუა ნაწილზე მაღალი აფხაზი იდგა, რომელმაც მიახლოებისთანავე ხელი გამომიწოდა და მეც შევაგებე. ამ დროს მითხრა, მე ვიცი, შენ ვინ ხარ, შენც იცი მე ვინ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ვიმეგობროთო. ამით ის ჩემთვის მორალურად გმირი გახდა და არის ახლაც, მით უფრო, რომ გუდაუთელი­ აფხაზია. გუდაუთელი აფხაზები რადიკალურად განსხვავდებიან ოჩამჩირელებისაგან, ისინი ქართველებთან უფრო დაახლოებული იყვნენ. ეს ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო, გუდაუთელები სხვა აფხაზებისაგანაც ჩაკეტილად ცხოვრობდნენ.

- რატომ? მიზეზი რა არის?

- რელიგიური თავისებურებები. გუდაუთელები მუსლიმანები არიან. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დანარჩენ აფხაზებთან­ არც ქორწინდებოდნენ, უფრო ჩრდილოკავკასიელები ერჩივნათ. ეს ტენდენცია ომის შემდეგ ნაწილობრივ შეიცვალა, როდესაც აფხაზეთის ქართველებისაგან დაცლამ აფხაზებს ოჯახის შექმნა გაურთულა. ამიტომაც დაიწყო რელიგიური სხვაობის მიუხედავად აფხაზთა ამ ორ ჯგუფს შორის ქორწინებები. აფხაზეთში მომრავლდა აფხაზურ-სომხური ქორწინებებიც. ახლა იქ სომეხი მოსახლეობა ყველა ეთნიკურ ერთეულზე­ მეტია, რასაც აფხაზები მალავენ. შემდეგ მოდიან რუსები, ბოლოს კი აფხაზები, რაც ასევე ნიშნავს, რომ აფხაზების მომავალს კითხვის ნიშანი აქვს დასმული. მაგალითად, სოხუმის მეათე საშუალო სკოლა მთლიანად აფხაზური იყო, მაგრამ წელს პირველკლასელები ვეღარ მიიღეს. სხვათა შორის, აფხაზები ოსებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ასიმილაციის პროცესიც აწუხებთ და თავისუფლების ხელყოფაც. საშინელი პროტესტი იყო სოხუმის ე.წ. პარლამენტში, როდესაც რუსებმა სოჭის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ აიბგას მთის ნაწილი კრასნოდარის მხარეს მიაკუთვნეს. ამჟამად ისევ დიდი მღელვარებაა ბიჭვინთის აგარაკების რუსებზე გასხვისებასა და მიწის გასხვისების შესახებ კანონის მიღებაზე. თუ ახალი კანონი მიიღეს, აფხაზეთში მიწის შეძენის უფლება უცხოეთის მოქალაქეებსაც ექნებათ, რაზეც აფხაზები გიჟდებიან, იციან, რუსებს­ დიდი ფული აქვთ და ეშინიათ მთელი აფხაზეთი არ შეისყიდონ. ამას ემატება სიღატაკე. აფხაზებმა ერთ დროს ულამაზესი სამთავრობო შენობაც კი ვერ აღადგინეს, ამბობენ, სპეციალურად ვტოვებთ ასე, როგორც ქართველების აგრესიის ნიშანსო. არადა, ეს ტყუილია. სინამდვილეში ის ფული, რასაც სამოწყალოდ რუსეთი აძლევთ, პენსიებსა და მცირე ხელფასებს ხმარდება. ამ სიღატაკეს აფხაზთა უდიდესი ნაწილი გაურბის და რუსეთში ან სხვაგან ითქვიფება ოჯახებიანად. დანარჩენი, ვისაც წასვლა არ შეუძლია, კრიმინალსა და ნარკომანიაში ებმება - ანუ დაწყებულია ერთგვარი მეორე მუჰაჯირობა. პირველი XIX საუკუნეში იყო, როდესაც რუსებმა მუსლიმანი აფხაზობა იძულებით მოიშორეს.A ახლა ნებაყოფლობითი მუჰაჯირობაა. აფხაზები სულ 100 000-იც კი არ არიან, ანუ გლდანის მოსახლეობის ნახევარიც კი (გლდანში დღეს 200 000 კაცი ცხოვრობს). აფხაზები ხვდებიან, რომ რუსებმა მოატყუეს, საკუთარი მიზანი შეასრულეს და ქართველი მოსახლეობა აფხაზეთიდან მათივე ხელით გარეკეს, თან ომში აფხაზობაც გაწყდა. სანაცვლოდ რა მიიღეს? არც არაფერი, რუსი რომ აფხაზეთს კავკასიის შვეიცარიად გადაქცევას ჰპირდებოდა, სულ ტყუილი აღმოჩნდა და მხოლოდ გაჭირვება მიიღეს. ეს ხალხი ბრმა კი არ არის, ეს ვერ დაინახოს, თანაც მოდიან გაჩახჩახებულ თბილისში, ბათუმში, თუნდაც იქვე, ზუგდიდში, სადაც ყველაფერი შეცვლილია უკეთესობისაკენ... ბევრ აფხაზს საქართველოში ნათესავებთან ბავშვები ჩამოჰყავთ და კვირების განმავლობაში ტოვებენ. ცხადია, ამ ბავშვებს აზრად არ მოუვათ, რომ ქართველი­ მათი მტერია. ერთადერთი ერი, რომელიც აფხაზობისა და მისი ენის შენარჩუნებაზე მართლა ზრუნავს, ქართველები ვართ. სოხუმის უნივერსიტეტი წიგნებსაც კი ბეჭდავს აფხაზურად თარგმნილს და გზავნის აფხაზეთში.

