"ობლად გაზრდილი იყო, ვისაც იარაღი გაუვარდა ის ლევანის მეგობარია" - რა დეტალები ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ობლად გაზრდილი იყო, ვისაც იარაღი გაუვარდა ის ლევანის მეგობარია" - რა დეტალები ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა დატრიალდა კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში. 33 წლის ლევან შიშნიაშვილი მეგობართან და თანასოფლელ ბიჭთან ერთად ფრინველზე სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც მის მეგობარს მოულოდნელად ტყვია გაუვარდა, რომელიც შიშნიაშვილს თავის არეში მოხვდა და ბიჭი ადგილზე დაიღუპა. პოლიციამ უკვე დააკავა დანაშაულში მხილებული პირი, არსებული ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს. ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს, რომელიც შეესწრო ამ საშინელ ტრაგედიას და ისინი უკვე დაკითხეს ძალოვნებმა.

"ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, გლოვობს ყველა. ჩვენი ლევანი, ჩვენი ობლად გაზრდილი ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ლევან შიშნიაშვილია გარდაცვლილი ახალგაზრდა, 33 წლის იყო, დაოჯახებული არ იყო, ძალიან მშრომელი ადამიანი. ვისაც იარაღი გაუვარდა ის ბიჭი ლევანის მეგობარი, მისი სტუმარი იყო, მგონი კასპიდან არის ის ბიჭი. ძმაკაცობდნენ და დღეს დილით წასულან ერთად სანადიროდ. მათთან ერთად ყოფილა კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი ახალგაზრდა. სამნი იყვნენ, სავარგულებში, მინდორში დატრიალდა ეს უბედურება. დაახლოებით 8-ის ნახევარიდან 8 საათამდე პერიოდში. ლევანი ბავშვობიდან ნადირობდა, ძალიან უყვარდა ნადირობა, იარაღიც ჰქონდა და წასულან, გაუვარდა ტყვია მეგობარს და დაიღუპა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ძვირფასი ადამიანი. ობლობაში გაიზარდა და სამწუხაროდ ობლის კვერი ვერ გამოცხვა. მამა გარდაეცვალათ ადრეულ ასაკში, დედა შეზღუდული შესაძლებლობისაა, ორი ძმები ნათესავების დახმარებით გაზარდა დედამ. მეზობლების, ნათესავების, ჩვენი დახმარებით გავზარდეთ ორი კარგი ბიჭი და ახლა ეს დაგვატყდა თავს. მისი ძმა დაოჯახებულია, ლევანი დასაოჯახებელი იყო, მეურნეობა აქვს სოფელში, ვენახებიც აქვს და ადგილმამულები, სულ შრომობდა. უბედურება გვჭირს ჯიმითში, ძალიან განვიცდით ამ ამბავს. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი უკვე დაკითხვაზე ყავდათ ლევანთან ერთად მყოფები. როგორც მითხრეს, ის მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი. ახლო მანძილიდან არის ტყვია მოხვედრილი და საუბედუროდ ადგილზე გარდაიცვალა. კარგი მეგობრები ყოფილან, ძმაკაცობდნენ. დღეს ლევანს რთველი ჰქონდა, უნდა მოეკრიფათ ყურძნის ნაწილი. დილით რადგან ნამიანი იყო ვენახები, უთქვამთ, სანამ ნამია და შეშრება ჯერ გავიაროთ სანადიროდ, მოვასწრებთ ნადირობასო, წასულან და ეს ამბავი დატრიალდა. ძალიან განვიცდით. ახლა ექსპერტიზაზეა გადასვენებული და სახლში ჯერ არ მოუსვენებიათ, საწყალი დედამისი რას მოესწრო", _ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

(სპეციალურად საიტისთვის)