- მადლიერი თუ არიან?

- კი, არიან. ჩვენ გვაქვს კავშირები და ვიცით რომ ასეა. სხვათა შორის, ქართველმა მეცნიერმა თემურ გვანცელაძემ შექმნა­ საერთაშორისო ვებგვერდი "აფხაზეთმცოდნეობა", სადაც იდებოდა ყველაფერი, რაც აფხაზეთზე დაიწერა. ამ გვერდს უამრავი ნახვა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს პროექტის გაგრძელების საშუალება არ აღმოაჩნდა...

- ბევრი მაგალითია იმისაც, რომ უცხოეთში აფხაზები და ქართველები საუკეთესო მეგობრები ხდებიან, ალბათ, იმიტომ, რომ აფხაზები აფხაზეთში გაბატონებული ანტიქართული პროპაგანდისაგან აღწევენ თავს.

- სწორად შეგინიშნავთ. საუკეთესო მეგობრები ხდებიან ის ქართველები და აფხაზებიც, რომლებიც ომში ებრძოდნენ ერთმანეთს. ხწორედ მათ ნახეს ყველაზე მეტი საშინელება და მიხვდნენ, რამხელა ტკივილი მიიღეს ერთმანეთის მტრობით.

ამაზე პირად ამბავსაც გეტყვით: წლების წინ ხუთი ქართველი და ხუთი აფხაზი­ ჟურნალისტი ამერიკაში გახლდით კონფლიქტების თემაზე. ძალიან მწვავე და დაძაბული იყო პირველი დღე, მაგრამ მეორე და მესამე დღის შემდეგ, როგორც კი იმ გარემოდან გარეთ გავედით, სულ სხვანი გავხდით, ერთად ვსადილობდით, დავდიოდით, ვსაუბრობდით სოხუმზე. ყველაფერი ისე უცებ დადგა ადგილზე, თითქოს ომი არც ყოფილა. ამიტომ ვამბობ, შესარიგებლად ის ხალხი უნდა მივიდეს ერთმანეთთან, რომელიც საერთო ნიადაგზეა გაზრდილი. რაც შეეხება "მშვიდობისმყოფელებს", არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ე.წ. შერიგებაზე არიან "დასაქმებული", მაპატიონ, მაგრამ ისინი მხოლოდ აჭიანურებენ ჩვენს შერიგებას. ეს საქმე მათთვის პროფესიად იქცა, შესაბამისად, ფინანსური დაინტერესებაც აქვთ. ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ დამძიმებული ხართ კონფლიქტით და ერთმანეთთან კონტაქტი აღარ შეგიძლიათო, რაც ტყუილია. მათ არ იციან, ჩვენ რა შეგვიძლია.

- ქართული სოცქსელი სავსეა პოლიტიკითა და ერთმანეთის ლანძღვით, აფხაზური სოცქსელების აქტიური თემა რა არის.

- აფხაზურ სოცქსელები ისე თავისუფალი არ არის, როგორც ჩვენია. გულახდილად ვერავინ ვერაფერს დაწერს. სულ ცოტა, სახლში მიაკითხავენ და ყველაზე კარგ შემთხვევაში, დასჯიან. აფხაზები წერენ უფრო სოციალურ პრობლემებზე, სურსათის დეფიციტზე, უწყლობაზე, უშუქობაზე... მათ შუქის თანხას საქართველო უხდის, მაინინგების აპარატებმა კი ელენერგიის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. მაინინგები ვიღაც ბობოლას ეკუთვნის...

აფხაზეთში გაჩნდა ახალი რელიგიური­ პროექტი "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომელიც დააარსა განათლებულმა ახალგაზრდამ დოროთი გბარმა. ის სოცქსელების საშუალებით მოქმედებს აფხაზების ნაციონალურ გრძნობებზე. ამბობს, რომ აფხაზებს არც ქართველები სჭირდებათ, არც რუსები. თუმცა გამორიცხული არ არის, ის მაინც რუსული პროექტი იყოს, რადგან რუსებისთვის მთავარი აფხაზეთში ანტიქართული განწყობის შენარჩუნებაა. იმავე სოცქსელებიდან პატარ-პატარა იმედიც წამოვიდა ადამიანური ურთიერთობის აღდგენისა. მაგალითად, არსებობს გვერდი "გრიფონი" (ეს სახელი აფხაზეთის ცენტრალურ შადრევანს ერქვა), სადაც ოდესღაც ნაცნობები, ყველა ეროვნების ხალხი, ერთმანეთის ამბებს მოიკითხავდნენ.

თუ შორიდან შევხედავთ, საერთო აზრი ისევ ანტიქართულია, მაგრამ თუ ღრმად ჩავიხედავთ, ანტიქართული კედლები დაბზარულია და ბზარებში ქართველებთან მიახლოების სურვილი გამოჩნდა.